ეკონომიკური ძალადობა / თანასწორობის პოლიტიკა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: ქალები კაცებზე მეტს მუშაობენ

საშუალოდ, ქალები დღეში კაცებზე 50 წუთით მეტს მუშაობენ, წელიწადში კი – დაახლოებით 39 დღით მეტს, ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში.

როგორც ანგარიში გვაუწყებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე მსოფლიოში მომუშავე ქალთა რიცხვი დაახლოებით მეოთხედი მილიარდით გაიზარდა, თუ სამუშაო ადგილზე გენდერული უთანასწორობის სრული მოსპობისთვის გაწეული ძალისხმევა არსებული ტემპებით გაგრძელდება, ამ პრობლემის მოგვარებას სულ ცოტა 170 წელი დასჭირდება.

მოხსენებაში გათვალისწინებულია „აუნაზღაურებელი“ მუშაობა სახლში, რომელსაც ბევრი ქალი ყოველდღიურად ასრულებს. წელიწადში 39 დღის საშუალო დაანგარიშებისას, მკვლევარებმა ეს ფაქტორიც გაითვალისწინეს.

ცალკეულ ქვეყნებში, მაგალითად ინდოეთში, პორტუგალიასა და ესტონეთში, ქალები წელიწადში კაცებთან შედარებით 50 დღით მეტს მუშაობენ. მეორე მხრივ, ზოგიერთ ქვეყანაში სახლში ქალის მუშაობის ჩათვლით პირუკუ ტენდენციაც შეინიშნება: იაპონიასა და ნიდერლანდებში კაცები საშუალოდ დღეში ქალებზე ნახევარი საათით მეტს მუშაობენ.

დიდ ბრიტანეთში ქალები წელიწადში კაცებზე 12 დღით მეტს მუშაობენ.

რაც შეეხება ანაზღაურებად სამუშაოს: საშუალოდ, კაცები აქ ქალებთან შედარებით 39%-ით მეტად არიან დაკავებულნი.

როგორც 2014 წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, გასული ათი წლის მანძილზე, მსოფლიოში გენდერული თანასწორობა ბევრად საგრძნობი გახდა, რადგან ქალებს პოლიტიკასა და საქმიან სამყაროში მოღვაწეობის მეტი შანსი გაუჩნდათ.