სექსუალობა / სტატიები

ნათია ჩიქოვანი – მოდელი, რომელიც ქალის სილამაზის არანაირ სტანდარტს არ აღიარებს

გარდა იმისა, რომ უკვე მრავალი წლის მანძილზე ჰობის სახით მოდელად მუშაობს, მარკეტინგის მენეჯერია საქართველოში საცალო ბიზნესის სფეროში მომუშავე საერთაშორისო კორპორაცია ICRში. მოდის სამყაროში ტრიალი ბევრი ქართველი გოგონას ოცნებაა, მაგრამ ნათია ჩიქოვანის ინტერესები ბევრად შორს მიდის. იგი აქტიურად არის ჩართული საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ მიმართულ მოძრაობასა და სამოქალაქო აქტივიზმში. ნათიას მოკლე დახასიათება შემდეგნაირად შეიძლება: მოდელი, რომელიც ქალის სილამაზის არანაირ სტანდარტს არ აღიარებს, მარკეტერი, რომელიც სტერეოტიპებს ებრძვის, ფემინისტი, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს.

თქვენი საქმიანობით ისეთ სფეროებს უკავშირდებით, სადაც ქალის სხეული, ზოგადად ქალის პერსონა ძლიერ ობიექტივიზაციას ექვემდებარება. როგორ უთავსებთ ერთმანეთს ფემინიზმსა და სამსახურს?

მართალი ხართ: მარკეტინგი არის ერთ-ერთი სფერო, სადაც ქალის ობიექტივიზაცია ძალზე გავრცელებულია. საზოგადოებაში აქედან უამრავი არასწორი ღირებულება და სტერეოტიპი ვრცელდება. როგორც მარკეტერიც და როგორც მოდელიც, ჩემს პირად საქმიანობაში მაქსიმალურად ვცდილობ, ამგვარი რამ არ დავუშვა არც შეკვეთებში, არც რეკლამებში. საქართველოში მარკეტინგის ბაზარზე უამრავი ხარვეზი არსებობს, თუნდაც გაუცნობიერებელ დონეზე. როდესაც ქალის ობიექტივიზაცია გაცნობიერებულად და გამიზნულად ხდება (მაგალითად, სარეცხი ფხვნილის რეკლამირებისას აუცილებლად ქალი მომხმარებლის აქცენტირება), რასაკვირველია, ამის კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ. ძალიან რთულია, საზოგადოებაში უკვე მიღებულ ნორმებს ებრძოლო მაშინ, როდესაც დაქირავებული პერსონალი ხარ და ეს სამუშაო შენი შემოსავლის წყაროა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს პრინციპებს მაინც არ ვღალატობ.

თქვენი საქმიანობის მეორე სფერო, მოდის და ზოგადად სილამაზის ინდუსტრიაც არანაკლები დისკრიმინაციულობით გამოირჩევა ქალის მიმართ. სამწუხაროდ, თუნდაც სილამაზის კონკურსებში მონაწილე ქართველი გოგონებისგან ხშირად გვსმენია, რომ მათი მთავარი მიზანი „სარფიანი გათხოვებაა“…

პირველ რიგში, სილამაზის კონკურსებს სამოდელო საქმიანობისგან განვაცალკევებ. სილამაზის კონკურსები არანაირად არ ემსახურება სამოდელო ბიზნესში კარიერის აწყობას. არც ერთი ცნობილი მოდელი სილამაზის კონკურსით არ აღმოუჩენიათ. სილამაზის კონკურსის იდეა საქველმოქმედო და სოციალურ სამუშაოებზე ორიენტირებული ღონისძიებებია. აქ გამარჯვებული გოგონებიც ძირითადად ერთი-ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და გარკვეული სახის საქველმოქმედო საქმიანობით არიან დაკავებულნი. პირადად მე ყველანაირი სილამაზის კონკურსის წინააღმდეგი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანები გარეგნული თვისებებით არ უნდა ფასდებოდნენ. შესაბამისად, იმ გოგონებთან, რომლებიც სილამაზის კონკურსებში იმიტომ იღებენ მონაწილეობას, რომ „სარფიანად გათხოვდნენ“, არანაირი შეხება არ მაქვს. პირადად მე ზოგადად სილამაზის კონკურსების არსებობის წინააღმდეგიც კი ვარ.

საზოგადოებაში არანაკლები სტერეოტიპული ხედვები არსებობს სამოდელო საქმიანობის მიმართაც…

ძირისძირობაშივე არასწორი თვალსაზრისია, როდესაც მიჩნეულია, რომ მოდელები „ლამაზები“ უნდა იყვნენ. მოდელის კრიტერიუმი მაინცდამაინც „სილამაზით“ არ განისაზღვრება. მოდელი უნდა იყოს ძალიან გამხდარი, არ უნდა ჰქონდეს ზედმეტად დიდი ზომის მკერდი და ა.შ. საერთოდ არ არის აუცილებელი, იგი „ლამაზი“ იყოს, უბრალოდ, იგი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს – ტანსაცმლის ჩვენების დროს იგი ჰგავს საკიდს და იდეაში ტანსაცმელს ექცევა ყურადღება. თუმცა, ხშირად მოდელის ვიზუალზეც კეთდება აქცენტი. პირადად მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ზომა-წონის სხეული ლამაზია, მთავარია, ადამიანი თავს ჯანმრთელად და კომფორტულად გრძნობდეს. სხვა ყველაფერი დანარჩენი ინდივიდუალური გემოვნების საკითხია, სხვა არაფერი. ვისაც როგორ სურს, ისე უნდა იცხოვროს, ისე უნდა ჩაიცვას და ისე უნდა გამოიყურებოდეს.

natia

ქართველი ქალები გარეგნობის გამო ერთმანეთს ძალზე ხშირად აბულინგებენ. ამ დროს როგორი რეაქცია გაქვთ ხოლმე?

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემი რისხვა პიკს აღწევს. სამწუხაროდ, როდესაც ვბრაზობ, სათქმელის არგუმენტირებულად ჩამოყალიბებას ნაკლებად ვახერხებ (იცინის, შ.გ.). არადა ეს მართლაც ისეთი შემთხვევაა, როდესაც სიბრაზის დაოკება მართლა ძნელია. როდესაც ჩემი თანდასწრებით სილამაზის გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობა-შეუსაბამობაზე საუბარი იწყება, ყოველთვის ვცდილობ, თანამოსაუბრეები დავარწმუნო, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, მოგონილი, სხვადასხვა ბიზნესების ინტერესების გამატარებელი, და რომ სილამაზე ზოგადად ძალიან, ძალიან სუბიექტური ცნებაა. შეუძლებელია, ერთი ადამიანისთვის ლამაზი ადამიანი ყველასთვის ლამაზი იყოს, ან ულამაზო – ულამაზო. ეს რომ ასე იყოს, სამყარო სხვანაირად იქნებოდა მოწყობილი.

რა გარემოში ჩამოყალიბდა ნათია ჩიქოვანი – მოდელი, რომელიც ქალის სილამაზის არანაირ სტანდარტს არ აღიარებს, მარკეტერი, რომელიც მთელი არსებით ებრძვის სტერეოტიპებს, ქალი, რომელიც ქალთა უფლებების აქტივისტია?

როგორც წესი, არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის, არამედ ადამიანში ზოგადად დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას გარემო და ინფორმაცია უწყობს ხელს. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არც მაქვს. განსაკუთრებულ გარემოში არასოდეს მიცხოვრია. გენდერის კუთხით ინფორმაციაც დიდად ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა ჩემთვის. ზოგადად, სამართლიანობის შინაგანი, გამძაფრებული მოთხოვნილება მაქვს. ალბათ, ეს სამართლიანობა ჩემთვის იმდენად ასოცირდება თანასწორობასთან (არა მხოლოდ გენდერის კუთხით), რომ შესაძლოა, ჩემს ინტერესებსაც ეს განაპირობებდეს…

თქვენი ქორწინება ტელეწამყვან ლუკა ჭოჭუასთან მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში დიდი ხნის მანძილზე მოექცა. ქორწინება და ქორწილი ჩვენში საკრალური თემაა, რომელიც ბევრ გენდერულ სტერეოტიპსა თუ დისკრიმინაციულ მიდგომას იტევს. როგორ მოახერხეთ ამ სტანდარტული და გაცვეთილი ცნებების ახალი, სრულიად განსხვავებული კონოტაციით დატვირთვა?

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლუკას ხელი ვთხოვე. ამით ხაზი გავუსვი, რომ არ არსებობს საკითხები და ქცევის პატერნები, რომელზეც უფლება მხოლოდ კაცს აქვს. ქალისგან ამას საზოგადოება „არ ელის“ და „მიზანშეწონილად არ მიიჩნევს“. ამით ხაზი გავუსვი – დაქორწინების გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანის ცხოვრებაში, რომ მისი მიღება მხოლოდ კაცის საქმე არ უნდა იყოს. ბევრჯერ მინახავს გოგო, რომელსაც თავის რჩეულზე დაქორწინება სურს, მაგრამ მისგან პირველი ნაბიჯის გადადგმას ელის და ქორწინებაზე არ საუბრობს. თუმცა, ჩემს შემთხვევაში, დაქორწინების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიმიღია, ეს ორივეს გვინდოდა. მანამდე ერთად ვცხოვრობდით. ჩვენში ქორწინების გარეშე თანაცხოვრების ამგვარი გამოცდილება უცხო მოვლენაა და ძირითადად უარყოფითი კონოტაცია გააჩნია. მე ყველგან და ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ დაქორწინება არ მსურდა. რასაკვირველია, ეს რთული გასაგები იყო განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანებისთვის, მაგრამ მე ჯიუტად ვიმეორებდი, რომ ცოლ-ქმარი არ ვიყავით, უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით. ისე მოხდა, რომ ერთად ცხოვრების კონკრეტულ ეტაპამდე, დაქორწინებამდე, თავისით მივედით. ქორწინებაშიც მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ურთიერთობა თანასწორია, მე შემიძლია, ვიყო პირველი, ვინც საკუთარ რჩეულს დაქორწინებას შესთავაზებს.

წარმოუდგენელია, სტანდარტული ყოფილიყო თავად ქორწინების ცერემონიაც…

რასაკვირველია, არა (იცინის, შ.გ.). დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი ქორწილი ახალგაზრდებზე ორიენტირებული იყო – ყოველგვარი ფსევდოეროვნული, დამახინჯებული „თამადური“ ტრადიციებისგან თავისუფალი. რაც მთავარია, ამ ფაქტმა ახალგაზრდებში დადებითი ემოციები გამოიწვია. ჩემთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ჩემს ქორწილში სრული იგნორირება გავუკეთე ე.წ. „თაიგულის სროლის“ ტრადიციას. ჩემი აზრით, ამ ტრადიციას ქალის მადისკრიმინირებელი საფუძველი აქვს. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველა ქალის უმთავრესი მიზანი გათხოვება არაა, მაგრამ თუ იგი ამ გადაწყვეტილებამდე მივა, მისი ბედი, თუნდაც სიმბოლურად, ქორწილში დაჭერილმა თაიგულმა კი არა, მან თავადვე უნდა გადაწყვიტოს. ყველა ქალის ბედი მისსავე ხელშია.

xelis-txovna

არადა, რეალურად ქორწინების თუ მიჯნურობის საკითხში ინიციატორი ქალები „ვეფხისტყაოსანშიც“ არ გვიკვირს. თუმცა, თანამედროვე ქართველი ქალისთვის ზოგადად ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ეკონომიკური დამოკიდებულების პრობლემას უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, ჯერ მამის, შემდეგ ქმრის ოჯახში „დაბმულ“ ქალს აქვს თუ არა საკუთარი სვე-ბედის განკარგვის შანსები?

რაც შეეხება „ვეფხისტყაოსანს“, წმინდა კულტურული ტრადიციის თვალსაზრისით, სინამდვილეში ქალის დომინაცია არავის მოსწონს. ეკონომიკურად დამოკიდებული ქალის მდგომარეობა კი მართლაც ძალიან რთულია. მე ძალიან გამიმართლა, ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი ხელს მიწყობს და მაძლიერებს. პირველ რიგში, ქალმა უნდა გაიაზროს, რა სურს. თუ თავისუფლება, თანასწორობა და დამოუკიდებლობა სურს, ალბათ ძალზე ბევრი რამის დათმობა მოუწევს. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს განათლების მიღებას. გარდა ამისა, ოჯახის შექმნისას, მან თანამოაზრე უნდა მოძებნოს. მჯერა, რომ ამგვარი რამ სავსებით შესაძლებელია, თუნდაც რეგიონებში. დაქორწინების გადაწყვეტილების მიღებისას იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ცხოვრების თანამგზავრი მის უფლებებს პატივს სცემს. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით არა მხოლოდ ქალები, არამედ კაცებიც უნდა გაძლიერდნენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი სულაც არ არის. ჩვენს ცხოვრებაში ძალზე ბევრი რამ იმიტომ არ ხდება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები ბოლომდე არ მიგვყავს, სირთულეების გადალახვის გვეშინია და დასახული მიზნის განხორციელებას შუა გზაზე თავს ვანებებთ. მე ვფიქრობ, რომ გამორიცხულია, ცხოვრების გზაზე რაღაც ძალიან გინდოდეს და არ გამოგივიდეს.

ესაუბრა შორენა გაბუნია

გარეკანის ფოტოს ავტორი ზური ქავთარაძე