თანასწორობის პოლიტიკა

ნორვეგიის მინისტრმა ცოლის კარიერის გამო პოსტი დატოვა

ნორვეგიის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა კეტილ სოლვიკ-ოლსენმა (Ketil Solvik-Olsen) პოსტის დატოვება გადაწყვიტა იმ მიზეზით, რათა ცოლს კარიერულ წინსვლაში დახმარებოდა.

“შესანიშნავი იქნებოდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის პოსტზე მუშაობა, თუნდაც მთელი ცხოვრება, მაგრამ ახლა ის მომენტი დადგა, როცა ჩემმა ცოლმა თავისი ოცნება უნდა აიხდინოს”, – განაცხადა მან.

46 წლის კეტილის თქმით, იგი მეუღლესთან და ორ ბავშვთან ერთად აშშ-ში გადადის საცხოვრებლად, რადგან მისმა ცოლმა ალაბამას შტატში მდებარე ბავშვთა უმსხვილეს საავადმყოფოში მუშაობა უნდა დაიწყოს.

“როცა ასეთი ფანტასტიკური შანსი გიჩნდება, ხელიდან არ უნდა გაუშვა. ცოლს ჩემ გამო უამრავი მსხვერპლი გაუღია, ახლა ჩემი ჯერია!”, – დასძინა მინისტრმა.

სოციალურ ქსელებში ნორვეგიის მინისტრის ამ უჩვეულო გადაწყვეტილებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მომხმარებლებმა მისი ამბავი “ღირსეულ და პატივსაცემ ნაბიჯად” და “სხვა კაცებისთვის ფანტასტიკურ მაგალითად” შეაფასეს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად (შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია), ნორვეგია გენდერული თანასწორობის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, ისლანდიის შემდეგ.

nst.com