სექსუალური შევიწროება

ოსკარი – 2018: სამყარო, რომელიც აღარ დაუშვებს ქალთა უფლებების შელახვას

ამერიკის კინოაკადემიის პრემიის, „ოსკარის“ დაჯილდოების 90-ე ცერემონიამ ლოს-ანჯელესში, ქალთა უფლებებზე საუბრის თანხლებით ჩაიარა. ცერემონიას ესწრებოდა მოძრაობა Time’s Up-ის ზოგიერთი ორგანიზატორი – სალმა ჰაიეკი (Salma Hayek), ეშლი ჯადი (Ashley Judd) და ანაბელა შიორა (Annabella Sciorra).

ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლებმა აღნიშნეს, რომ ჰოლივუდში ქალთა უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია მკვეთრად შეცვლილია, და რომ „ცხოვრების უკან დაბრუნება შეუძლებელია“. სწორედ ამ ლოზუნგის ქვეშ ჩაიარა ცერემონიამ.

ცერემონიის წამყვანმა ჯიმი კიმელმა (Jimmy Kimmel), რა თქმა უნდა, ჰარვი ვაინშტაინი ახსენა. ოსკარის ქანდაკებაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ვაინშტაინთან და მისნაირებთან შედარებით, იგი უბრალოდ იდეალური ბიჭია: „ხელები ადგილზე აქვს დაყენებული და კაცურ ღირსებას იფარავს“. „ჩვენ აღარ მოვითმენთ ცუდ ქცევას. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ჩვენ მათთვის მაგალითი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კომიკოსმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ სკანდალებზე.

წლევანდელი ცერემონიის ნამდვილი ფურორი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვებულმა ფრენსის მაკდორმანდმა (Frances McDormand) მოახდინა (სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური, Three Billboards Outside Ebbing, Missouri). კოლეგებისა და ქმრის მიმართ მადლიერების გამოხატვის შემდეგ, მან ოსკარზე ნომინირებულ ყველა ქალს სთხოვა ფეხზე წამოდგომა, მათ შორის დღესდღეობით ერთადერთ ნომინირებულ ქალ ოპერატორს, რეიჩელ მორისონს (Rachel Morrison), და კაცებს მიმართა თხოვნით, დაასაქმონ რაც შეიძლება მეტი ქალი. ფრენსისმა აღნიშნა, რომ კინოინდუსტრიაში მუშაობის 35 წლის მანძილზე, მან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ისწავლა, რისი გაზიარებაც სხვებთან სურს.

როდესაც ფრენსისი პრესის ოთახში შევიდა, მან დაწვრილებით ისაუბრა იმის შესახებ, რომ კონტრაქტის გაფორმებისას, მსახიობებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ გადამღები ჯგუფი შედგებოდეს ორივე სქესის და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისგან.

ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“, გაიმარჯვა ჩილელი რეჟისორის სებასტიან ლელიოს (Sebastián Lelio) დრამამ „ფანტასტიკური ქალი“ – ისტორიამ ტრანსგენდერზე, რომლის როლიც ტრანსგენდერმა მსახიობმა დანიელა ვეგამ (Daniela Vega) შეასრულა.

მთავარი პრიზი, საუკეთესო ფილმისთვის, გადაეცა რეჟისორ გილიერმო დელ ტოროს (Guillermo del Toro) „წყლის ფორმას“.

მთავარ ოსკაროსან ფილმზე ჯიმი კიმელმა ენამოსწრებულად აღნიშნა, რომ თუ კაცები ძველებურად არაჯენტლმენურად მოიქცევიან, ქალები, „წყლის ფორმის“ პერსონაჟის სალი ჰოკინსის მსგავსად, ამფიბიებთან ურთიერთობას ამჯობინებენ.