სექსუალობა

პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს 41%-ით ამცირებს

მკვლევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალების რიცხვი, რომლებსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული ნიშნები გამოუვლინდათ, შოტლანდიაში 41% – ით შემცირდა მას შემდეგ, რაც სკოლებში ვაქცინაციის პროგრამა დაიწო.

ებერდინის უნივერსიტეტში კვლევის ფარგლებში აკვირდებოდნენ ქალებს, რომლებიც პაპილომა ვირუსზე აიცრნენ.

აღმოჩნდა, რომ 2013-2014 წლებში 758 ქალს დასჭირდა გამოკვლევების გაგრძელება, მაშინ როცა მათი რიცხვი 2008-2009 წლებში 1294 იყო.

ვაქცინაციის კამპანია 2008 წელს დაინერგა 12 და 13 წლის გოგონებისთვის.

2008-2010 წლებიდან უკვე უფროსი ასაკის გოგონების ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, რათა კიდევ უფრო გაზრდილიყო დაცული მოსახლეობის რიცხვი.

კვლევის ობიექტი 20 ან 21 წლის ქალები იყვნენ, რომლებსაც კოლპოსკოპიის პროცედურა ჩაუტარდათ. აღნიშნული გულისხმობს საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას იმ შემთხვევაში, თუ პირველადი სკრინინგისას ანომალიური უჯრედები გამოვლინდება.

კარგი ამბავი

კვლევას უძღვებოდა მედიცინის, სამედიცინო მეცნიერებისა და კვების სკოლის პროფესორი მეგი კრიკშენკი ებერდინის უნივერსიტეტიდან.

ის ამბობს: ვიცით, რომ შესაძლოა, პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის მიერ მოტანილი სიკეთის დანახვას 20 წელი დასჭირდეს. პაპილომა ინფექციის დონის შესამცირებლად დროა საჭირო – ვირუსი ანომალიური უჯრედების გამრავლებას იწვევს, მაგრამ ამ მონაცემების მიხედვით უკვე ვხედავთ კოლპოსკოპიის პროცედურისა და  კიბოს წინარე მკურნალობის მნიშვნელოვან კლებას.

ეს შესანიშნავი სიახლეა ქალებისთვის, რადგან ნიშნავს, რომ ქალებს უკვე შეუძლიათ თავიდან აირიდონ კოლპოსკოპიის უარყოფითი გავლენა, როგორც ხანმოკლე, იგულისხმება პროცედურის შემდგომი სისხლდენა და ტკივილი, ასევე გრძელვადიან პერიოდზე – არსებობს მოსაზრება, რომ ქალებში, რომლებსაც კიბოს საწყისი ეტაპის მაჩვენებელი ცვლილებების წინააღმდეგ მკურნალობა დასჭირდათ, ნაადრევი მშობიარობის რისკი იზრდება.

ამგვარად,  აშკარაა, რომ ვაქცინაცია არა მხოლოდ კიბოსგან თავდაცვისთვისაა, არამედ კოლპოსკოპიასთან დაკავშირებული ისეთი რისკების  წინააღმდეგაც, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა.

განსაკუთრებით წამახალისებელი

პროფესორი მარი ან ლუმსდენი, მეანებისა და გინეკოლოგების სამეფო კოლეჯის ვიცე რექტორი აღნიშნავს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოა 35 წლამდე ქალებში.

„დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად 9 ქალს უსვამენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს. საშვილოსნოს ყელის კიბოს არიდება შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკითა და პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით“.

„ჩვენ მოხარულები ვართ ამ არაჩვეულებრივად იმედისმომცემი შედეგების გამო, რომლის მიხედვითაც შემცირდა იმ ქალების რიცხვი, რომლებსაც შემდგომი გამოკვლევებისთვის კოლპოსკოპიაზე აგზავნიდნენ – ეს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამსახურებაა“.

„მოვუწოდებთ  12 და 13 წლის ყველა გოგონას, გაიკეთოს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა“.

bbc.com