სექსუალური შევიწროება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პეტიცია სექსუალური შევიწროვების აკრძალვის მოთხოვნით განსახილველად ერთხმად მიიღო

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა „ქალთა მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი პეტიციის შესწავლისა და განხილვის მიზანშეწონილობის საკითხზე.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კოლეგებს გააცნო პეტიციის არსი, რომელიც ითვალისწინებს მოთხოვნას პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროვება აიკრძალოს, როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში და მსგავსი ქმედება გახდეს დასჯადი.

სოფიო კილაძის თქმით, ეს საკითხი წარმოადგენს გამოწვევას საზოგადოებისთვის, ამიტომ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკითხი განსახილველად. მისივე წინადადებით საკითხი განსახილველად უნდა გადაიგზავნოს გენდერული თანასწორობის საბჭოში, სადაც უნდა მოხდეს საკითხის შინაარსობრივი მომზადება. კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა და ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილი პეტიციის განსახილველად მიღების საკითხს.

წყარო: parliament.ge