პოლიტიკაshe

პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი გენდერული კვოტირების შესახებ

ათასობით ქართველი ქალის იმედი არ გამართლდა – პარლამენტმა კვოტირების შესახებ კანონპროექტი დღეს პირველივე მოსმენით ჩააგდო.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შესატანად საჭირო იყო 75 ხმა. კანონპროექტს 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 14-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

“ორგანული კანონის პროექტი უარყოფილია, მე მინდა განვაცხადო, რომ მომდევნო კვირაში, საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს. იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება, შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ, პრინციპი იქნება იგივე, 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში და რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე ერთი მესამედის წარმომადგენლობა. უმრავლესობის მხრიდან იქნება ინიცირებული ასეთი კანონპროექტი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

დასახელებული კანონპროექტი, რომელსაც ხელი 37 ათასზე მეტმა ამომრჩევლმა მოაწერა, საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებოდათ დაეცვათ სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას დაუბრუნებდა სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლიდა.