სექსუალური ძალადობა

პარტნიორებზე ძალადობაში დადანაშაულებულ მერილინ მენსონს კარიერაში პრობლემები შეექმნა

ამერიკელი მუსიკოსი მერილინ მენსონი ყოფილმა პარტნიორმა ქალებმა გაუპატიურებაში, სასტიკ მოპყრობაში, ფიზიკურ ძალადობაში, მანიპულირებასა და მუქარაში დაადანაშაულეს.

ამა წლის 1 თებერვალს, ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა ევან რეიჩელ ვუდმა ინსტაგრამზე განაცხადა, რომ ბრაიან ვორნერი, რომელსაც მსოფლიო  მერილინ მენსონის სცენური ფსევდონიმით იცნობს, მათი ურთიერთობის წლებში (2007-2010) მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის უამრავ ფორმას იყენებდა.

“ჩემზე მოძალადის სახელი ბრაიან ვორნერია – მსოფლიოში ცნობილი, როგორც მერილინ მენსონი. ჯერ კიდევ თინეიჯერს დამადგა თვალი და წლების განმავლობაში ძალადობდა ჩემზე, ტვინს მირეცხავდა, მანიპულირებდა და მაიძულებდა, დავმორჩილებოდი. ვიდრე კიდევ ვინმეს ცხოვრებას დაანგრევდეს, მინდა, ეს სახიფათო ადამიანი ვამხილო და ისიც ვთქვა, რომ მას ბევრი უწყობდა ხელს. მე იმ მსხვერპლთა რიცხვში ვარ, რომლებიც აღარ აპირებენ გაჩუმებას“, – დაწერა მსახიობმა ინსტაგრამზე.

რეიჩელის ამ განცხადების შემდეგ, მუსიკოსის ძალადობრივი ქმედებების შესახებ სხვა ქალებიც ალაპარაკდნენ. მერლინ მენსონის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, როუზ მაკგოუვენმა ვუდს მხარი აუბა.

“სევდისა და ზიზღის გრძნობას განვიცდი, მაგრამ ამასთანავე ვამაყობ ევან რეიჩელ ვუდითა და სხვა ქალებით, რომლებმაც ჩემი ყოფილი მეგობარი კაცი, მერილინ მენსონი, ამხილეს. ჩემთან იგი მსგავსად არ მოქცეულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდად არ ექცეოდა სხვებს ჩემამდე ან ჩემ შემდეგ. ძალადობაზე ხმამაღლა საუბარს დრო სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ: ვამაყობ ამ ქალებით და ნებისმიერით, ვინც საკუთარი მჩაგვრელის წინააღმდეგ ხმას აღიმაღლებს. მოძალადეები გვართმევენ დროს, გვინადგურებენ სიცოცხლეს, იმედს, ოცნებებს, თავისუფლებას, სექსუალურობას, სიყვარულს. ასევე, მინდა, მივმართო ჰოლივუდში მენსონის დამსაქმებლებს, მის ქმედებებს ლეგიტიმაცია მისცენ. კომპანიები Interscope Records და Sony მის გვერდით იდგნენ, როდესაც მომღერალი ევანს ხვდებოდა. თითოეული პიარ მენეჯერი, აგენტი, ადვოკატი მისი თანამზრახველია. ჰოლივუდი უნდა შევაჩეროთ!”, – განაცხადა ვიდეომიმართვაში მაკგოუვენმა.

მენსონის მხრიდან სასტიკი მოპყრობის ისტორიები გაიხსენა მოდელმა ეშლი ლინსი მორგანმაც: “სახლიდან ნახევრად შიშველს მაგდებდა, თუ დილის სამ საათზე დავიძინებდი. ჭამის, ძილის ან წასვლის ნებას მაძლევდა. თუ ჩამეძინებოდა, ხმამაღალი მუსიკით მაღვიძებდა. თმას მკრეჭდა, კანს მიწვავდა. არ მინდა, ის კიდევ ვინმეს მოექცეს ასე. ისედაც დიდი ხნის განმავლობაში ვგრძნობდი პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ სხვებსაც აყენებდა ტკივილს”.

ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა მუსიკოსის ყოფილმა პირადმა ასისტენტმა ეშლი ვოლტერსმა. იგი იხსენებს, რომ მენსონი თავს, როგორც “საჩუქარს”, სთავაზობდა სექსისთვის ადამიანებს. ეშლი დასძენს, რომ მენსონი მას სამსახურიდან წასვლის შემდეგაც ავიწროებდა.

თავისი ისტორიები აქვს მუსიკოს გაბრიელასაც, იგივე SourGirrrl-ს. ინსტაგრამზე იგი იხსენებს, რომ მენსონს იგი არაერთხელ შეუბოჭავს და გაუუპატიურებია.

“ბრაიან ვორნერს 2015 წელს ერთ-ერთ კონცერტზე, კულისებში გადავეყარე. მაშინ 22 წლის ვიყავი, ის კი – 46-ის. პირველი, რაც მითხრა, ის იყო, რომ ჩემს კბენას აპირებდა. მგონია, წლებია, გიცნობ და შენთან განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობო. შემდეგ კოკაინი შემომთავაზა. მითხრა, ტანზე გამეხადა და მის თვალწინ შხაპი მიმეღო. კულისებიდან გასვლას ვაპირებდი, როცა ტელეფონის ნომერი მთხოვა. როცა მეორედ შევხვდი, სასტუმროს ოთახში ღვინის ბოთლი გატეხა და შუშის ნატეხით ჩემი და თავისი ხელი გაკაწრა, რათა სისხლით გავერთიანებულიყავით. ურთიერთობის დასაწყისში სიმღერებს მიძღვნიდა და მონათესავე სულს მიწოდებდა, მისმა სამყარომ მთლიანად მომიცვა. არაერთხელ შეუბოჭავს ჩემთვის ხელ-ფეხი და გავუუპატიურებივარ”, – იხსენებს გაბრიელა.

ამ პოსტების გამოქვეყნებიდან ერთ დღეში, ხმის ჩამწერი კომპანიის Loma Vista-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მუსიკოსთან თანამშრომლბას წყვეტს და მხარს უჭერს მენსონის ძალადობის მსხვერპლებს. კომპანია მუსიკოსის ბოლო ალბომის (We Are Chaos) რეკლამირებაზე მუშაობდა.

“იმ შოკისმომგვრელი განცხადებების შემდეგ, რაც ევან რეიჩელ ვუდმა და სხვა ქალებმა გააკეთეს, Loma Vista დაუყოვნებლივ წყვეტს მენსონის მიმდინარე ალბომის რეკლამირებას. იმავე საგანგაშო სიტუაციის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ მერილინ მენსონთან თანამშრომლობაზე მომავალი პროექტების ფაგლებშიც”, – განაცხადა კომპანიამ.

სკანდალმა მენსონის სამსახიობო კარიერაზეც იქონია გავლენა. მან ერთ-ერთი როლი შეასრულა სერიალში American Gods, მაგრამ სერიალის მომავალი ეპიზოდებიდან ეს კადრები ამოიჭრება. გარდა ამისა, მენსონს უარი ეთქვა სერიალ Creepshow-ში მონაწილეობაზეც.

2018 წელს ლოს ანჯელესის პოლიცია 2011 წელს მომხდარი სექსუალური ხასიათის დაუდგენელი დანაშაულების გამოძიებას აწარმოებდა. მაშინ მენსონი ეჭვმიტანილთა სიაში იყო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობისა და საქმის ხანდაზმულობის გამო, ამ ამბიდან თავის დაძვრენა მოახერხა.

თავად მენსონი ქალების მიმართ გამოყენებული ძალადობის ყველა ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მის ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველა ქალთან ურთიერთობაში ყველაფერი მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შედეგად ხდებოდა.