ეკონომიკური ძალადობა

პირველად მსოფლიოში, ისლანდიამ შრომის ანაზღაურებაში გენდერული განსხვავება აკრძალა

ისლანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც შრომის ანაზღაურებაში გენდერული განსხვავება კანონით აკრძალა. ეს სიახლე ქვეყანაში ჯერ კიდევ 2017 წლის 8 მარტს დაანონსდა.

1 იანვრიდან, ისლანდიის კანონის თანახმად, ნებისმიერი კომპანია ან სამთავრობო სააგენტო 25 ან მეტი თანამშრომლით, „ვალდებულია, მიიღოს სახელმწიფო სერთიფიკაცია თანაბარი ანაზღაურების პოლიტიკის დაცვის საკითხში“. კომპანია, რომელიც ამ კანონს არ დაიცავს, მკაცრად დაჯარიმდება.

ორგანიზაცია „ისლანდიელ ქალთა უფლებების დაცვის ასოციაციის (Icelandic Women’s Rights Association) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დაგნი ოსკ არადოტირ პინდი (Dagny Osk Aradottir Pind) აცხადებს, რომ დასახელებული კანონი „ქალების და კაცების თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის მექანიზმია“. მისი თქმით, ისლანდიაში უკვე ათობით წელია, მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, წესით, ერთნაირ პოზიციებზე მომუშავე ქალებს და კაცებს თანაბარი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ შრომის ანაზღაურებაში გენდერული განსხვავებები მაინც კვლავინდებულად აქტუალური იყო.

„ძირითადად, კანონმდებლობა მექანიზმია, რომლის გამოყენებითაც კომპანიები და ორგანიზაციები შეფასდება გენდერულად თანასწორი ანაზღაურების გაცემის მხრივ. თუ შეფასება პოზიტიური იქნება, კომპანია სერთიფიკატს მიიღებს“, – განაცხადა მან.

დღესდღეობით, ისლანდიის პარლამენტის 50% ქალებისგან შედგება, ხოლო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ბოლო ცხრა წლის მანძილზე, ისლანდიას ზედიზედ ასახელებენ, როგორც გენდერული თანასწორობის სფეროში ყველაზე დიდი მიღწევების მქონე ქვეყანას, ასევე, როგორც ლიდერს ქალთა პოლიტიკური უფლებების გაფართოებაში და მძლავრ გარანტს შრომის ანაზღაურების საკითხში თანასწორობის საქმეში. ისლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის იგი ქვეყანაში შრომით ანაზღაურებაში გენდერული განსხვავებების სრულად აღმოფხვრას გეგმავს.

„ვფიქრობ, რომ ახლა უკვე, ადამიანები ხვდებიან, რომ ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც ახალი მეთოდებით უნდა გადავჭრათ. ვგრძნობ, რომ ამ საკითხში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ადამიანებამდე იმ იდეის მიტანა შევძელით, რომ ახალი კანონის ამოქმედება იყო საჭირო“, – აღნიშნა არადოტირ პინდმა.