"საფარის" აქტივობები / პოლიტიკაshe

პოლიტიკა ქალების გარეშე – კვოტები, როგორც გამოსავალი

კავშირი „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ, რიგის სამიტზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციის მიერ ევროკავშირ/საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი წარუდგინა. პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ შიდა პროექტის ფარგლებში შეიქმნა (დოკუმენტის სრული ტექსტი იხ. აქ).

დოკუმენტი ეყრდნობა კველვას, რომელიც ეფუძნება გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემებისა  და ინფორმაციის ანალიზს. მასში განხილულია საზოგადოებრივი აზრის კვლევები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარტიებში სავალდებულო კვოტების შემოღების შესახებ. დოკუმენტში მოკლედ არის აღწერილი საქართველოში მიღებული შესაბამისი კანონები და პოლიტიკა, მათ შორის, 2011 წელს დანერგილი პარტიების ფინანსური წახალისების მექანიზმი.

დოკუმენტით დგინდება, რომ მთავრობის მიერ გატარებული ზომები არაეფექტურია, რადგან  ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში, ისევე როგორც მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში, შემაშფოთებლად დაბალია. დოკუმენტი ამტკიცებს, რომ საქართველოში გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ მიმართული კანონებისა და პოლიტიკის არაეფექტურობა აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას. კონტექსტუალური ანალიზით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობამ მკვეთრი ზომები უნდა მიიღოს პოლიტიკაში მამაკაცების და  ქალების თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. დოკუმენტში რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია პარტიებისათვის სავალდებულო გენდერული კვოტების დაწესება საქართველოს საარჩევნო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით, როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და აპრობირებული მეთოდი.

2016-03-30_135025

საქართველოს მოსახლეობის 68% აღნიშნავს, რომ ისინი მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას. კვოტირების მომხრენი არიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ქვეყანაში არსებული მძლავრი ქალთა მოძრაობა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, არც მმართველმა კოალიციამ „ქართული ოცნება“, არც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გამოხატეს ოფიციალური მხარდაჭერა კვოტების სისტემის მიმართ. ამჟამად, ეს თემა გადაუჭრელია და ღიაა შემდგომი დისკუსიისთვის. შესაბამისად, მაღალი პრიორიტეტის საკითხად რჩება სავალდებულო კვოტების ლობირების საჭიროება საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე, ევროკავშირის ჩათვლით.

„საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ოც წელზე მეტია, რაც საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე დაბალია ქალთა წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ და ხელმძღვანელ თანამდებობებზე. არაეფექტური აღმოჩნდა ნებაყოფლობითი ფინანსური წახალისება პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც 2011 წლიდან მიმართულია ქალი კანდიდატების რაოდენობის ზრდისკენ საარჩევნო პარტიულ სიებში, რამდენადაც არც ერთ მმართველ პოლიტიკურ პარტიას არ გამოუყენებია აღნიშნული ზომა. შესაბამისად, ფინანსურმა წახალისებამ პოლიტიკაში ქალების რაოდენობაზე ზეგავლენა ვერ  იქონია. ამჟამად საქართველოში მაღალია საზოგადოების მოთხოვნა ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე: მოსახლეობის 70%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტში ქალების რაოდენობა სულ მცირე, 30% უნდა იყოს. ფინანსური წახალისების არაეფექტურობის გათვალისწინებით, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიც იძლევიან რეკომენდაციას, რომ დაწესდეს სავალდებულო პარტიული კვოტები პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად. აღნიშნული საკანონმდებლო  ცვლილება ისე უნდა შემუშავდეს, რომ პოლიტიკაში ქალთა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაოდენობა უზრუნველყოს (სულ მცირე, 30%), რათა ქალებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედება შესძლონ“, – ნათქვამია ანგარიშში.