ვიდეო

პრესკონფერენცია მირანდა ფაღავას საქმესთან დაკავშირებით

დღეს, ტრანსგენდერ ქალზე მირანდა ფაღავაზე თავდასხმასთან დაკავშირებით, „საფარისა“ და „თანასწორობის მოძრაობის“ პრესკონფერენცია გაიმართა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მირანდა ფაღავა, რომლის ინტერესებს სასამართლოში “საფარი” იცავს, ითხოვს, რომ საქმე კიდევ ერთი მუხლით- 144-ე მესამე პრიმა მუხლით წარიმართოს, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

”28 იანვარს ჩემს საცხოვრებელ სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დამესხა ჩემთვის უცნობი პირი, რომელმაც ფიზიკური და მორალური ზიანი მომაყენა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩამიტარდა ექსპერტიზა. დაზიანების შედეგად მაქვს მხედველობის პრობლემები, ასევე სხეულზე სხვადასხვა ტიპის სისხლჩაქცევები და დალურჯებები. მე ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი ტიპის ინციდენტები არ უნდა ხდებოდეს და ადამიანები განმასხვავებელი ნიშნების გამო არ უნდა იჩაგრებოდნენ. მადლობას ვუხდი ”ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებს, რომლებმაც სასწრაფო დახმარების მანქანა და პატრული გამოიძახეს. თვითონ ინციდენტს არაერთი ადამიანი შეესწრო, რომლებიც გულგრილად უყურებდნენ ამ ყველაფერს და მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. ინციდენტის მერე კი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ვთქვი, თუმცა მეორე დღეს წავედი კლინიკაში. ექიმებმა ორკვირიან წოლით რეჟიმზე მომცეს რეკომენდაცია. მარკეტში შესვლის დროს კი გოგონებს პატრულში დარეკვა ვთხოვე, რადგან ჩემი მობილური ტელეფონი დამჯდარი იყო. ამაზე კი უარი მითხრეს. გარეთ რომ გამოვედი, ეს პირი მაშინვე თავს დამესხა. ბოლოს აიღო სარეკლამო რკინის დაფა და ის ჩამარტყა. მისი შეკავება, საბედნიეროდ, ტაქსის მძღოლმა შეძლო”, – განაცხადა მირანდა ფაღავამ.