პროექტები

პროექტი “სექსუალური შევიწროება: ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება”

„საფარი“ კვლავ უბრუნდება სექსუალური შევიწროების თემას და პროექტით “სექსუალური შევიწროვება: ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება”, ამ საკითხთან დაკავშირებული მასშტაბური საქმიანობების განხორციელებას იწყებს.

პროექტი, რომლის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, 2016 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყება და 2017 წლის 30 აპრილამდე გასტანს.

ქალები ფართო სპექტრის სექსუალურ ძალადობას განიცდიან, იქნება ეს – არასასურველი სექსუალური ხასიათის ყურადღება, მომაბეზრებელი წერილები და სატელეფონო ზარები, თვალთვალი, შეხება, თუ სექსუალური იძულება რომელიც გულისხმობს სქესობრივი კავშირის დამყარებაზე პირდაპირ შეთავაზებას და/ან მის მოთხოვნას გარკვეული ტიპის სარგებლის მიღების სანაცვლოდ.

საქართველოში სექსუალური შევიწროვების სამართლებრივი რეგულირების მცდელობა არაერთხელ იყო,  თუმცა ყველა უშედეგოდ დამთავრდა. სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროვება არც სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტში არ არის შეტანილი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი უკვე რამდენიმე წელია ლობირებს სექსუალური შევიწროების მუხლის შეტანას შრომის კოდექსში. დღეისათვის საკომიტეტო მოსმენები გავლილი აქვს აღნიშნულ პროექტს, თუმცა კენჭის ყრაზე არ გასულა. ამასთან აღსანიშნავია, რომ არსებული პროექტი მხოლოდ შრომით ურთიერთობებს ეხება და არ მოიცავს სექსუალური შევიწროვების სხვა ფორმებს, მაგალითად საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევიწროებას.

პროექტის მიზანია – ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნა. ქალების ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა სექსუალური შევიწროების რეგულირებასთან დაკავშირებით.

პროექტის მიზნის მისაღწევად, “საფარი” ისახავს შემდეგ ამოცანებს:

  1. სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პრაქტიკის კვლევა, საკანონმდებლო პაკეტის მომზადება და შემუშავებული კანონპროექტის მიღების ადვოკატირება;
  2. სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება;
  3. ცნობიერების ამაღლება: პრევენციისა და საზოგადოების მობილიზაციაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება.