"საფარის" საქმეები

პროკურატურამ ომბუდსმენს თამთა თოდაძის საქმის მასალებზე წვდომაზე უარი უთხრა

ომბუდსმენს თამთა თოდაძის საქმეზე წვდომის საშუალება არ გააჩნია. ამის შესახებ თავად დაზარალებული საუბრობს.

თამთა თოდაძე: „გუშინ ეკა სხილაძემ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ომბუდსმენს პროკურატურამ ჩემს საქმეზე წვდომის საშუალება არ მისცა.

მართალი გითხრათ, იმის მოლოდინი ნამდვილად მქონდა, რომ საქმის მასალებში ომბუდსმენს მაინც ჩაახედებდნენ. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, კარგად მახსოვს ხორავას ქუჩის საქმის მაგალითიც. შეიძლება, თავად ამ საქმეს ჩემს საქმესთან დიდი მსგავსება არ ჰქონია, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემსავით გახმაურებული საქმე იყო და ეს ადამიანიც ჩემსავით სამართლიანობას ეძებდა. სახალხო დამცველიც სწორედ სისტემურ ხარვეზთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობს. ამიტომაც მივმართე ომბუდსმენს პირადად მეც – მუდმივად იმის იმედი მქონდა, რომ ჩემი სიმართლე მაქსიმალურად დაცული იქნებოდა.

სახალხო დამცველს მივმართე მაშინვე, როგორც კი ექსპერტიზებს მოვრჩი, ანუ „საფარში“ მოსვლის წინა საღამოს. პროკურატურასთან შეკითხვა მაქვს: რატომ არის ომბუდსმენისთვის მიუწვდომელი ჩემი საქმის მასალები? გამომდინარე საქმისადმი ჩემი მიდგომის სრული გამჭვირვალეობიდან, მომხრე ვარ, აბსოლუტურად ყველაფერი მიმდინარეობდეს სრულიად ღიად, საზოგადოების მეთვალყურეობის პირობებში. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით პროკურორთან არ მისაუბრია, მაგრამ მას აუცილებლად დავუსვამ შეკითხვას ამ უარის თაობაზე“.