ბლოგები / ქალზე ძალადობა

რატომ კლავენ კაცები ქალებს?

ბაია პატარაიას ბლოგი

რატომ ფიქრობენ კაცები, რომ ქალთან დაშორება იმდენად ტრაგიკულია, რომ მკვლელობით უნდა დასრულდეს?

მინდა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რომ ვიცოდეთ რას და როგორ ვებრძოლოთ.

რამდენიმე თეზას ჩამოვწერ სამსჯელოდ, დანარჩენი თქვენ მიამატეთ:
– კაცს ეშინია, რომ ის ქალის წასვლით დარჩება ღირსებააყრილი და იცავს საკუთარ “ღირსებას”.
– კაცს ჰგონია, რომ ქალის წასვლით, კაცი გახდება საზოგადოებაში დაცინვის ობიექტი, დაკარგავს კაცობას და ამის თავიდან ასაცილებლად კლავს ქალს.
– კაცს ჰგონია, რომ ქალი არის მისი საკუთრება და თუ ის ამ საკუთრებას ვეღარ გამოიყენებს, ურჩევნია, საკუთრება გაანადგუროს.
– კაცს ჰგონია, რომ ქალს არ აქვს თავისუფალი ნება, ქალს არ აქვს უფლება, აირჩიოს, ვისთან იცხოვროს. ქალი, რომელიც ავლენს ნებას, შეცდომაა, შეცდომა კი უნდა გამოსწორდეს.
– კაცს ჰგონია, რომ თავისუფალი ქალი (ანუ ქალი, რომელიც წყვეტს, ვისგან წავიდეს, ვისთან წავიდეს) ანგრევს სისტემას და სისტემის გადასარჩენად, ქალი უნდა მოკვდეს.
– კაცს ჰგონია, რომ მისგან წასული ქალი წავა სხვა კაცთან და იქნება უფრო კმაყოფილი და ბედნიერი, რის გამოც თავს დამცირებულად ჩათვლის კაცი და ამ დამცირების თავიდან ასარიდებლად, კლავს ქალს.
– კაცს ჰგონია, რომ ქალი არის მეორეხარისხოვანი, ნაკლებად ადამიანი, რომლესაც მუდმივად სჭირდება დისციპლინირება, აღზრდა და დასჯა, ზოგჯერ სიკვდილით დასჯაც.
– კაცს ჰგონია, რომ ქალის წასვლის შემთხვევაში, ის დარჩება სრულიად მარტო და უმიზნოდ ცხოვრებაში და ამის თავიდან ასაცილებალად, ის კლავს ქალს და იკლავს თავს.
– კაცს ჰგონია, რომ ქალი, რომელიც წავიდა, არ წასულა, რადგან მოკლა.
– კაცს ჰგონია, რომ თუ მისგან წასულ ქალს მოკლავს, საკუთარ კაცობას განამტკიცებს და უფრო “მაგარი” კაცი იქნება საკუთარ და სხვის თვალში.
(დანარჩენი თქვენ განაგრძეთ…)