ბლოგები / პოლიტიკაshe / რა უნდა იცოდე –პოლიტიკაshe

რატომ ჩავარდა კვოტები

ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე საუბარი ქართველ პოლიტიკოსებში პოპულარული გახდა. თუმცა, საუბარი საუბრად რჩება და როდესაც კვოტების კანონპროექტი კენჭისყრაზე გადის, – ის ვარდება. რატომ ხდება ეს? ნუთუ იმიტომ, რომ პოლიტიკოსებმა პრობლემის გადაჭრის უკეთეს გზას მიაკვლიეს?

არა. ჩვენს პოლიტიკოსებს კვოტების ალტერნატივებზე არც კი უმსჯელიათ. კვოტები პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზაა, მაგრამ ის არ არის უნაკლო და სრულყოფილი. თუმცა, კვოტები იმიტომ არ ჩავარდნილა პარლამენტში, რომ მას ნაკლი აქვს, ის სულ სხვა მიზეზის გამო ჩავარდა და მეც სწორედ ამ საკითხს განვიხილავ ამ ბლოგპოსტში.

ქართველი პოლიტიკოსებს რომ არ ესმით კვოტების რეალური ნაკლი, იქიდანაც ირკვევა, რომ დღემდე ისეთ სულელურ არგუმენტებს იშველიებენ, როგორიცაა “ქალების შეურაცხყოფა” და “კაცების დისკრიმინაცია”. ეს არგუმენტები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს ქართველი პოლიტიკოსების უვიცობას და ზედაპირულ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ. შესაბამისად, რეალური მიზეზი კვოტების ჩაგდებისა არ არის ის უარყოფითი მხარეები, რომელიც კვოტებს მართლა ახლავს თან. რეალური მიზეზი ერთია – ძალაუფლების მქონე კაცებს არ სურთ თუნდაც მცირეოდენი ძალაუფლების განაწილება ქალებისთვის.

შევხედოთ, როგორ ჩავარდა კვოტები, როგორ ვითარდებოდა პროცესი, ვინ დაუჭირა მხარი, ვინ ესწრებოდა კენჭისყრას, მაგრამ შეიკავა თავი და არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. “თავშეკავებული” უფრო მეტი იყო პარლამენტში, ვიდრე – მოწინააღმდეგე, თუმცა, მე ამ ორივე ჯგუფს “ერთ ქვაბში ვხარშავ”. უფრო მეტიც, ვინც ღიად წავიდა წინააღმდეგი, ისინი გარკვეულ პატივისცემასაც კი იმსახურებენ გულახდილობისთვის და პირდაპირობისთვის. “თავშეკავებულებს” კი შევახსენებ, რომ არც ერთი წამით არ სჯობიან კვოტების მოწინააღმდეგეებს.

დავიწყოთ თავიდან: საქართველოში კვოტების იდეა 20 წელია, არსებობს ქალთა ჯგუფებსა და ორგანიზაციებში. ეს ინიციატივა ახლაც 37 455 ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერით შევიდა პარლამენტში, მის უკან დგას ყველა ქალთა ორგანიზაცია თუ მოძრაობა და სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობისგან უპრეცედენტო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პოლიტიკური ელიტისთვის. დემოკრატია, ანუ ხალხის მმართველობა, არ განხორციელდა. პარტიებმა ისევ ფეხზე დაიკიდეს, რა სურს საზოგადოებას და ისევ არ მოუსმინეს ქალებს.

კვოტებს მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” პროგრესულმა ფრთამ, თუმცა მან ვერ, ან არ მოახერხა ხმების მობილიზაცია საკუთარ თავში (შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია კონსტიტუციურ უმრავლესობას ფლობს). კვოტებს მხარი დაუჭირა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, პარლამენტში მყოფი ორი დეპუტატის ხმით. წინასწარი დაპირებით, კვოტებს მხარს უჭერდა “პატრიოტთა ალიანსი”, თუმცა, კენჭისყრაზე არც ერთმა წევრმა ხმა არ მისცა კანონპროექტს. ანუ, “პატრიოტთა ალიანსმა” იცრუა. კვოტებს არც ერთი ხმა არ მისცა ევროპულმა საქართველომ. ამ პარტიის რიგი წევრები აცხადებენ, რომ პრინციპული წინააღმდეგები არიან კვოტების, თუმცა პარტიის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი განიხილავს კვოტების განსხვავებულ მოდელს, სადაც კვოტები მაჟორიტარებზეც ვრცელდება. კვოტების ალტერნატიულ მოდელზე საუბარი გამორიცხავს პრინციპულ წინააღმდეგობას. უფრო მეტიც, პარტიის რამდენიმე წევრი ღიად თუ კულუარულად ამბობდა, რომ მხარს დაუჭერდა კვოტებს. თუმცა, კანონპროექტმა კენჭისყრაზე მათგან ვერც ერთი ხმა ვერ მოიპოვა. ქალთა მოძრაობის დახურულ ჯგუფში კი პარტიის ეს საქციელი პარტიის წევრმა ახსნა, როგორც რეაქცია ჩემ პროტესტზე, დავსწრებოდი რიგით სამუშო შეხვედრას, რომელსაც გამართავდა მათი დეპუტატი ქალთა საკითხებზე.

მე ნამდვილად ვთქვი პარტიის წარმომადგენელთან პირად მიმოწერაში, რომ არ ვითანამშრომლებდი იმ დეპუტატთან, რომელიც ქალთა საკითხებზე მუშაობას იჩემებს, თუმცა უგულებელყოფს ათობით ათასი ქალის ნებას და ათობით ქალთა ორგანიზაციისა და ჯგუფის მოთხოვნას, კვოტებთან დაკავშირებით. თუმცა, არ მესმის, სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიამ უპრეცედენტო მხარდამჭერის მქონე კანონპროექტი ერთი აქტივისტის პროტესტს როგორ უნდა გადააყოლოს.

ჯამში მოხდა ზუსტად ისე, როგორც ეს ძალაფულების მქონე პოლიტიკოს კაცებს უნდოდათ. პოლიტიკური ძალაუფლება ისევ კაცების მიერ არის უზურპირებული. სისტემური რეფორმა, რომლის მიხედვითაც პროპორციულ სიებში ყოველი მეორე იქნებოდა ქალი, – უარყოფილია. ყოველი მეორე ქალი პროპორციულ სიაში ნიშნავს ძალაუფლების გაყოფას ქალებთან, მათ გაძლიერებას, მათთვის ცოდნის გადაცემას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების აზრის გათვალისწინებას. ეს კანონი ქალს სრულიად ახლებურად წარმოჩენდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ქალებს პოლიტიკური მოთხოვნების დაყენების საშუალებას საერთოდ არ აძლევენ. რეფორმა ჩავარდა. პრინციპში, გასაკვირი არც არაფერია, იქ სადაც ძალაუფლება არის კონცენტრირებული, “ქართული ოცნება” დისონანსს ვერ იტანს, იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ნარკოტიკების ჩადების პოლიტიკა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების არარსებობა კორუფციისა თუ წამების საქმეების გამოსაძიებლად, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც კონკურსში სამარცხვინო გამოსვლის მიუხედავად, შათირიშვილი მაინც შეაგრიალეს სამეურვეო საბჭოში.

პოლიტიკური ცხოვრება დღეს საქართველოში სულს ღაფავს. ყველა ოპოზიციური პარტია ან განადგურებულია, ან – შუაზე გახლეჩილი. კვოტები გადარჩენილ პარტიებს შორის ნაწილობრივ მაინც გამოაცოცხლებდა შიდაპარტიულ დემოკრატიას, მაგრამ “ქართულ ოცნებას” საკუთარი თავის რეფორმირებისაც ეშინია, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილს ეშინია ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრებისა, საკუთარ თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებში. პოლიტიკური ცხოვრება დღეს ისეა მორღვეული და დასუსტებული, როგორც არასდროს და ეს აუცილებლად შეიყვანს ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისში. ერთადერთი გამოსავალი სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებაა. ხალხმა უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის მობილიზაცია, პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება და ამისთვის ბრძოლა, რადგან დღეს ხალხის აზრს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ გამოხატავს. უფრო მეტიც, მათ ჩვენი ხმა არც ესმით, და როცა ესმით, მაშინაც ფეხზე იკიდებენ.