ოჯახში ძალადობა / რა უნდა იცოდე ძალადობაზე

რა არის ოჯახში ძალადობა?

Strong mother protects her child from danger. Stop violence against children. A big fist threatens a woman and her baby. Vector illustration

ოჯახში ძალადობა – კონტროლის, შიშის გრძნობის ჩანერგვის, დაშანტაჟების მიზნით ჩადენილი ფიზიკური, სიტყვიერი, მორალური და ეკონომიკური სახის მუდმივად განმეორებადი ქმედებაა. ეს არის სიტუაცია, როდესაც ოჯახში ერთი ადამიანი აკონტროლებს ან ცდილობს გააკონტროლოს სხვისი (სხვების) ქმედებები. ოჯახში ძალადობის ტენდენციას თუ განვაზოგადებთ, მასში მსხვერპლსა და მოძალადეს შორის ურთიერთობების სპეციფიკური კატეგორიები აღინიშნება:

  • ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობა;
  • ძალადობა ცოლის/პარტნიორის მიმართ;
  • ძალადობა ხანდაზმული ასაკის ადამიანების მიმართ.

საზოგადოებაში ოჯახში ძალადობაზე ბევრი არასწორი წარმოდგენა არსებობს. პრობლემის სტერეოტიპიზაცია ხშირად ძალადობის მსხვერპლი ქალების გარეგნულ ან სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება. ოჯახში ძალადობა ყველა სოციალურ ჯგუფში არსებობს, განურჩევლად შემოსავლის ოდენობისა, განათლებისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა.

ოჯახში ძალადობა ერთი პარტნიორის მხრიდან მეორეს მიმართ განხორციელებული რეალური ქმედება ან ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ხასიათის შეურაცხყოფის ან ძალადობის მუქარაა.

ოჯახში ძალადობას შემდეგი ნიშნები ახლავს თან:

  • თუ საქმე ფიზიკურ ძალადობას ეხება, როგორც წესი, მას ციკლური ხასიათი აქვს და სისტემატურად მეოდება.
  • ძალადობასა და შეურაცხმყოფელ ქმედებას ხშირად მოძალადის მხრიდან „გამოსწორების“ დაპირებები და ბოდიშები ახლავს თან.
  • ურთიერთობის შეწყვეტის მცდელობა მსხვერპლისთვის საშიშროების გამწვავებას ნიშნავს.

ოჯახში ძალადობა მოსახლეობის ნებისმიერ ფენასა და კატეგორიაში ხდება, განურჩევლად კლასობრივი, რასობრივი, კულტურული, რელიგიური და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტებისა. იგი გვხვდება როგორც ჰეტეროსექსუალი, ასევე გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების ოჯახებში.

ოჯახში ძალადობის სახეები

ხშირად, ოჯახში ძალადობა ფიზიკური, სექსუალური და/ან ემოციური ძალადობის კომბინაციის თანხლებით ხდება.

ფიზიკური ძალადობა შესაძლოა გამოიხატებოდეს: სილის გაწვნაში, მუჯლუგუნის კვრაში, საგნების სროლაში, იარაღით მუქარაში ან დაჭრაში, შენობაში ჩაკეტვაში, სახიფათო ადგილებში დატოვებაში, სახლიდან გასვლის მცდელობისთვის ხელის შეშლაში, ორსული, დაჭრილი ან ავადმყოფი ცოლისთვის დახმარების არგაწევაში, სამედიცინო დახმარების მიღებისთვის ხელის შეშლაში, ღამით დაძინებისთვის ხელის შეშლაში, ოჯახისთვის აუცილებელი საგნების შეძენაზე უარის თქმაში, საკუთრების დაზიანებაში, ბავშვების შეურაცხყოფაში, ცოლის/პარტნიორის მეგობრებისა და ნათესავების მიმართ მუქარაში და სხვ.

სექსუალური ძალადობა გულისხმობს ცოლის, როგორც სექსუალური ობიექტის მიმართ ძალადობრივ სექსუალურ დამოკიდებულებას, მის იძულებას, გაიხადოს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, სექსუალური აქტის დროს განსაკუთრებული სისასტიკის გამოჩენას, ცოლის სურვილის საპირისპიროდ მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას (გაუპატიურებას), მისი ცემის შემდეგ სექსუალური კავშირის დამყარების იძულებას, ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის სხვებთან კავშირში დადანაშაულებას, პორნოგრაფიული ქმედებების ყურებისა და/ან გამეორების იძულებას და სხვ.

ემოციური ძალადობა განისაზღვრება, როგორც მსხვერპლისთვის დაყვირება, წყენინება (მაგალითად, იმის თქმა, რომ საშინლად მახინჯია, გამხდარია, სულელია, მსუქანია, ცუდი დედაა, პარტნიორი…), მისი საუბრის დაცინვა, საჯაროდ დამცირება, მისი გრძნობების იგნორირება, მისთვის სამსახურში სიარულის აკრძალვა ან სამსახურში დევნა, მუშაობაზე უარის თქმა და ოჯახის ტვირთის სხვისთვის გადაბარება, სიცრუე, უთანხმოების ჩამოგდების მცდელობა, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის დაშლა, მათი სახლიდან გაყრა, ტელეფონზე საუბრისა და სოციალური ქსელებით სარგებლობის უფლების აკრძალვა, ოჯახის ბიუჯეტის ერთპიროვნული მართვა, ბავშვების გატაცებით დამუქრება, ბავშვების დასჯა ან ბავშვებთან დედის ურთიერთობის აკრძალვა.

ეკონომიკური ძალადობა გამოიხატება ოჯახის ზრდასრული წევრის მხრიდან სხვა წევრისთვის ოჯახის ბიუჯეტის განკარგვის აკრძალვაში, საკუთარი შეხედულებისამებრ მის ერთპიროვნულ მართვაში, არასრულწლოვნებზე ეკონომიკურ ზეწოლაში, ცოლის/პარტნიორის ფინანსურ შანტაჟსა და სხვ.