რა უნდა იცოდე დისკრიმინაციაზე / სექსუალური შევიწროება

რა არის სექსუალური შევიწროება?

რა მიიჩნევა ცივილიზებულ ქვეყნებში სექსუალურ შევიწროებად? რასაკვირველია, ეს არ არის მოძალადის მხრიდან მხოლოდ სექსუალური აქტისკენ სწრაფვა ან მუქარა, როდესაც მსხვერპლი იძულებულია, დაემორჩილოს სექსუალურ მოთხოვნებს, რადგან შედეგად იცის, რომ ძალიან დაზარალდება. სექსუალური შევიწროება და ზეწოლა არის ასევე უწმაწური ხუმრობები, ანეგდოტები, უსიტყვო მინიშნებები, უხამსი შეხებები, – ანუ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ქალისთვის მიუღებელი და უსიამოვნოა. ქალს უფლება აქვს, სამუშაო ადგილზე მიიღოს ის გარკვეული სტანდარტები, რომლებიც არ უნდა მოიცავდეს სექსუალური კონტექსტის ქმედებას მის მიმართ.

სექსუალური შევიწროების მთავარი მახასიათებელია ყურადღების არასასურველი გამოვლინებები. შესაძლოა ეს სულაც სასიყვარულო წერილები იყოს. არასასურველი სატელეფონო ზარები, კომპლიმენტები და სიმღერებიც ასევე განიხილება, როგორც სექსუალური შევიწროება.

სექსუალური შევიწროების განსაზღვრება შემდეგში მდგომარეობს:

  • სექსუალური შემოთავაზებები, სექსუალური სიახლოვის მოთხოვნა და სექსუალური ხასიათის სხვა სიტყვიერი თუ ფიზიკური მოქმედებები, რომლებიც წამოყენებულია სამსახურის მიღების/შენარჩუნების პირობით;
  • როდესაც მსგავს წინადადებებზე ქალის იძულებითი თანხმობა ან უარი გადამწყვეტ როლს თამაშობს სამსახურში მის აყვანაზე ან დატოვებაზე;
  • როდესაც ამგვარი მოქმედებების მიზანი ან შედეგი გავლენას ახდენს შრომის ნაყოფიერებაზე ან სამუშაო ადგილზე შეურაცხმყოფელი, მტრული და დამაშინებელი ატმოსფეროს შექმნა.

სექსუალური შევიწროების ზოგიერთი ნიშანია:

  • სიტყვიერი: სექსუალური ხასიათის მინიშნებები, ინსინუაციები, შეურაცხყოფები, მუქარები, შემოთავაზებები, ხუმრობები;
  • არასიტყვიერი: მრავლისმთქმელი მზერა, შეურაცხმყოფელი ხმების გამოცემა, დასტვენა, უწმაწური ჟესტები;
  • ფიზიკური: შეხებები, ჩქმეტა, მოფერება, სექსუალური აქტის იძულება ან გაუპატიურების მიზნით თავდასხმა.

სექსუალური ხასიათის ქმედებებია:

  • ქალისთვის უსიამოვნო ან მიუღებელი, მათ შორის სექსუალური ხასიათის მოქმედებები და შეთავაზებები: სხეულის ნებისმიერ ადგილზე ხელის მირტყმა, ჩქმეტა, მოფერება, ჩახუტება, კოცნა ან სხვა ნებისმიერი მსგავსი ფიზიკური კონტაქტი, ჩადენილი ქალის ნების წინააღმდეგ.
  • სექსუალური შინაარსის მოთხოვნები და მინიშნებები – მოლოდინები, პაემნის დათქმის იძულება, სოციალური ქსელებითა და ტელეფონით შეწუხება, იმისდა მიუხედავად, ახლავს თუ არა ამას სამსახურში ქალისთვის ნეგატიური ან პოზიტიური პოზიციის დაკავების დაპირებები.
  • ქალისთვის მიუღებელი სიტყვიერი შეურაცხყოფა ან ხუმრობები, მათ შორის სექსუალური ხასიათის. ამაში მოიაზრება შენიშვნები ნაციონალურ ან რასობრივ კუთვნილებაზე, ფიგურაზე ან ზოგადად გარეგნობაზე, როდესაც ამგვარი საქციელი ჩვეულებრივი ზრდილობის ფარგლებს სცდება; აგრეთვე უწმაწური ანეგდოტებისა და გამოთქმების თავსმოხვევა, გარშემომყოფთათვის უსიამოვნო და შეურაცხმყოფელი სექსუალური შინაარსის მინიშნებები და/ან მოქმედებები.
  • დასაქმებული პერსონალისთვის დამაშინებელი, მტრული, აუტანელი სამუშაო გარემოს შექმნა მათთვის უსიამოვნო საუბრებით, წინადადებებით, თხოვნებით, მოთხოვნებით, ფიზიკური კონტაქტებით ან სექსუალური ხასიათის ყურადღების გამოვლინებით.

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრობლემას საზოგადოება და მედია სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს. თავად ცნებაში პრინციპულად ახალი არაფერია, მაგრამ წარსულში იგი ან პირად პრობლემად მიიჩნეოდა, ანდა სულაც იგნორირებული იყო, რაც მსხვერპლს სამსახურის დატოვების გარდა არანაირ არჩევანს არ უტოვებდა. დასაქმებული ქალების რიცხვის მატებასთან ერთად, სექსუალური შევიწროება იმდენად გავრცელებულ მოვლენად იქცა, რომ იგი ადამიანის უფლებების დარღვევად აღიარეს. აქედან მოყოლებული, ამ მოვლენის ირგვლივ აგებულმა დუმილის კედელმა რღვევა დაიწყო.