თანასწორობის პოლიტიკა

რუსეთის ხელისუფლებამ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა საპენსიო ასაკის გაზრდით დაიწყო

14 ივნისს, იმ დღეს, როდესაც მთელი რუსეთის ყურადღება ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისკენ იყო მიპყრობილი, ქვეყნის პრემიერმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მთავრობა რუსეთში საპენსიო ასაკის მომატებას გეგმავს: ამიერიდან, ქალები პენსიაზე 63 წლის ასაკში გავლენ, ნაცვლად 55 წლისა, კაცები კი – 65 წლის ასაკში, ნაცვლად 60-ისა.

რუსეთის მთავრობაში საპენსიო ასაკის მომატების მიზეზად მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივება და საპენსიო სისტემის დისბალანსი დაასახელეს.

იაპონიაში, საპენსიო ასაკი სხვადასხვა პირობების გათვალისწინებით 65-დან 70 წლამდე მერყეობს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კაცებში 80,7 წელია, ქალებში კი – 87,9. ეს დაახლოებით 15-25 „საპენსიო“ წელს იძლევა. აშშ-ში (საპენსიო ასაკი – 65-67 წელი), კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 76,5 წელია, ქალებისა კი – 81,2, რაც 10-15 საპენსიო წელს გვაძლევს. გერმანიაში 2029 წლისთვის საპენსიო ასაკი მოიმატებს ქალებისთვის 65-ამდე, კაცებისთვის კი – 67 წლამდე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელი კი კაცებში 78,1 წელია, ქალებში კი – 83,6, რაც შესაბამისად 11-18 საპენსიო წელს გულისხმობს.

რუსეთი განვითარებულ ქვეყნებს სხვა სტატისტიკური მაჩვენებლით ჩამორჩება – სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლით. აქ კაცების სიკვდილიანობის რიცხვი 40-60 წლის ასაკში მაღალია, ხოლო ვინც 65 წლის ასაკს გასცდება, საშუალოდ დაახლოებით 11,7 წელს ცოცხლობს. საპენსიო პერიოდი რუსეთში 5,7 წლით ნაკლებია, ვიდრე გერმანიაში, 6,5 წლით ნაკლები, ვიდრე საფრანგეთში და 5,4 წლით ნაკლები, ვიდრე აშშ-ში.

სრულიად რუსეთის შრომის პროფკავშირების კონფედერაციამ დასახელებული რეფორმის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში პეტიციის შეგროვება დაიწყო, რომელსაც უკვე ორ მილიონამდე ხელმომწერი ჰყავს.

„როსსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად, რუსეთის ფედერაციის 62 სუბიექტში კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 65 წელზე დაბალია, ხოლო სამ სუბიექტში – 60 წელზე დაბალი. მთლიანობაში, რუსეთში 65 წლის ასაკს ვერ აღწევს კაცების 40% და ქალების 20%“, – ნათქვამია პეტიციაში.

საპენსიო რეფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ФБК) დამაარსებელმა ალეკსეი ნავალნიმ (Алексей Навальный) რეფორმის წინააღმდეგ რუსეთში ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსა.

„ეს საერთო ეროვნული და სახალხო პროტესტი იქნება. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, მონაწილეობა მიიღონ საპენსიო ასაკის მომატების წინააღმდეგ გამართულ აქციებში, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. ჩვენთვის სულ ერთია, ვის მიეცით ხმა გუშინ. გამოდით ქუჩაში ახლა, თორემ ხვალ პენსიამდე ვეღარც კი მიაღწევთ!“, – დაწერა ნავალნიმ თავის ინსტაგრამზე.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დასახელებული რეფორმის შესახებ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა იგი სოციალურ ქსელებში ქილიკის საგნად გაიხადა. „საბჭოთა ადამიანს აუხდენელი ოცნება ჰქონდა, – მოსწრებოდა კომუნიზმს. რუსს ახლა უკვე საკუთარი აუხდენელი ნატვრა აქვს – მოესწროს საკუთარ პენსიას“, „ჩეხოვი 44 წლისა გარდაიცვალა, პუშკინი – 37-ისა. ესენინმა თავი ჩამოიხრჩო, მაიაკოვსკიმ ტყვია იხალა. და შენ რა გაგიკეთებია საპენსიო ფონდისთვის?“, – წერენ სოციალური ქსელების რუსი მომხმარებლები.