ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

რუსეთში ქალს 3 შვილის დედობის უფლება ტატუების გამო ჩამოართვეს

მახაჭყალის საქალაქო სასამართლომ 30 წლის ნინა ცერეტილოვას 3 შვილზე დედობის უფლება ჩამოართვა და მათზე ზრუნვის უფლება მის ყოფილ ქმარს გადასცა იმაზე დაყრდნობით, რომ ქალი “ეწევა მრავალშვილიანი დედისთვის შეუფერებელ ცხოვრებას”.

სასამართლო გადაწყვეტილებაში პირდაპირაა მითითებული, რომ დედას სხეულზე “ტატუირებული გამოსახულებები და წარწერები აქვს”.

უფრო მეტიც: ბავშვების აღზრდის უფლება ახლა აქვს კაცს, რომელსაც ბავშვების დედა 9 წლის წინ დაშორდა იმის გამო, რომ მასზე საშინლად ძალადობდა.

ქალი ყვება, რომ ბავშვობაში სასქესო ორგანოების დამასახიჩრებელი ოპერაცია აქვს გაკეთებული. 12 წლისა იყო, როცა ისლამი მიიღო და ჰიჯაბი დაიფარა, რომელიც განქორწინების შემდეგ მოიხადა. მომავალი ქმარი 14 წლისას გააცნეს. ქორწილის დროს მეათე კლასს ამთავრებდა.

ცერეტილოვა ამბობს, რომ ქმარი გამუდმებით სცემდა, მაშინაც კი, როდესაც ორსულად იყო. იგი არც ალიმენტებს იხდიდა და ამ დავალიანებამ 800 000 რუბლამდე მიაღწია.

ზაფხულში ქალმა გადაწყვიტა, მიემართა სასამართლოსთვის, რათა საბოლოოდ დადგენილიყო ბავშვების საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ სასამართლო წააგო. მოპასუხე ქმარმა მოითხოვა, ბავშვები მასთან გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რადგან ჰქონდა სერიოზული “კომპრომატები” ნინას წინააღმდეგ – მის ინსტაგრამზე ატვირთული იყო ფოტოები, თუ როგორ ისვენებდა იგი ნაცნობებთან ერთად და ატარებდა პარიკებს. კაცი ასევე აღნიშნავდა, რომ მისი ყოფილი ცოლი კლუბებში დადიოდა.

ცერეტილოვა სასოწარკვეთილია. მას წარმოდგენა არ აქვს, სად ჰყავს ამჟამად უმუშევარ მის ყოფილ ქმარს ბავშვები, რომლებიც 3 თვეა, არ უნახავს. ქალი ყველა უწყებაში მიდის და წერილებს წერს, მაგრამ მისი გასაჭირი არავის აინტერესებს.

წყარო: kp.ru