სტატიები

საუდის არაბეთი – მძიმე გზა ქალთა უფლებების შემსუბუქებისკენ

24 ივნისს საუდის არაბეთში ქალებმა მეურვის გარეშე ავტომობილის მართვის უფლება ოფიციალურად მიიღეს. აქამდე, საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო იყო, სადაც ქალებისთვის სატრანსპორტო საშუალებების მართვა აკრძალული იყო. კანონის დარღვევა ჯარიმით ან დაკავებით ისჯებოდა.

ახალი კანონის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, ხოლო ქვეყანაში ქალებისთვის პირველი მართვის მოწმობები მაისიდან გაიცა.

ქვეყნის მმართველობას სურს, 2030 წლისთვის სამეფო ტურიზმისა და გართობის რეგიონულ ცენტრად აქციოს. სახელმწიფოს ულტრაკონსერვატული მიდგომა, სადაც 40-წლიანი აკრძალვის შემდეგ, პირველი კინოთეატრი გაიხსნა, ამ ყველაფერს ხელს ნამდვილად არ უწყობს. ამიტომაც, საუდის არაბეთის გახსნილობა დანარჩენი სამყაროს მიმართ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო: ქალი კონსულტანტები ჯერ მაღაზიებში გამოჩნდნენ, შემდეგ – კაფეში, და ეს ყველაფერი – კაცი მეურვის თანხმობის გარეშე, რაც ადრე აუცილებელი იყო, ქალის ნებისმიერ საქმიანობაში ჩასართავად. როგორც კი გოგნებს უმაღლეს სასწავლებლებზე თავისუფალი წვდომა გაუჩნდათ, მათმა რიცხვმა აქ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა რიცხვს უცებ გადააჭარბა.

საუდელ ქალებს სპორტში არსებული შეზღუდვების დაძლევაც უწევთ. ახლა ისინი დადიან ველოსიპედით, ვარჯიშობენ სპორტდარბაზებში, მონაწილეობენ სხვადასხვა მარათონებში.

ყველაფრის პარალელურად, ადგილობეივ ქალებს უკვე სტადიონებსა და კონცერტებზე დასწრების უფლება აქვთ, შეუძლიათ, გაყრაზე აღძრან საქმე, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, და შავ სამოსს ნელ-ნელა საერო, ნათელი ფერების მოკრძალებული სამოსით ანაცვლებენ. შეიზღუდა ე. წ. ზნეობის პოლიციის უფლებებიც, რომელსაც ადრე ქალის დაპატიმრება მხოლოდ იმის გამო შეეძლო, რომ ამ უკანასკნელს “მკვეთრი მაკიაჟი” ჰქონდა.

ექსპერტების პროგნოზით, სამეფოში კიდევ მეტი ცვლილებაა მოსალოდნელი. ხელისუფლებამ დაგეგმა პროექტი “წითელი ზღვა”, რომლის თანახმადაც, მთელი მსოფლიოდან მდიდარი ტურისტები უნდა მოიზიდონ. ამ პირობებში, ნამდვილად არავინ იქნება მკაცრი დრეს-კოდისა და გენდერულად დაცალკევებული პლაჟების მომხრე, რაც დღევანდელი საუდის არაბეთის რეალობაა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, რვა აქტივისტი ქალი, რომელიც ქალებისთვის მართვის უფლების მინიჭებისთვის იბრძოდა (მათ შორის ლოუჯან ალ-ჰატლული, Loujain al-Hathloul და აზიზა ალ-იუსეფი, Aziza al-Yousef), ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფება. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, გვატყობინებს Amnesty International.