თანასწორობის პოლიტიკა

საუდის არაბეთში ქალებზე პილოტის ლიცენზიები გასცეს

ამიერიდან, საუდის არაბეთში ქალებს ავიაკომპანიების სამოქალაქო თვითმფრინავების პილოტირების საშუალება ექნებათ.

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა სამმართველომ (GACA) ხუთ პილოტ ქალზე ლიცენზია უკვე გასცა. ქალებს ამიერიდან უფლება აქვთ, კომერციული ავიაკომპანია Saudi Arabian Airlines-ს (Saudia) თვითმფრინავებზე ეკიპაჟებს უხელმძღვანელონ.

საუდის არაბეთის ქალი მოქალაქეებისთვის ლიცეზიების გაცემა GACA-ს სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომლის თანახმადაც, ქალებს საავიაციო სექტორში მუშაობის შესაძლებლობა უჩნდებათ. ეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ერთ-ერთი მიზანია.

ბოლო პერიოდში, საუდის არაბეთში სულ უფრო და უფრო მეტი ქალი გამოჩნდა GACA-სა და იმ კომპანიებში, რომლებიც ტექნიკურ სფეროებში მომსახურებას უზრუნველყოფენ.

ბოლო დროს, საუდის არაბეთში ქალთა უფლებების მხრივ შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება, რაც Vision 2030-ის ფარგლებში პრინცი მოჰამედ ბინ სალმანის მიერ გამოჩენილი ძალისხმევის შედეგია, თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ამ კუთხით კვლავ უამრავი სამუშაოა გასაწევი.

წყარო: gulfnews.com