თანასწორობის პოლიტიკა

საუდის არაბეთში ქალთა უფლებების შესახებ ვიდეორგოლი არნახული პოპულარობით სარგებლობს

კომპანია 8ies Studios-ის ვიდეორგოლი საუდის არაბეთში ძალზე პოპულარული გახდა. ვიდეოში ჰიჯაბებსა და გრძელ კაბებში გამოწყობილი ქალები კალათბურთს თამაშობენ, სკეიტბორდით სეირნობენ, მღერიან და ცეკვავენ. “კაცებს შეუძლიათ გაქრნენ, ყველა მორალური ტკივილი მათგან გვაქვს”, – ნათქვამია სიმღერაში.

ვიდეორგოლი პირველად 2016 წლის დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა, კომპანია 8ies Studios-ს დირექტორის YouTube არხზე. მას შემდეგ, მას სამმილიონნახევარზე მეტი ნახვა აქვს.

ვიდეოს გადაღების მიზეზი ქვეყანაში კაცების დომინაციის მიმართ ქალთა პროტესტი გახდა. საუდის არაბეთში მეურვეობის სისტემა არსებობს, რომლის თანახმადაც, ქალები ვალდებულნი არიან, ნათესავი კაცებისგან მოგზაურობის, განათლების მიღების, ქორწინების, ზოგჯერ სამედიცინო დახმარების ან სამსახურის დაწყების ნებართვა აიღონ. ბოლო დროს, ქვეყანაში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ძლიერდება.

2013 წელს, საუდის არაბეთში ქალებისთვის ავტომობილის მართვის აკრძალვის კანონთან დაკავშირებით, ადგილობრივმა კომიკოსმა, 26 წლის ჰიშამ ფაგიჰმა (Hisham Fageeh) ჩაწერა კომპოზიცია No Woman No Drive, რასაც ასევე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.