"საფარის" აქტივობები / თანასწორობის პოლიტიკა

“საფარის” განცხადების საფუძველზე, ომბუდსმენმა ვასაძის სკოლაში გენდერულად უთანასწორო გარემო დაადგინა

2017 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ მიმართა. განცხადების თანახმად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა გააკეთა განცხადება მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა კი არ აქვს VIII კლასში გადამსვლელ გოგონებს.

2018 წლის 6 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელს,“ რომ სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და შეიმუშაოს სპეციალური დებულება სტიპენდიის მიღების წესისა და მიმღებ პირთა განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სასტიპენდიო პროგრამის დანიშვნა, რომელიც სასწავლებლის არგუმენტით, ემსახურებოდა სქესთა შორის ბალანსის დაცვასა და მე-8 კლასში მყოფი ვაჟისათვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტისა და დათრგუნვის აღმოფხვრას, თავისთავად წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპის კვლავწარმოებას და ხელს უწყობს გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნას.

“განათლების სფეროში დროებითი ღონისძიებების გამოყენება დე ფაქტო თანასწორობის მიღწევისათვის თავისთავად არ არის დისკრიმინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი ღონისძიებები არ იქნება მიმართული სხვა ჯგუფებისადმი მუდმივად არათანასწორი სტანდარტების შენარჩუნებისაკენ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პოზიტიური ღონისძიებები მიზნად უნდა ისახავდეს ფაქტობრივი უთანასწორობის გამოსწორებას.3 ამ შემთხვევაშიც, გატარებული პოზიტიურ ღონისძიებას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი. ლეგიტიმურ მიზანს შესაძლებელია წარმოადგენდეს უთანასწორობის გამოსწორება, დაუცველი ჯგუფის
ისტორიულად არათანაბარ მდგომარეობაში ყოფნით გამოწვეული განგრძობადი ეფექტის შემსუბუქება და კომპენსირება.4 პოზიტიური ღონისძიებების გატარების საჭიროება უნდა მოხდეს კონკრეტული ინდივიდუალური შემთხვევის ობიექტურად შეფასების შედეგად”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ზოგად წინადადებაში.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება, თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას თანაბარი პირობები დაფინანსების პროცესში, ხოლო გამონაკლისად, სტიპენდიის დაწესების დროს დაასაბუთოს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული პირი ან პირთა ჯგუფი არის ეკონომიკური/სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით დაუცველი ან/და სხვაგვარად დისკრიმინირებულია, ხოლო მეორე მხრივ, თუ რა შედეგი იქნება მიღწეული დროებითი ღონისძიების გამოყენების შედეგად და როგორ დაეხმარება სტიპენდია სამიზნე ჯგუფს.

სახალხო დამცველი მიესალმება საგანმანათლებლო დაწესებულებების სურვილს ფინანსურად დაეხმაროს და წაახალისოს მოსწავლეები, თუმცა, აუცილებელია არსებობდეს ნათლად გაწერილი შეფასების კრიტერიუმი თუ ვისთვის უნდა გამოიყოს სტიპენდია, რათა პრაქტიკამ არ გამოიწვიოს რომელიმე ჯგუფის არახელსაყრელ, არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება და გაუმართლებლად არ გამოირიცხოს საჭიროების მქონე სხვა პირები დაფინანსების მიმღებ პირთა წრიდან.

რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პოზიტიური ღონისძიებების განხორციელება, რიგ შემთხვევებში, შეიძლება უთანასწორობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდეს, თუმცა მსგავსი ზომები უნდა გატარდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტის გათვალისწინებით და არ იწვევდეს სხვათა თანასწორობის უფლების შელახვას.

ზოგადი წინადადების ელექტრონული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ აქ.

წყარო: ombudsman.ge