"საფარის" საქმეები

“საფარმა” ექიმი ბაჩო შენგელიას ქმედებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შსს-ს მიმართა

გუშინ, 25 აპრილს, ექიმმა ოფთალმოლოგმა ბაჩო შენგელიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ფოტო ატვირთა, სადაც იგი საწოლში ქალთან ერთადაა აღბეჭდილი. ბაჩო შენგელიამ აღნიშნული ფოტო, ქსენოფიურ და მიზოგინურ კონტექსტში გამოიყენა.

ფეისბუქზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოს გამოქვეყნების ფაქტზე, ორგანიზაცია „საფარმა“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციას არ გვაწვდიან, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით.

ბაია პატარაიას თქმით, “ეს არის სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის დარღვევა და ეს არის დანაშაული (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა), იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია არ გავრცელდა იმ პირის თანხმობით, რომელიც ასახულია ფოტოზე”.

ბაია პატარაიას აღნიშნავს, რომ თუ ფოტოზე გამოსახული ქალი დაადასტურებს, რომ ამ ფოტოს გავრცელებაზე მისი თანხმობა არსებობს და თუ ის ვერ დაინახავს ამ ფოტოზე გაკეთებულ კომენტარში პრობლემას, “მაშინ ბუნებრივია, რომ დანაშაული სახეზე არ იქნება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ქალი მიიჩნევს, რომ ეს არის მისი პირადი ცხოვრების ხელყოფა, გამოძიება უნდა დაიწყოს და შედეგიც დადგეს შესაბამისი”.

“საფარის” ხელმძღვანელის თქმით, გარდა იმისა, რომ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტო არის პრობლემური, ასევე პრობლემურია ის განცხადება, რაც ამ ფოტოს თან ახლავს.

“ეს კომენტარი არის სექსისტური და მიზოგინიური რადგან მიიჩნევს, რომ ქალთან სექსი არის ქალის დამცირება, მისი რასის და ეროვნების დამცირება. ეს კომენტარი გაკეთებულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქართველმა ქალმა იქორწინა ფერადკანიან მამაკაცზე და სექსი მოხსენებულია სრულიად დამამცირებელ და ძალადობრივ კონტექსტში“, – ამბობს პატარაია.

“საფარი” მომავალშიც თვალს მიადევნებს, დაიწყება თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება, და თუ დაიწყება, წარიმართება თუ არა იგი სათანადოდ.