"საფარის" აქტივობები / კოალიცია თანასწორობისთვის

საფარი “კოალიცია თანასწორობისთვის” ანგარიშის პრეზენტაციაზე ქალების პრობლემებზე მოხსენებით წარდგა

27 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა „კოალიცია თანასწორობისთვის“ “დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში” 2020 ანგარიშის პრეზენტაცია.

კოალიციის დასახელებული ყოველწლიური ანგარიშის 2020 წლის ვერსია აღნიშნულ წელს ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფებისთვის დისკრიმინაციისგან დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს ასახავს. როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, გასული წელი, თავისი მძიმე კოვიდ სიტუაციით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საკმაოდ პრობლემური იყო.

სხვა ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის მსგავსად, შარშანდელი მდგომარეობით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ჯგუფად კვლავ ქალები რჩებიან. როგორც “საფარის” კვლევა “ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების მიწოდებისას არსებული გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის დროს” გვიჩვენებს, ქალებს, რომლებსაც პანდემიის გარეშეც მძიმე ყოფა ჰქონდათ, კიდევ მეტი პრობლემები შეექმნათ სახელმწიფო სერვისების მიღებისას.

მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სქესობრივი ძალადობის საკითხს, რომელიც კვლავ მწვავედ დგას დღის წესრიგში და მისი საკანონმდებლო დონეზე მოგვარების აუცილებლობა მსგავსი დანაშაულის მსხვერპლებს მუდმივად თავს ახსენებს.

მოხსენება “პანდემია და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა; პანდემია და ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა; სქესობრივი დანაშაულები“, პრეზენტაციაზე საფარის იურისტმა ნათია გამხიტაშვილმა წარადგინა.