"საფარის" საქმეები / ქალზე ძალადობა

საქართველოს პრეზიდენტი: ხანუმ ჯეირანოვას შვილებს სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადოს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად ორბელიანის სასახლეში ღონისძიება გამართა და ქალ უფლებადამცველებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ზურაბიშვილმა 5 უფლებადამცველი ღირსების მედლით დააჯილდოვა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც დგანან ქალები საქართველოში. 

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საქმეში და თავის გამოსვლაში ხანუმ ჯეირანოვას საქმე გაიხსენა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხანუმ ჯეირანოვას შვილებს სახელმწიფომ ბოდიში მოუხადოს. მისი თქმით, ეს ბოდიში სერიოზული გზავნილი იქნებოდა ყველა ქალისთვის, ვინც შესაძლოა თავად იყოს ძალადობის მსხვერპლი. 

პრეზიდენტი ხანუმ ჯეირანოვას საქმის შესახებ: 

“გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის კომიტეტმა, საფარის აქტიური ჩართულობით ეს საქმე განიხილა და 2021 წელს გასცა სამი რეკომენდაცია: ერთ-ერთი იყო ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე დამნაშავეების დასჯა. დანაშაულიდან თითქმის 10 წლის თავზე, 2023 წელს სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ შეძლო, ეს დანაშაული გამოევლინა და დამნაშავე დაესაჯა. მეორე რეკომენდაცია ეხება კომპენსაციას – სასამართლომ კომპენსაციის თანხაც დაადგინა. 

მესამე რეკომენდაცია, რომელზეც მინდა აქცენტის გაკეთება, იყო სახელმწიფო უწყებების მხრიდან შვილებისთვის ბოდიშის მოხდა. მე ამის კომპეტენცია არ გამაჩნია, რომ ამ ბავშვებს ბოდიში მოვუხადო – ეს ჩემს კონსტიტუციურ უფლებებში  არ შედის, მაგრამ მე თქვენთან ერთად შემიძლია ვისურვო და მჯეროდეს, რომ ეს ბოლო ნაბიჯიც გადაიდგმება. მართალია, ეს სიმბოლურია, მაგრამ ეს სიმბოლური ნაბიჯი ძალიან სერიოზული გზავნილია ყველასთვის, ვინც შესაძლოა, ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ძალიან მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ, რომ ღირსების შელახვა და ასეთი სასტიკი დანაშაულები ყურადღების გარეშე არ დარჩება. ეს ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა და ამდენად, ჩვენი საზოგადოება ამაზე უნდა რეაგირებდეს.”

შეგახსენებთ, რომ ხანუმ ჯეირანოვას მიმართ 2014 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში თანასოფლელების მხრიდან განხორციელდა სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც შედეგად მოჰყვა ქალის სიკვდილი. გამოძიების ვერსიით ქალმა თავი მოიკლა, მაგრამ გამოძიება თავიდანვე არ დაინტერესებულა ხომ არ იყო თვითმკვლელობის ინსცენირება, არ გამოკვეთილა არც გენდერული დისრიმინაციის მოტივი, რომელიც რეალურად საფუძვლად ედო ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი დამნაშავე კაცებს ძალადობიდან თითქმის 8 წლის შემდეგ წაუყენა. 2023 წლის იანვარში 4 მათგანს 5 წლით და 6 თვით, ერთს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე წელს ხანუმ ჯეირანოვას შვილებმა 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღეს.

ხუთივე კაცი 2022 წელს, მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც გაეროს ქალთა კომიტეტმა (CEDAW) გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. კომიტეტს “საფარმა” ადამიანის უფლებათა ცენტრსა (HRC) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, 2018 წელს მიმართა.