ბლოგები / სექსუალობა

საშო და ორმოცი ათასი ყივჩაღი

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

რატოა საშო მნიშვნელოვანი და ცოტა მეტი:
1) ეს არის მილი, რომელიც ერთი ბოლოთი შორისის მიდამოში იხსნება და მეორეთი საშვილოსნოს უკავშირდება. აკისრია მთავარი გზაგამტარის როლი თქვენს მთავარ ევოლუციურ ფუნქციაში – სპერმა უნდა გაატაროს, დაორსულდეთ, ბავშები დაჩეკოთ და სახეობა გაამრავლოთ. და რადგანაც ასე პირდაპირ მიბმულია ბავშვების ინკუბატორ ორგანო საშვილოსნოზე, მისი უსაფრთხოდ და ინფექციის გარეშე შენახვა არის ყოვლად სასიქადულო და ეროვნული საქმე (ევოლუციურად მაინც).
2) საშო არის ერთადერთი ხვრელი ადამიანის ორგანიზმზე/ში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მუცლის ღრუს. ოღონდ, მუცლის ღრუში არ ვგულისხმობ მუცელს. ვგულისხმობ ანატომიურ მუცლის ღრუს, სადაც მთელი ორგანოებია მოთავსებული და ინფექციას,  რო რამე იყოს, უვიზო მიმოსვლა აქვს. საშოდან რო დაიწყოთ და იაროთ და იაროთ (ან კათეტერი შეიყვანოთ), ჯერ მოხვდებით საშვილოსნოში, მერე საშვილოსნოს მილებში და მილები კიდე პირდაპირ იხსნება მუცლის ღრუში, ყოველგვარი ბარიერების და კლიტეებიანი კარებების გარეშე. სხვა რა ხვრელებია კიდე? მაგალითად, პირი მუცლის ღრუს არ უკავშირდება. პირიდან რო დაიწყოთ და იაროთ და იაროთ, გაივლით რამდენიმე მეტრ ნაწლავებს და გამოხვალთ ანუსიდან ანუ სწორი ნაწლავიდან, ისე რო მუცლის ღრუს თვალით ვერ ნახავთ. პირიდან ანუსამდე ერთი დიიიიდი მილია, დერეფანი და მის მიღმა, ანუ თავად მუცლის ღრუში არავის უშვებენ. შარდსადენის გარეთა ხვრელს რო აუყვეთ (საიდანაც შარდი გარეთ გამოდის), ივლით ივლით და ჯერ შარდის ბუშტში მიხვალთ და მერე თირკმელში პირდაპირ – მუცლის ღრუში ვერ მოხვდებით, არ შეგიშვებენ. მოკლედ, ერთადერთი ხვრელია საშო.
3) მიუხედავად ამ საოცარი მნიშვნელობისა და განსაკუთრებულობისა, არ ვიცი ვინ მოიფიქრა, მაგრამ საშო ზუსტად ორგანიზმის კანალიზაციის ადგილასაა განთავსებული, საიდანაც ნარჩენები გამოდის შარდისა და განავლის სახით და თუ სიბინძურე და ბაქტერია გინდა – იქაა. სავარაუდოდ, ევოლუციის პროცესში რომელიმე სტაჟიორმა მიქარა. მარა ფაქტია, ასეა და მაგის შეცვლას ერთი 3 მილიონი წელი დასჭირდება.

აახლა შეკითხვა სტუდიაში:

წარმოიდგინეთ, ხართ ევოლუცია, ბუნება, ღმერთი, რა ვიცი, რისიც გჯერათ, და სიტუაციაა ასეთი:

გვაქვს უსასიქადულოესი ორგანო, რომელშიც ინფექცია არ უდნა გაჭაჭანდეს,
იმიტო, რო ნაყოფის გასაზრდელად გვინდა ეგ მიდამოები,
და იმიტო, რო მუცლის ღრუზეა პირდაპირ მიბმული
და განთავსებულია აეგეთ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას.
რა ვქნათ, როგორ დავიცვათ, რო ბაქტერიების ბუდედ არ იქცეს?

გამოსავალი 1. დავხუროთ ეგ ხვრელი საერთოდ შევახორცოთ და ბაქტერიები შიგნით როგორ შევა – გადასარევია,  მარა ვერა, თუ ხვრელი აღარ იყო, საიდან დაორსულდება ქალი?

გამოსავალი 2. ისე ვქნათ, რო რაც შეიძლება დავავიწროვოთ შესასვლელი ხვრელი, პირმოღებული არ იყოს და ბევრი ბაქტერია ვერ მოხვდეს შიგ უნებურად – არაა ცუდი იდეა სხვათა შორის. სავარაუდოდ, ამიტომაც ჩაყენდა შესასვლელში აპკი, რო სანამ არ დასჭირდება ქალს საშოს გამოყენება, მანამდე შესასვლელი მაქსიმალურად ვიწრო იყოს. სავარაუდოდ, ძაან ეფექტური არ არის, იმიტო რო ზოგს აქვს ეს აპკი და ზოგს არა და ყველანაირი ზომისა და ფორმისა „იღება“. ძაან ეფექტური რო ყოფილიყო, ასე თავის ნებაზე არ იქნებოდა მიშვებული და სტანდარტიზაციას გაივლიდა. რაც არის, არის და კი გაუმწარა მთელ საქალეთს ცხოვრება.

გამოსავალი 3. რამე უძლიერესი ანტიბიოტიკი განვათავსოთ შესასვლელში რო ვერც სოკომ შეაღწიოს და ვერც ბაქტერიამ და დაიჟუჟონ იქვე. ნუ ესეც ერთი შეხედვით არა უშავს ჟღერს, მარა 50 წელი დაგვჭირდა ადამიანებს, რომ მივმხვდარიყავით, რო აბსოლუტური სისულელე და ბლეფია. ბაქტერიები არიან ყველაზე ვერაგი არსებები და ვერასდროს მოიგონებ ისეთ ანტიბიოტიკს, რომელსაც ხელიდან ვერ დაუსხლტებიან. 3 მილიარდი რო დახარჯო და მსოფლიოს უძლიერესი ანტიბიოტიკი შექმნა, რამდენიმე თვეში უკვე ახალი მუტანტი ბაქტერიები წამოყოფენ თავს, რომლებზეც არ მოქმედებს წამალი. ე.წ. ანტიბიოტიკორეზისტენტობის, ანუ მდგრადობის პრობლემა. ამიტომაცაა, რო დღესდღეობით ახალი ანტიბიოტიკები ფაქტობრივად აღარ იქმნება და რამე სხვა საშუალებებს ეძებენ. და ამიტომაცაა, რო დღეს ინფექციის საშველად მისი თავიდან აცილება ითვლება და არა – მერე მკურნალობა. და ამიტომაცაა, რო ყველა ნორმალური ექიმი და მეცნიერი იხვეწება, ანტიბიოტიკს არ გაეკაროთ, თუ ძალიან საჭირო არ არისო. ნუ მიიღებთ ვირუსის დროს და საჭიროების გარეშე ანტიბიოტიკებს. ნუ გამოწვრთნით/გააკაჟებთ თქვენს ბაქტერიებს წინასწარ და ნუ ასწავლით წამლისგან თავის დაღწევის გზებს წინასწარ. თორე, რო დაგჭირდებათ, უკვე მუტანტები იქნებიან და ამას აღარაფერი ეშველება.

გამოსავალი 4. ცეცხლი ავაგიზგიზოთ შესასვლელში და შიგ ვერავინ შეაღწიოს!

გადასარევია, მარა ცოტა ტექნიკურად რთულია და პენისებსაც შეტრუსავს, ამიტო ვერა.

გამოსავალი 5. სპეციალური ჯირკვლები ჩავამონტაჟოთ საშოს კედლებში, რომლებიც სულ სითხეს წარმოქმნიან. მთელი დღე და ღამე ფაქტობრივად ზემოდან ქვემოთ ჩამოედინება ეს სითხე და თუ რამე სიბინძურეა, გარეთ გამოირეცხება. გადასარევი ხერხია და ასეც ხდება. ამიტომაა უსუნო და უყველაფრო, მცირე რაოდენობით გამონადენი ნორმა ქალისთვის.

გამოსავალი 6. ამ გამოსავლის მოფიქრების მერე, წავიდა ბუნება და ჩამოასახლა საშოში 40 ათასი ყივჩაღი (ე.წ. სასარგებლო ბაქტერიები, ძირითადად ლაქტობაცილები) და უთხრა: აგერ თქვენ საშო, იცხოვრეთ და იმრავლეთ. საჭმელი და სითბო არ მოგაკლდებათ, ჩემი იმუნიტეტიც არაფერს დაგიშავებთ და კაციშვილი არაა ხმის გამცემიო. პატიოსანი ხალხი რო ხართ და არაფერს გვავნებთ, კი მჯერაო. ჰოდა ერთადერთი რამე მოგეთხოვებათ – სხვა ბაქტერიები და სოკოები არ შემოუშვათ და არ აცხოვროთ აქ, მარტო თქვენ იყავითო. ლაქტობაცილებმაც რატო არაო, აგერ ხალხი გარეთ წვალობს იტანჯება, რო თავზე ჭერი და საჭმელი ჰქონდეს და ჩვენ აგერ გვთავაზობენ უფასოდ და მარტო დაცვა გვევალებოდესოო? კი ბატონოო. ჰოდა ასე ჩადგა საშოში სასარგებლო ბაქტერიების ჯარი. შექმნეს სპეციალური მჟავა(!) გარემო, რომელშიც ცუდ ბაქტერიებს არსებობა უჭირთ და არიან ეგრე. ვერ გეტყვით, ადამიანის განვითარების რომელ ეტაპზე დამკვირდნენ მანდ, მარა ფაქტია, რო მუშაობენ და დაორსულებაც შესაძლებელია და არც მუცლის ღრუს ინფექცია აქვს ყველა მეორე ქალს, საშოდან ასული.

ამ მთელ ამბავში მთავარი სიტყვები იყო: სასარგებლო ბაქტერიები და მჟავა გარემო.
მთავარი დასკვნა: საშოს სისუფთავის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ლაქტობაცილებისა და მჟავა გარემოს შენარჩუნება.

და ორი საინტერესო ფაქტი:

1. საპონი (ყველანაირი) არის ტუტე (გარდა სპეციალური pH ბალანსირებული საპნებისა, რომელიც ინტიმური ჰიგიენისთვისაა შექმილი).
სოდაც არის ტუტე.
ტუტე ანეიტრალებს მჟავას
ანუ რჩებით მჟავა გარემოს გარეშე
მანდ უკვე ლაქტობაცილებს არსებობს უჭირთ, სამაგიეროდ ყველა დანარჩენს ძალიანაც ულხინს და მორჩა თქვენი დაცულობა.

  1. არ არსებობს საშუალება, რომელიც ერთმანეთისგან კარგ და ცუდ ბაქტერიებს არჩევს. შესაბამისად, ყოველთვის, როცა ხოცავთ ცუდ ბაქტერიებს, ზედ მიაყოლებთ თქვენს ლაქტობაცილებსაც და რჩებით დაცვის გარეშე. იმის შანსი, რო დაუცველ საშოში მეორე დღიდანვე ათასი ცუდი ბაქტერია და სოკო გაიზრდება, რა თქმა უნდა, უფრო დიდია, ვიდრე იმისა, რო მაინცდამაინც ლაქტობაცილები აყვავდებიან თავისით.სარეცხის საპონი და მსგავსი ტყავისგამძრობი რამეები კიდე, დარწმუნებული ვარ, მარტო მჟავას კი არ ანეიტრალებს და ლაქტობაცილებს კი არ ხოცავს, პირდაპირ საშოს ძალიან ნაზ ლორწოვანს აზიანებს (სარეცხის საპნით კბილებს და ღრძილებს ხო არ იხეხავთ, არა?).

დასკვნას მე არ დავწერ. თქვენ გადაწყვიტეთ, თქვენს ინტიმურ ჰიგიენას როგორ დაიცავთ და როგორ ავნებთ.

საჭიროა საშოს გარეთ და შორისის და მაგ მიდამოების დაბანა? – კი, რა თქმა უნდა.
– რითი? – მინიმუმ თბილი წყლით. მაქსიმუმ სპეციალური ინტიმური გელებით. თუმცა, არ შემხვედრია რამე ოფიციალური რეკომენდაცია, რომელიც ჭკუათმყოფელ ქალებს ავალდებულებს რაიმე გელის ყოველდღე ან კვირაში ორჯერ ხმარებას ჰიგიენის დასაცავად. თუ ძაან თავის გამოდება გინდათ, იკითხეთ რჩევა ჯგუფში და იხმარეთ პერიოდულად, თუ არა და თბილი წყალი და ბაქტერიების ხელშეუხებლობა.

დაბანაში რა იგულისხმება? გარეთა ნაწილები, კანი. ლორწოვანზე და მით უმეტეს საშოში ნამდვილად არაფრის გამოსმა და გამოქაფვა არაა რეკომენდირებული, ან საჭირო, ან ჭკუასთან ახლო. აი ის ზემოთხსენებული გამონადენიც გამორეცხავს, და გარედან თქვენ მიხედეთ.

ასევე, ძალიან გთხოვთ, ნუ შეადარებთ ერთმანეთს ხელებს და საშოს. ტუალეტიდან გამოსვლის მერე ხელებს რო ვიბანთ საპნით, საშოს რატო არაა? ხელები არაა იმისთვის შექმნილი, რო მუდმივად სწორი ნაწლავის სიახლოვეში იყოს. ტუალეტის მერე იმ ხელებს ან თვალში ამოისვამთ, ან პირში გაიქანებთ და ან ბავშვს მოეფერებით. ამიტო კიიი, უნდა დაიბანოთ. საშო, რაც დაიბადეთ და მანამდეც, იყო, არის და იქნება სწორი ნაწლავის გვერდზე და მაქსიმალურადაა ეს გათვალისწინებული. მთავარი, რაც გევალებათ, არის ყოველთვის წინიდან უკან გამოწმენდა (თქვენიც და გოგო-ბავშებისაც) რო უკანა ტანის ბაქტერიები წინ არასდროს გადმოვიდეს. სხვა მხრივ, ახლა დილას რო ტუალეტში შეხვალ და ის ბაქტერიები მტელი დღე იქ იქნებიან და საღამოს მოვარდები და სასწრაფოდ სამნაირი გელით დაიბან, გავასუფთავოო, კაი დროსი იქნება უკვე. ტუალეტში ყოველი შესვლის მერე დაბანა კიდე, რა თქმა უნდა, სისულელე და შეუძლებელია. დაიმახსოვრეთ, რომ ლაქტობაცილებისთვის პირობა გაქვთ მიცემული, რო ზედმეტად არ შეაწუხებთ და ისინიც, სამაგიეროდ, დაგიცავენ. თქვენ სექსის დროს თავის დაცვას მიხედეთ და სწორად გამოწმენდას.

და კიდე ერთი რამ:

ჰიგიენური საფენები, გინდა სისხლიანი და გინდა უსისხლო, რამდენიმე საათში ერთხელ რო უნდა გამოიცვალოთ, ჰო გასაგებია?

ტამპონის გაჩერების მაქსიმალური დრო რო 8 საათია (და მე თუ მკითხავ, 4-ზე მეტი არ უნდა გარისკო), თორე ტოქსიკური შოკით შეგაქანებენ რეანიმაციაში, ხო გასაგებია?
ჰიგიენური საფენების ხმარება მენსტრუაციის გარეშე, ზაფხულში, ოფლიანობისთვის – არა რა (თუ ბევრი გამონადენი გაქვთ, არა მენსტრუაცია, და მაგიტო გიწევთ, ავტომატურად ჩავთვალოთ, რო მკურნალობთ და მიხედავთ პრობლემას და აღარ დაგჭირდებათ).

სულ რო წვეთი სისხლი არ იყოს საფენზე/ტამპონზე – საშოდან გამონადენი ყოველთვისაა და საფენზე სულ რო არ ჩანდეს, რააღაცა მსუყე სითხე მაინც იქნება. ჰოდა იმაშიც ისე კარგად მრავლდებიან ბაქტერიები, როგორც დაგიბარებიათ.
ზოგადად, ბაქტერიების საყვარელი გარემო არის სისველე. ისე ემყუდროვებათ, როგორც თოვლი და ბუხრის ტკაცუნი.
შესაბამისად, ნებისმიერი ჭრილობის ან ადგილის ჯანმრთელობის მთავარი პირობა არის სიმშრალე. ჭრილობა, რომელიც სულ სველი და ჩახუთულია, – არასდროს შეხორცდება და აუცილებლად ინფიცირდება. კანი, რომელიც იხუთება და სველდება – აუცილებლად ღიზიანდება და ინფიცირდება ბოლოს. საფენი, რომელიც რამენაირი გამონადენით არის გაჟღენთილი, გინდა ცოტა და გინდა კარგად, – არის იიდეალური ადგილი ბაქტერიების ფუთფუთისთვის.

შესაბამისად, ზაფხულში, როცა ნოტიო და ჩახუთულია ყველაფერი – რაც შეიძლება, მეტად უნდა ნიავდებოდეს შორისის მიდამო, რო იყოს მშრალი (ლორწოვანის გამოშრობას რო არ ვგულისხმობ და უბრალოდ კანის და ადგილის სიმშრალეს, იმედია გამოვხატე). საფენის გაკეთება ფაქტობრივად კარგად ჩათბუნებას უდრის – უჰუჰუჰ, ჩაღუნღულდნენ ბაქტერიები. ჰოდა იმას ვერ გირჩევთ, ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში რა უნდა ქნათ, მაგრამ ფაქტია, რო თუნდაც უსისხლო და მარტო ოფლიანი საფენის თუნდაც 2-3 საათის ტარება არის საშოს შესასვლელში მავნე ბაქტერიების დიდი არმიის დაყენება. თვეში რამდენიმე დღე რო გიწევთ, ეგეც საკმარისზე მეტია. სხვა დღეებში დაინდეთ.

და ერთი კითხვა და პასუხი ნინასგან, რაც არ მომაფიქრდა:

და საფენი რომ არ იყოს, საცვალი ხომ მაინც გაცვია და იქ იგივენაირად არ დაგროვდება და იფუთფუთებს? – საცვალი ნაჭერია თხელი, ანუ ჰაერი თუ გაუვლ-გამოუვლის, გაშრება და საღამოს კი გამოიცვლი. საფენი ხო არ გაშრება შიგნით, იქნება ნოტიო და ჩახუთული.

პ.ს. ეს არის ერთერთი გაკვეთილი, რაც წესით უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი განათლების ფარგლებში. თუ წინააღმდეგი ხართ ამისი, დაფიქრდით, მართლა გარყვნილებაა ეს პოსტი თუ საჭირო ცოდნა თინეიჯერებისთვის?