დისკრიმინაცია

სახალხო დამცველმა ანგარიში “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” გამოაქვეყნა

დღეს, სასტუმრო “ბილტმორში”, საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში მომზადდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მასში განხილულია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, თანასწორობის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემები, სახალხო დამცველის მიერ მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის გამოყენება, სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციების და ზოგადი წინადადებების, საერთო სასამართლოებში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მიმოხილვა, სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ტენდენცია, საერთო სასამართლოების, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის აქტუალობის საკითხი, ასევე სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სხვა აქტივობები.

საანგარიშო პერიოდში – 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დამცველმა შეისწავლა 113 საქმე; შეიმუშავა 12 რეკომენდაცია, 4 ზოგადი წინადადება და 6 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. ამათგან, საქმის წარმოება შეწყდა 41 საქმეზე, ხოლო 19 საქმე დაუშვებლად იქნა ცნობილი. (უნდა აღინიშნოს, რომ წინა საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა 107 განცხადება განიხილა, შეიმუშავა 2 რეკომენდაცია, 1 ზოგადი წინადადება და 2 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, საქმის წარმოება შეწყდა 8 საქმეზე, 21 საქმე კი დაუშვებლად იქნა ცნობილი).

სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები, წინა წლის მსგავსად, განცხადებების 10%-ს შეადგენს. 8%–ს წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშნით და 7%-ს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ მომართვიანობა.

სახალხო დამცველის წლევანდელ ანგარიშში “საფარის” ერთ-ერთი საქმეც მოხვდა, VIII კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ასახულ მცდარ ინფორმაციას შიდსის და აივ ინფექციის მქონე და წამალდამოკიდებული ადამიანების შესახებ.

უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დცველმა 113 საქმე შეისწავლა, 12 რეკომენდაცია, 4 ზოგადი წინადადება და 6 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება შეიმუშავა.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნა პროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში მომავალი 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.

ანგარიშის ელექტრონული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.