თანასწორობის პოლიტიკა

სექსიზმი და ქალთა უფლებები – მადონას გამოსვლა Billboard-ის დაჯილდოებაზე

წელს, Billboard-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, მადონას „წლის ქალის“ პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. პოპ ლეგენდამ თამამი სიტყვა წარმოთქვა იმ პრობლემებზე, რომელსაც ქალები ცხოვრებაში აწყდებიან.

„თქვენ წინაშე იატაკის ჩვარივით ვარ. ჩემს ქალ არტისტობას ვგულისხმობ. მადლობა, რომ სექსიზმის, დევნისა და შეურაცხყოფების პირობებში ჩემი მუშაობის 34-ლიანი უნარი დააფასეთ“.

მადონამ ღიად ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და მოზარდობის პერიოდზე, როდესაც იგი ნიუ-იორკში პირველად მოხვდა.

„როდესაც ნიუ-იორკში ჩავედი, ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შიდსს ეწირებოდნენ. გეიდ ყოფნა ან გეი საზოგადოებასთან კავშირი სახარბიელო სულაც არ იყო. 1979 წელს ნიუ-იორკი ძალიან საშიში ადგილი გახდა. იქ ყოფნის პირველივე წელს, პისტოლეტის ლულა მომიშვირეს. სახურავზე ისე გამაუპატიურეს, რომ ყელზე დანა მქონდა მიბჯენილი. ჩემი ბინა იმდენჯერ გაუძარცვავთ და გაუტეხავთ, რომ მის დაკეტვაზე ხელიც ავიღე. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, თითქმის ყველა მეგობარი დავკარგე: ზოგი შიდსით გარდაიცვალა, ზოგი ნარკოტიკით, ზოგიც – ტყვიით“.

ამ დაუცველობის პირობებში, მადონა მიხვდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი დაცვა საკუთარი თავის რწმენაა. იგი იხსენებს, როგორ შთააგონებდა დევიდ ბოუის თავისუფალი შეხედულებები. დები ჰარი, კრისტი ჰაინდი და არეთა ფრანკლინი მოსწონდა, მაგრამ დევიდ ბოუი მისთვის ნამდვილი კერპი იყო; იგი ერთდროულად განასახიერებდა როგორც ქალურ, ისე კაცურ საწყისს.

„იგი მაიძულებდა, დამეჯერებინა, რომ წესები არ არსებობს. მაგრამ, მე ვცდებოდი. წესები მაშინ არ არსებობს, თუ კაცი ხარ. თუ ქალი ხარ, უნდა ითამაშო: ლამაზი, თვინიერი და სექსუალური უნდა იყო, ზედმეტად ჭკვიანი კი – არა, და არც საკუთარი აზრი უნდა გაგაჩნდეს. როგორც მინიმუმ, საყოველთაოდ მიღებულ აზრებს არ უნდა შეეწინააღმდეგო. შენთვის ნებადართულია, კაცების სექსუალური ობიექტი იყო, ვულგარულად ჩაიცვა, მაგრამ ამავე დროს, სიამოვნება არ უნდა მიიღო. არავითარ შემთხვევაში, ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუზიარო სამყაროს შენი სექსუალური ფანტაზიები“.

ბოუის და სხვა დიდი შემოქმედების გარდაცვალება მისთვის დიდი ტკივილი იყო. მომღერალმა ისიც გაიხსენა, თუ როგორ გრძნობდა თავს მსოფლიოში ყველაზე საძულველ ადამიანად, როდესაც შონ პენს გაჰყვა ცოლად.

„ადამიანები ამბობენ, რომ შეშლილი ვარ. მაგრამ, მე მგონია, რომ ჩემი სიგიჟეებიდან ყველაზე დიდი ის არის, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მაიკლი, თუფაქი, პრინსი, უიტნი, ემი ვაინჰაუსი, დევიდ ბოუი ცოცხლები აღარ არიან, მე კი ჯერ კიდევ ფეხზე ვდგავარ. ამიტომ, ყველა დამდეგ დღეს ვლოცავ“.

მომღერალმა აგრეთვე იმ უცნაურ სტერეოტიპზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, არც ერთი ფემინისტი სექსუალური არაა: „თუ ფემინისტი ხართ, ე.ი. სექსუალობა არ უნდა გაგაჩნდეთ, იგი უნდა უარყოთ. ამიტომაც, მე ვთქვი: „ჯანდაბას, მე ფემინისტების სხვა სახეობას მივეკუთვნები. ცუდი ფემინისტი ვარ“.

გამოსვლის დასასრულს, მადონამ მსოფლიოს ყველა ქალს მიმართა:

„ქალები იმდენად დიდი ხნის მანძილზე იყვნენ ჩაგრულნი, რომ კაცებს ჰგონიათ, რომ მათ ნაცვლად უნდა ისაუბრონ. კაცებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ისინი არიან საუკეთესო სამუშაოს ღირსნი. კი, ბევრი კარგი კაცი არსებობს, რომლებსაც მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ კაცები არიან, არამედ იმიტომ, რომ ღირსეული ადამიანები არიან. ჩვენ კი, ქალებმა, საკუთარი თავები და ერთმანეთი უნდა დავაფასოთ. ქალებს მოეთხოვებათ, იყვნენ ისეთები, როგორებიც კაცებს მოეწონებათ. მაგრამ, ჩვენ ისეთები უნდა ვიყოთ, რომ სხვა ქალები ჩვენ გვერდით კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ეძიეთ ძლიერი ქალები, იმეგობრეთ მათთან, რათა თქვენც გაძლიერდეთ, რათა ჩვენთან ითანამშრომლოთ, რათა ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ“.

დაჯილდოებაზე მადონა Gucci-ს აბრეშუმის კოსტიუმში გამოვიდა, ყვავილებიანი პრინტით, რომელსაც ზურგზე ბერძნული სიტყვა Euterpe ეწერა, – მუსიკის ქალღმერთის სახელი.