ბლოგები / სექსუალობა

სექსი, შანტაჟი და ვიდეო ქართულ რეალობაში

ლილითის ბლოგი

თინეიჯერობის პერიოდში, საზღვარგარეთ ცხოვრებამ მომიწია. როცა საქართველოში საცხოვრებლად დავბრუნდი, ჩემი ბავშვობის და სიყმაწვილის პერიოდის სოციუმში დაბრუნების დიდი სურვილი ნამდვილად არ მწვავდა, მაგრამ ერთი-ორ ადამიანთან ურთიერთობის აღდგენა მაინც ვცადე.

იმის გამო, რომ პოლიგამი ვარ და სექსის გარეშე ცხოვრებაც დიდად გულზე არ მეხატება, ბუნებრივია, ჩემს სოციალურ ურთიერთობებში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც იმთავითვე სექსუალურ პარტნიორებად ან ერთჯერადი სექსუალური შეხვედრებისთვის შესაბამის პერსონებად მოვიაზრებდი.

საქართველოში ცხოვრებისას, ჩემი დღე და მოსწრება მხოლოდ და მხოლოდ ის მესმოდა, რომ „ქართველი ქალები მხოლოდ ქორწინებას ესწრაფვიან“, რომ „სექსს და ერთჯერად ურთიერთობებს გაურბიან“, რომ „პატიოსან სახელს უფრთხილდებიან და ამის გამო არ ჟიმაობენ“ და ასე გაუთავებლად. ქართველი ბიჭები, ქალებზე საუბრისას, საოცრად სასტიკები და შეუბრალებლები ხდებიან. ეს ტენდენცია იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ საზღვარგარეთ ცხოვრების დროსაც კი დაუსრულებლად ეს მესმოდა – ბავშვობის მეგობრებისგან თუ ნათესავებისგან.

პირადად მე სულ სხვაგვარ ურთიერთობებს მივეჩვიე, მაგრამ საქართველოში დაბადებულსა და გაზრდილს, კაცების ეს მტკივნეული გმინვა მაინც მშობლიურ იავნანად ჩამესმოდა: არც მიკვირდა, არც მწყინდა…

სამშობლოში დაბრუნებულმა, მალე ცხოვრების ჩვეულ რითმში დაბრუნება მოვისურვე – ახალი ნაცნობობა მინდოდა, რომელიც იქნებოდა მრავალფეროვანი და ჩემთვის კომფორტული. კომფორტულობაში იმას ვგულისხმობ, რომ ურთიერთობები ყოველგვარი ზედმეტი მოვალეობებისა და გრძნობების გარეშე უნდა წარმართულიყო – სექსი, გართობა, გართობა, სექსი, და, რაც მთავარია, ხანმოკლე და უპრობლემო ურთიერთობები (სექსუალური პარტნიორები სწორედ ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მჭირდებოდა, ანუ, წესით, ქართველი კაცებისთვის საოცნებო ქალი ვიყავი).

ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე, რამდენიმე „რებელა“ ტიპი მყავდა შეთვალიერებული, რომლებიც ჩემთან ურთიერთობაზე თავადაც სიხარულით წამოვიდნენ. ერთზე გული მოვლილი თმა-წვერის გამო შემივარდა, მეორეზე – ტატუების, მესამეზე – ჩაცმის სტილის და ასე შემოიკრიბა ჩემ გარშემო საკმაოდ საინტერესო კაცები. ჩემი პოლიგამიურობა არასოდეს დამიმალავს და თითოეულ მათგანთან შეხვედრებსაც ისე ვათანხმებდი, რომ არც ერთისთვის ტყუილი არ მითქვამს.

თავიდან ძალიან კარგი იყო, ოთხ ბიჭს ერთმანეთის პარალელურად ვხვდებოდი, მაგრამ ცოტა ხანში, ჩემი ყველა პარტნიორი ლამის ერთდროულად დაიძაბა.

დაიძაბა-მეთქი, ვამბობ, მაგრამ ალბათ, რამე სხვა სიტყვა უნდა მეთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობები ყველასთან გარკვეული მქონდა, ჩემმა რებელებმა… ერთმანეთზე ეჭვიანობა დაიწყეს!

ოთხივეს ერთნაირად აინტერესებდა, ვის როდის ვხვდებოდი, სექსი რამდენჯერ გვქონდა, რამდენ დროს ვუთმობდი თითოეულთან შეხვედრას და სხვა გაცილებით ინტიმური დეტალები.

თავდაპირველად, ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია: ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა და მსგავსი კითხვები ჩემი ევროპელი პარტნიორებისგანაც მსმენია.

მაგრამ, სულ მალე, მათი ხმის ტონში კატეგორიული ნოტები გაჩნდა.

სახტად დავრჩი. ურთიერთობის დასაწყისში, ოთხივე ერთდროულად მიმტკიცებდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან ეკომფორტულებოდათ, რადგან პარალელური ურთიერთობები თავადაც ჰქონდათ და მხოლოდ სექსისა და დადებითი ემოციების მისაღებად ჩემთან შეხვედრები საოცრად მოსწონდათ.

მაგრამ ახლა, სურათი მთლიანად შეიცვალა. ერთ დღეს, ნამდვილად არ ვიცოდი, მეცინა თუ მეტირა, როცა ოთხივემ ლამის სინქრონში შემომთავაზა „ურთიერთობების უფრო სერიოზულ ფაზაზე გადაყვანა“ და სხვა პარტნიორებთან დაშორება.

ერთ-ერთი ყველაზე ყოჩაღი მაინც სანდრო აღმოჩნდა, ჩემი წითური მაჩო, რომელიც გულგრილს არც ერთ გოგოს არ ტოვებდა. სანდრომ ჩვენი პოლიგამიური ურთიერთობის მონოგამიურად ქცევის იმდენად შოკში ჩამგდები ხერხი მოიფიქრა, რომ ამის გახსენებაზე ახლაც მბურძგლავს.

ერთ მშვენიერ დღეს, კუნილინგუსის უმაღლესი მასტერკლასის შემდეგ, საწოლზე გათანგულს, ფოტოები გადამიღო. ჰო, ასე, უცებ საიდანღაც გააძრო კამერა და მილიონი ფოტო გადამიღო მანამ, სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდი.

აზრზე კი, კარგა ხნის მანძილზე ვერ მოვედი. წამოვჯექი, თვალებგაფართოებულმა ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი.

ამ ფოტოებს მთელს ქვეყანას მოვდებო, გაბოროტებულმა მიპასუხა, ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.

ახლა კიდევ უფრო დავიბენი. სანდროსთვის არაფერი დამიშავებია, სრულიად ვერ მივხვდი, ჩემი დაშანტაჟება რის გამო გადაწყვიტა. მართალია, ჩემი პირადი ცხოვრება დიდი ტაბუებით არაა შეჭმული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ლოგინში გადათხლაშული ფოტოების გასაჯაროება ჩემთვის სულ ერთი იყო.

საწოლიდან წამოვდექი, ჩაცმა დავიწყე. სანდროსთვის არ შემიხედავს, მაგრამ შევამჩნიე, როგორ ანება თავი ფოტოების გადაღებას და ადგილზე გაშეშდა. ჩანთას დავწვდი, კვასკვასა პომადა ამოვიღე და ტუჩზე აუჩქარებლად გადავისვი. კარისკენ გავემართე. ის იყო, საკეტი გადავატრიალე, სანდრო ხელზე დამწვდა და თავისკენ მიმაბრუნა. ისე მეზიზღებოდა, მისთვის თვალებში შეხედვა არ შემეძლო და განზე გავიხედე.

მუხლებში ჩამივარდა, პატიებას მთხოვდა, ისტერიკა დაეწყო. ფეხები გავითავისუფლე და სახლიდან გასვლა კიდევ ერთხელ ვცადე, მაგრამ სანდრო კიდევ არ მიშვებდა, ტიროდა, კამერიდან ჩემ თვალწინ ამოიღო მეხსიერების ბარათი და გაანადგურა. მიუხედავად ყველაფრისა, მის მიმართ მაინც იგივეს ვგრძნობდი, რასაც მანამდე – ზიზღს და სიბრალულს.

რა თქმა უნდა, სანდრომ ჩემთან ურთიერთობა ვერ შეინარჩუნა. მასთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე, მას შემდეგ იგი აღარც მინახავს.

ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა შანტაჟზე, სექსუალურ თავგადასავლებთან დაკავშირებულ შანტაჟზე. ნეტავ, რამდენ ქალს აშანტაჟებენ საქართველოში ამის გამო? ნეტავ რამდენი ქალის ბედი გადაწყვიტა ამ მუქარებმა?

ჩემს ბავშვობაში, როცა მხედრიონი და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები ქვეყანაში თავისუფლად დათარეშობდნენ, უამრავი გოგონას ისტორია გამიგია, თუ როგორ მიადეს იარაღი შუბლზე და ამ გზით დაითანხმეს სექსზე, შემდეგ კი ეს ამბავი „გაუბაზრეს“. ის გოგონები საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს იმკიდნენ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ყოფილი მხედრიონელები ახლაც ძალაუფლებას ფლობენ, პოლიტიკასა და ბიზნესში არიან მოკალათებულნი, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს უახლოეს ისტორიაში ადამიანების დაშანტაჟების მიზნით გადაღებულ სექსუალური სცენების ამსახველ ათასობით ვიდეოზე.

ყველაზე მძიმე კი ამ ისტორიაში ის არის, რომ ყველას არ შეუძლია სექსუალურ საკითხთან დაკავშირებული შანტაჟისა და მუქარების ჩემნაირად დაიგნორება…