რა უნდა იცოდე დისკრიმინაციაზე / სექსუალური შევიწროება

სექსუალური შევიწროება – როდესაც საჯარო სივრციდან გვაძევებენ

საჯარო სივრცეებში სექსუალური შევიწროება (Street harassment) საზოგადოებრივ ადგილებში უცხო ადამიანებს შორის არასასურველ ურთიერთობას ნიშნავს, რომელიც შევიწროებას დაქვემდებარებული ადამიანის ფაქტობრივი ან ნაგულისხმევი სქესით, სექსუალური ორიენტაციით ან გენდერული თვითგამოხატვით არის განპირობებული. საზოგადოებრივ სივრცეებში შევიწროების მსხვერპლი ამ დროს შესაძლოა გაღიზიანდეს, გაბრაზდეს, თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს ან შეშინდეს. საზოგადოებრივ სივრცეებში შევიწროების პრობლემა მილიონობით ადამიანს აწუხებს, განსაკურებით ქალებს.

ტერმინი „საჯარო სივრცეებში შევიწროება“ მიკაელა დი ლეონარდომ (Micaela di Leonardo) გამოიყენა 1981 წელს თავის სტატიაში “Political Economy of Street Harassment”, სადაც საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებას განსაზღვრავდა, როგორც „მზერის მეშვეობით, სიტყვიერად ან ჟესტების გამოყენებით, საზოგადოებრივ ადგილზე ერთი ან მეტი უცნაური კაცის აკიდებას ერთ ან მეტ ქალზე, როდესაც ქალი სექსუალურ ობიექტადაა მიჩნეული და მას აიძულებენ, ამაზე პასუხი გასცეს“.

საზოგადოებრივ სივრცეებში შევიწროება შესაძლოა მოხდეს ქუჩაში, მაღაზიაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკში ან პლაჟზე. მისი გამოხატვის ფორმები თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში სხვადასხვაა.

საზოგადოებრივ სივრცეებში შევიწროება ადამიანის უფლებათა დარღვევა და გენდერული დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა. ამ დროს, შევიწროებულ მდგომარეობაში მყოფი პირი, განსაკუთრებით ქალი, საზოგადოებრივ ადგილებში თავს ნაკლებად დაცულად გრძნობს და იძულებულია, ეს სივრცეები დატოვოს. საზოგადოებრივ სივრცეებში შევიწროებამ ადამიანს შესაძლოა სერიოზული ემოციური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს. თითოეული ადამიანი იმსახურებს, იმოძრაოს დევნისგან თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში.

საჯარო სივრცეებში შევიწროება საზოგადოებრივ ადგილებში უცხო ადამიანებს შორის არასასურველ ურთიერთქმედებას გულისხმობს, რომლის დროსაც, ერთი ადამიანი მეორეს სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო ავიწროებს და აიძულებს, თავი იგრძნოს გაღიზიანებულად, დამცირებულად ან შეშინებულად. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ფაქტები ხშირად ხდება ქუჩაში, საჯარო სივრცეებში სექსუალური შევიწროება შესაძლოა ხდებოდეს მაღაზიებში, რესტორნებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკვერებში, სპორტულ მოედნებში, პლაჟებზე და სხვ.

საჯარო ადგილებში სექსუალური შევიწროება შესაძლოა შემდეგი ფორმებით გამოიხატოს:

  • მანქანით დასიგნალება ან დასტვენა;
  • „საათში რამდენს იღებ?“, „ლამაზო, მოდი გასიამოვნო“, „მოდი გამახარე“, „ფეხი არაფერს წამოკრა“, „ნამდვილი ნუტელა ხარ!“ – ღირსების შემლახავი მსგავსი ფრაზების უკან მოძახება, რომელსაც ინგლისურად “catcalling”-ს უწოდებენ.
  • ადამიანისთვის სახელის, საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებული მოთხოვნა მაშინ, როდესაც იგი უარზეა.
  • სექსისტური კომენტარები და გაღიმების მოთხოვნა.
  • პოზიტიური „ლამაზი ფეხები გაქვს“ ან ნეგატიური „გასიებულო ძროხა“ შეფასებითი ხასიათის კომენტარები.
  • სექსუალური შინაარსის კომენტარები ან მოთხოვნები;
  • ჰომოფობიური ან ტრანსფობიური შინაარსის კომენტარები;
  • ვულგარული ჟესტები ან ხმის გამოცემა;
  • უკან ადევნება;
  • საჯარო სივრცეში სასქესო ორგანოების გაშიშვლება ან მასტურბირება;
  • სექსუალური ხასიათის თავდასხმა;
  • სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას ან/და შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, ძალადობრივი ან/და მტრული გარემოს შექმნას და კავშირშია სექსუალობასთან.

საჯარო სივრცეში ამგვარი ქმედების შედეგი შეიძლება სექსუალური ძალადობის უმძიმესი ფორმებიც კი იყოს, მაგრამ უფრო ხშირად, სექსუალური შევიწროება მსხვერპლის გრძნობების, ფიქრების და განზრახვის წინააღმდეგ არის მიმართული. მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი შედეგია მსხვერპლის საჯარო სივრცეში მონაწილეობის ფორმის ან/და სიხშირის შეცვლა. ამასთან, თვითონ საჯარო სივრცე სამოქალაქო მონაწილეობისათვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება, რაც ძალადობრივ გარემოს აღვივებს და საჯარო სივრცის დეპოლიტიზაციას და მის კრიმინალურ დისკურსში გადაყვანას უწყობს ხელს.

საჯარო სივრცეებში შევიწროება იმ ადამიანის თანხმობის გარეშე ხდება, ვისაც ავიწროებენ. იგი კონკრეტული ადამიანის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებით ხასიათდება.

თუ უცხო ადამიანებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა არსებობს – კეკლუცობა, თავაზიანი მისალმება და გამოლაპარაკება, ეს სექსუალური შევიწროება არ არის.  სექსუალური შევიწროების ფაქტი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანს, ვისაც ესაუბრებიან ან მიმართავენ, ეს არ სურს.