სექსუალური შევიწროება / სექსუალური ძალადობა

სისხლის სამართლის პირველი ბრალდებები – ვაინშტაინი პოლიციას ჩაბარდა

ჰარვი ვაინშტაინს, რომელიც აქამდე სექსუალურ შევიწროებაში 50-ზე მეტმა ქალმა ამხილა,  გაუპატიურებაში წაუყენეს ბრალი. კონკრეტულად, საუბარია ორი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის გამოყენების რამდენიმე შემთხვევაზე. ერთ-ერთი ქალის ვინაობა არ მჟღავნდება, მეორე მოსარჩელე კი მსახიობი ლუსია ევანსია (Lucia Evans), რომლის განცხადებით, 2004 წელს მას ვაინშტაინმა ორალური სექსი აიძულა.

მას შემდეგ, რაც პარასკევს ეჭვმიტანილი ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა, ამერიკულ მედიაში ინფორმაცია გაჩნდა, რომ მას ბრალს გაუპატიურების ორი ეპიზოდის გამო წაუყენებდნენ. უამრავი სამოქალაქო სარჩელის ფონზე, ეს ვაინშტაინის მიმართ წაყენებული პირველი სისხლის სამართლის ბრალდებაა. თავად ოსკაროსანი პროდიუსერი ყველა ბრალდებას უარყოფს, თუმცა, პოლიციას რომ არ ჩაბარებოდა, მას მაინც დააკავებდნენ.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვაინშტაინი დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს ორი ქალის მიმართ სისხლის სამართლით დასჯადი სექსუალური აქტის, სექსუალური თავდასხმების, გაუპატიურების გამო“.

ხანმოკლე სასამართლო გარჩევის შედეგად, რომლის დროსაც თავად ბრალდებულს კრინტი არ დაუძრავს, პროკურორმა ჯოან ილუციმ (Joan Illuzzi) განაცხადა, რომ ყოფილმა კინომაგნატმა „თავისი სამსახურეობრივი უპირატესობა, ფული და ძალაუფლება ახალგაზრდა ქალებზე სექსუალური იძულებისა და ძალადობის განსახორციელებლად გამოიყენა“.

მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლომ დაადგინა, ბრალდებული 1 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოთი გაეთავისუფლებინა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინის გადაადგილების თვალყურის სადევნებლად, მან ელექტრონული ბრასლეტი უნდა ატაროს.

ნიუ-იორკის პოლიცია განცხადებაში ყველა დაზარალებულს უხდის მადლობას, სიმამაცისა და მომხდარის სასამართლოში გაცხადების გადაწყვეტილების გამო.

ვაინშტაინის მიმართ წაყენებული პირველი ოფიციალური ბრალდებები მხოლოდ გამოძიების შუალედური შედეგია. გამოძიებაში მანჰეტენის პროკურატურა და დიდი ბრიტანეთის პოლიციაცაა ჩართული.

წყარო: bbc.com