სექსუალური ძალადობა / სტატიები / ქალზე ძალადობა

“სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი” – თამარ თანდაშვილის რომანის პრეზენტაცია

გუშინ, მწერალთა სახლში, ფსიქოლოგ თამარ თანდაშვილის რომანის “სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი” პრეზენტაცია გაიმართა.

“სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი” თამარ თანდაშვილის პროფესიული გამოცდილების მხატვრულ პრიზმაში გადატანილი ნარატივების კრებულია, სადაც პატრიარქალური კულტურის მიერ ადამიანების ყოფაში დაწესებული ჩაგვრა სევდიან ამბებად აისახება.

ოჯახში ძალადობა, გაუპატიურებასთან დაკავშირებული პრობლემები, ე.წ. სექსუალური მონობა, ქალის დისკრიმინაციის კულტურულ-სოციალური ნორმები – ის საკითხები იყო, რომელზეც ავტორი აუდიტორიას ესაუბრა.

dsc00776„საქართველოში ქალი და კაცი თანასწორნი არ არიან. ყველა პატრიარქალურ კულტურაში, კაცთან შედარებით, ქალი ნაკლული კატეგორიაა. „ქალიც ადამიანია“, ჰომო საპიენსია, მაგრამ, როგორც პერსონა და ადამიანი, ნაკლული კატეგორიაა, რაღაც აკლია იქამდე, რომ კაცს გაუთანაბრდეს. პატრიარქალურ კულტურაში, ქალის ეს „დანაკლისი“ ყველაფერში აისახება: ოჯახურ სტრუქტურაში, მოვალეობების გადანაწილებაში, ელემენტარულ კომუნიკაციაში, – თუ როგორ უსმენენ ქალს და როგორ უსმენენ კაცს; ერთი ქალი და ორი კაცი თუ შეიკრიბა, იქ ძალიან დიდი შანსია, რომ ქალის არსებობა საერთოდ დაივიწყონ. ქალი ბევრნაირად „ჩამოწერილია“, მაგრამ ამის შემჩნევა რთულია, რადგან ხშირად კულტურა დომინაციის ისეთ დაფარულ, კარგად ჩახლართულ ფორმებს გვთავაზობს, რომ ამის ამოცნობაც კი ძნელია. რატომ? იმიტომ, რომ ამ კულტურაში დაიბადე და გაიზარდე, შენთვის ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივია. ამის პროპაგანდა ბევრნაირად ხდება: ხდებოდა საბჭოთა კავშირში, მანამდეც და ხდება თანამედროვე საქართველოშიც. ის ინსტიტუტი, რომელიც ქალის დაქვემდებარებას აშკარად ქადაგებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა. ეს ხდება დღეს, არანორმალური ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში, რამაც სამყარო თვისებრივად უნდა შეცვალოს. და ამ დროს, ჩვენ იმაზე გვაქვს ლაპარაკი, რომ ქალმა ფეხები არ უნდა დაბანოს კაცს, რომ ქალი „მეორადი“ არსება არაა, რომ ქალმა თვითონ უნდა აირჩიოს, მთელი ცხოვრება ჭურჭლის რეცხვის გარდა არაფერი აკეთოს თუ თეორიული ფიზიკა შეისწავლოს. მხოლოდ გენიტალიების განსხვავებულობის გამო, საუბარია იმაზე, რომ დედამიწის მოსახლეობის ერთ ნაწილს საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება არ აქვს. ეს არის არნახული ასიმეტრია და აცდენა მსოფლიო პროგრესთან“, – თამარ თანდაშვილის თქმით, გენდერული ჩაგვრის ეს ფაქტორები ქალის ცხოვრებაში აუტანელ, ჩაკეტილ რეალობას ქმნის, რომლისგან თავის დაღწევაც, ფაქტიურად, შეუძლებელია. სწორედ ამის გამოა, რომ მსხვერპლი ყოველდღიურ ცხოვრებაში სასტიკი ფიზიკური ძალადობისგან მიღებული ურიცხვი ტრავმის წინაშე მარტოა და ასე გრძელდება მუდმივად.

თამარმა იმ უამრავ შემთხვევაზეც ისაუბრა, რომლის დროსაც, გაუპატიურებისა და სექსუალური მონობის მსხვერპლნი მათ ცხოვრებაში მომხდარი კოშმარების წინაშე სრულიად მარტონი არიან. ისინი სამართლებრივ ან ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ფიქრსაც კი ვერ ბედავენ, მათი ისტორიები სამუდამოდ უთქმელი რჩება, ეს კი მოძალადეს ყოველმრივ გზას უხსნის, მუდმივად და დაუსჯელად იმეოროს თავისი ქმედებები.