თანასწორობის პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ ნიქაბის აკრძალვა ადამიანის უფლებათა დარღვევად არ მიიჩნია

სამშაბათს, 11 ივლისს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ორი სარჩელის თაობაზე გამოიტანა გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ბელგიაში საზოგადოებრივ ადგილებში სახის მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის აკრძალვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას არ არღვევს.

მოსარჩელე სამი მუსლიმი ქალი იყო, რომლებიც ამჟამად ბელგიაში ცხოვრობენ. ისინი საზოგადოებრივ ადგილებში ნიქაბის ტარების აკრძალვას აპროტესტებდნენ, რომელიც ყველაფერს ფარავს, თვალების გარდა. 2008 წელს, ამგვარი აკრძალვა ბელგიის სამ მუნიციპალიტეტში: პეპინსტერში, დიზონსა და ვარვიეში დაწესდა, 2011 წელს კი მთელს ქვეყანაში სავალდებულო გახდა.

სასამართლომ არ დააფიქსირა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-9 (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა.

კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთხსენებული აკრძალვა მოიაზრება, როგორც „ერთობლივი თანაცხოვრების პირობები“, ხოლო დადგენილი შეზღუდვები დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობას წარმოადგენს. ამგვარი სამოსის აკრძალვის ან დაშვების საკითხი თავად საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.

ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც სახის სრულიად დამფარავი ისლამური სამოსის ტარება აკრძალა, საფრანგეთი იყო, სადაც აკრძალვა 2011 წელს შევიდა ძალაში. 2014 წელს, მისი მართლზომიერება კანონიერად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ.

მანამდე, სტრასბურგის სასამართლომ მართებულად ცნო დამსაქმებლის უფლება, დასაქმებულთათვის სამსახურში ჰიჯაბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით.