სექსუალური შევიწროება

ტიპი ჰედრენი ჰიჩკოკის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას იხსენებს

86 წლის მსახიობი ტიპი ჰედრენი (Tippi Hedren) ამტკიცებს, რომ აწ განსვენებული რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი (Alfred Hitchcock) ერთობლივი მუშაობისას, 1960-იან წლებში, მას სექსუალურად ავიწროებდა.

ჰედრენი თავის  მემუარებში წერს, რომ რეჟისორი საკუთარი ლიმუზინის უკანა სავარძელზე მას „თავს დაესხა“ და კოცნას უპირებდა. ქალი ამ მომენტს „საშინელს“ უწოდებს. იგი ამბობს, რომ ამ ინციდენტის შესახებ მას არავისთან კრინტი არ დაუძრავს, რადგან 1960-იანი წლების დასაწყისში ცნებები „სექსუალური შევიწროება“ და „ჯიუტად გადაკიდება“ არ არსებობდა.

„გარდა ამისა, ის ალფრედ ჰიჩკოკი იყო, სტუდია „იუნივერსალის“ სუპერვარსკვლავი, მე კი უბრალოდ იღბლიანი ქერა მოდელი, რომელიც მან ყველასათვის უცნობი გოგონას იმიჯისგან იხსნა. ვის მეტი წონა ჰქონდა სტუდიაში, მე თუ მას?“ – კითხვას სვამს ტიპი ჰედრენი.

ჰედრენი 1963 წელს გადაიღეს ჰიჩკოკის ლეგენდარულ სურათში „ფრინველები“ (The Birds), ხოლო მომდევნო წელს რეჟისორმა იგი ფილმი „მარნის“ (Marnie) გადაღებაზეც მიიწვია.

მსახიობი მოგონებებში ჰიჩკოკთან ოფისში მეორე, მოგვიანებით შემდგარ შეხვედრასაც იხსენებს, როდესაც რეჟისორმა მას „უცებ ხელები შემოაწყო“. ჰედრენი წერს, რომ ამ შეხებას უშუალოდ სექსუალური ხასიათი ჰქონდა. „ეს საშინელება იყო, მე შოკში ჩავვარდი და ენა დამება. რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას ვუწევდი, მით უფრო ხელდებოდა. როცა ვერაფერს გახდა, მუქარა დამიწყო, თითქოს ჩემთვის ეს უარესი რამ იყო, ვიდრე ის, რასაც კონკრეტულ მომენტში მიკეთებდა“.

მას შემდეგ, რაც ჰედრენმა ჰიჩკოკის სექსუალურ შევიწროებას ცივი უარი განუცხადა, სახეზე ალმურმოდებულმა რეჟისორმა მას პირდაპირ თვალებში ჩახედა და უთხრა: „მე შენს კარიერას გავაცამტვერებ!“.

ტიპი ჰედრენი იხსენებს, რომ ამ მომენტიდან მოყოლებული, ჰიჩკოკმა მართლა დაიწყო მისთვის პრობლემების შექმნა: უარი თქვა მისი ოსკარზე ნომინირებაზე, მას სხვა ფილმებში გადაღება აუკრძალა, სანამ რეჟისორთან მოქმედი კონტრაქტი ჰქონდა.

ჰედრენი, მსახიობი მელანი გრიფიტის (Melanie Griffith) დედა, ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰიჩკოკმა შესაძლოა მისი მომავალი კარიერა შეიწირა, მან რეჟისორს საკუთარი ცხოვრების დანგრევის უფლება მაინც არ მისცა.

ბოლოს, მსახიობი აღიარებს, რომ მიუხედავად მის მიმართ ასეთი ცუდი მოპყრობისა, მან ჰიჩკოკის სიკვდილი 1980 წელს ძალიან განიცადა და მის დაკრძალვასაც კი დაესწრო, რითიც ყველა გააკვირვა. ამ დროისთვის, მისთვის ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩენილი, უფრო შორეულ წარსულში, ვიდრე თავად წარმოიდგენდა. ამიტომაც, მან საჭიროდ ჩათვალა აქ მისვლა და ჰიჩთან საბოლოო დამშვიდობება.