თანასწორობის პოლიტიკა

ტოკიოს უნივერსიტეტი გოგონებს შვიდი წლის მანძილზე ბლოკავდა

ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტი რამდენიმე წლის მანძილზე განზრახ უკლებდა გოგონებს მისაღები გამოცდების შედეგებს, რათა ქალი სტუდენტების რიცხვი უნივერსიტეტში ჩარიცხულთა მესამედ ნაწილზე ნაკლები გამოსულიყო.

გამოცემა The Yomiuri Shimbun-ის ინფორმაციით, მსგავსი პრაქტიკა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში 2011 წლიდან დაინერგა, მას შემდეგ, რაც ტესტები წარმატებით უამრავმა ქალმა ჩააბარა. 2010 წლისთვის, გოგონების რიცხვმა უნივერსიტეტში 40% შეადგინა. ამის შემდეგ, სამედიცინო სასწავლებელში ყველანაირი ძალისხმევა გამოიჩინეს საიმისოდ, რომ გოგონა სტუდენტების რიცხვი 30%-ს არ ასცდენოდა.

გამოცემის წყარო აცხადებს, რომ ლექტორები უპირატესობას კაცებს ანიჭებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ქალები დიპლომის აღების შემდეგ ოჯახის სასარგებლოდ სამუშაოზე უარს ამბობენ. დისკრიმინაციის ფაქტზე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ შიდა გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, სიტუაციას შეისწავლის საოლქო პროკურატურაც.

“ორივე გამოძიების შედეგები უკვე ამ თვეში გამოქვეყნდება”, – განაცხადა ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტის პრესმდივანმა ფუმიო აზუმამ (Fumio Azuma).

დასახელებულ ფაქტს სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება მოჰყვა. იმის პარალელურად, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად კიდევ ბევრი ძალისხევაა გასატარებელი, გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი ამბები იაპონიაში ყველა სფეროში ხდება.

წყარო: reuters.com