თანასწორობის პოლიტიკა

ტუნისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ისტორიული კანონი მიიღეს

ტუნისის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას გულისხმობს. კანონი ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევა.

ამჟამად, ოჯახში ძალადობის მხრივ, ტუნისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. კვლევების თანახმად, ქვეყნის ქალების თითქმის ნახევარი, ცხოვრების რომელიმე მომენტში, ძალადობის მსხვერპლია.

ტუნისელი უფლებადამცველი ორგანიზაციები აქტიურად ლობირებდნენ დასახელებული კანონის მიღებას.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კანონი ქვეყანაში პირველი საკანონმდებლო აქტია, რომელიც ოჯახში ძალადობას დანაშაულად აცხადებს. იგი ადგილობრივ ქალებს საშუალებას აძლევს, თავი დაიცვან ქმრებისა და ნათესავების მხრიდან ჩადენილი ძალადობისგან, ასევე, მასში გაწერილია ქალის დაცვა საზოგადოებრივ სივრცეებში შევიწროებისა და ეკონომიკური დისკრიმინაციისგან.

ამნა გელალი (Amna Guellali), Human Rights Watch-ის ტუნისის ოფისის დირექტორი, ახალ კანონს მიესალმება, თუმცა, პრობლემებზეც საუბრობს: “კანონში გათვალისწინებული არაა დროული ფინანსური დახმარება მსხვერპლის ხანგრძლივი საცხოვრისით დაკმაყოფილების საკითხში. მაროკოც განიხილავს ოჯახში ძალადობის კანონის მიღებას, შარშან ალჟირმა მიიღო ქალთა მიმართ ძალადობის კრიმინალიზაციის კანონი, მაგრამ ეს ყველაფერი საჭირო სტანდარტებს ვერ პასუხობს. ვიმედოვნებთ, რომ ტუნისის პრეცედენტი და ახალი კანონი რეგიონში ქალთა ძალადობასთან ბრძოლის რეფორმებს მნიშვნელოვნად წაახალისებს”, – განაცხადა მან.

ტუნისის ქალთა უფლებების საკითხთა მინისტრმა ნაზიჰა ლააბიდიმ ახალ კანონს “პარლამენტის ისტორიული გადაწყვეტილება” უწოდა. ნაზიჰას თქმით, ახალი კანონის თანახმად, ქვეყანაში მკაცრი პასუხი მოეთხოვებათ ქალზე როგორც მორალურად, ასევე სექსუალურად მოძალადეებს. ძალადობის მსხვერპლთათვის, ასევე, გათვალისწინებულია მორალური და ფსიქოლოგიური დახმარება. კანონი ასევე აუქმებს იმ დისკრიმინაციულ მუხლს, რომელიც მოძალადეს სასჯელისგან არიდების საშუალებას მსხვერპლის ცოლად მოყვანის საშუალებით ანიჭებდა.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს დასახელებულ კანონს და მისი ეფექტური განხორციელების მომხრედ რჩება.

ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ტუნისი არაბულ სამყაროში ისედაც ლიდერი იყო: ტუნისის პარლამენტართა 30%-ს ქალები შეადგენენ. ეს ქალთა წარმომადგენლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არაბულ სამყაროში. ჩრდილოაფრიკული ქვეყანა ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.