საფარი

უფლებადამცველების დასაცავად – დუბლინის პლატფორმაზე ბაია პატარაია სიტყვით გამოვიდა

“ფრონტ ლაინ დეფენდერს” (Front Line Defenders) სიტყვასიტყვით წინა ხაზის დამცველებს ნიშნავს. ასე ეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც უფლებადამცველებს იცავს, მთელი მსოფლიო მასშტაბით. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, აღნიშნული ორგანიზაცია კონფერენციას მართავს, რომელიც დუბლინის პლატფორმად იწოდება. კონფერენციაზე იწვევენ ასამდე უფლებადამცველს მთელი მსოფლიოდან. კონფერენციებზე განიხილება ის რისკები და გამოწვევები, რომელსაც უფლებადამცველები თავიანთ საქმიანობაში აწყდებიან.

2017 წელს, 17-19 ოქტომბერს მიმდინარე აღნიშნულ კონფერენციაზე, საქართველოდან “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია მიიწვიეს. კონფერენციის ერთ-ერთ ექსპერტულ პანელზე, რომელიც “გენდერით განპირობებული რისკების შეფასებას და თავიდან აცილებას” მიეძღვნა, “საფარის” ხელმძღვანელი სიტყვით გამოვიდა. მან იმ სპეციფიკურ პრობლემებზე ისაუბრა, რომელსაც ქალი უფლებადამცველები აწყდებიან საქართველოში. მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის იმ ფორმებზე, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან ქალი უფლებადამცველები ყველაზე ხშირად განიცდიან.   

საუბარი შეეხო საქართველოში ზოგადად არასამთავრობო სექტორის მდგომარეობასაც, კერძოდ იმ პრობლემას, რომ მას ხშირად მოიხსენიებენ “გრანტიჭამიად”, “ძირგამომთხრელად” და “უცხო ქვეყნის აგენტად”, რაც პირდაპირ უკავშირდება რუსულ პროპაგანდას საქართველოში. მომხსენებელმა ასევე ხაზი გაუსვა იმ მრავალმხრივ დისკრიმინაციას, რომელსაც განიცდიან ლგბტ, რელიგიური და სხვა უმცირესობების უფლებადამცველი ქალები. საუკეთესო გამოცდილებად მან დაასახელა ქალების გაერთიანება საერთო პრობლემების წინააღმდეგ. პანელზე ისაუბრეს ინტერსექციური მიდგომის აუცილებლობაზე, ვინაიდან გენდერის გარდა, ქალებისთვის ასევე მნიშვნელოვანია კლასობრივი, ეთნიკური, რელიგიური და სხვა მიკუთვნებულობები, რაც ერთობლიობაში მათ ცხოვრებას განსაზღვრავს.

უფლებადამცველების გარდა, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობაზე, ევროკავშირის  სპეციალური წარმომდგენელი ადამიანის უფლებების სფეროში, ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვ.

დღეს, 19 ოქტომბერს, დუბლინში თურქეთის საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია თურქეთში დაკავებულ იმ 10 უფლებადამცველს მიეძღვნება, რომლებსაც თურქეთის მთავრობამ ტერორიზმის ბრალდება წაუყენა.