ფოტოგალერეა

ფოტოკოლაჟი: ქალთა მოძრაობის 25 ნოემბრის აქცია

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა. ქალთა მოძრაობამ საქართველოში ამ დღის აღნიშვნა ტრადიციად აქცია. დღევანდელი აქცია-მსვლელობა პუშკინის სკვერიდან დაიწყო და თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობასთან დასრულდა.

აქცია-პერფორმანსის მონაწილეებს ხელში ჯოხზე წამოცმული კაბები ეჭირათ, რაც სიმბოლურად ძალადობის მსხვერპლი ქალების ჩაკარგულ ხმასა და წართმეულ უფლებებს განასახიერებდა.

2015 წელს, ოჯახური კონფლიქტის გამო 112-ზე 15 910 გამოძახება შევიდა. აქედან, პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო, შემაკავებელი ორდერი კი მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე გასცა. სხვა დანარჩენი გამოძახებები უპასუხოდ დარჩა. გენდერული ნიშნით ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, ქალთა მოძრაობამ აქციაზე მოთხოვნა გააჟღერა, რომლის თანახმადაც, შსს-ში სპეციალური დანაყოფი უნდა შეიქმნას, რომელიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს. “ჩვენი სახელმწიფო ბრმაა გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთა მიმართ, რადგან მას აკლია კომპეტენცია და ნება: დღემდე არც ერთი ფემიციდის/ქალთა მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს არ დაუდგენია გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებს და რომელსაც ექნება შესაფერისი ცოდნა და მანდატი”, – ვკითხულობთ აქციის ანონსის ტექსტში.

აქციის მონაწილეებმა შსს-ს სიტყვით მიმართეს და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ერთად, ტრანსგენდერი ქალების დისკრიმინაციაზე დროული და ეფექტური რეაგირება მოსთხოვეს. აქციის მონაწილეებმა მხეცური ძალადობის შედეგად ორი დღის წინ გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ზიზის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნაც გააჟღერეს.