ბლოგები / ქალზე ძალადობა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ქეთი ფრუიძე

ძალიან ბევრისგან, მათ შორის ჩემი თანატოლებისგან მსმენია, რომ ფემინისტური მოძრაობები სისულელეა, რომ ფემინიზმი ქალებს პრივილეგიებისთვის ჭირდებათ, რომ სქესთა თანასწორობა საკანონმდებლო დონეზე გარანტირებულია და ქალებს არავინ ჩაგრავს სქესის ნიშნით.

სამწუხაროდ, ფაქტები სხვას ამბობენ. ქმრების, ყოფილი ქმრების და შეყვარებულების ხელით კვდებიან ქალები, იმიტომ, რომ არ დაემორჩილნენ მათ, რომ ვერ მოერგნენ იმ სტანდარტებს და სტერეოტიპებს, რაც საზოგადოების მიერ ქალებისთვისაა დადგენილი. მაინც ყველგან ისმის მოსაზრებები, რომ ქალები ზოგიერთ სფეროში გონებრივი შესაძლებლობებით მამაკაცებს ჩამორჩებიან.

მაინც ძალიან ხშირად ხდებიან ქალები სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლნი, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ხასიათის. ისმის კითხვა: – რატომ? საკანონმდებლო დონეზე ხომ ადამიანთა თანასწორობა გარანტირებულია? იცავს თუ არა ქალს კანონი ძალადობისგან?

ფორმალურად კი, ფაქტობრივად ვერ, იმიტომ რომ ძალადობრივ კულტურას ღრმად აქვს ფესვი გადგმული საზოგადოებაში და სანამ მსოფლმხედველობა არ შეიცვლება, ვერანაირი კანონი ვერ დაიცავს ძალადობისგან ვერც ქალებს და ვერც სხვა ჯგუფებს. მაგალითისთვის, ჩემს პირად გამოცდილებაზე მოვყვები.

2011 წელს, მეორე კურსზე ვიყავი, ლეჩხუმიდან ქუთაისში მივდიოდი, ავტობუსით. ჩემს შემდეგ 5 ბიჭი ამოვიდა, და ავტობუსის სულ უკან ადგილზე, ზუსტად ჩემს პირისპირ დასხდნენ ხუთივე. ამ ავტობუსით მინიმუმ 2 საათი უნდა მემგზავრა. დაახლოებით 5 წუთში დაიწყო ჩემი ბულინგი – ე.წ. “მუჟიკური” „ხუმრობები“ და დაცინვა, “ეს პატარა (რატომღაც პატარად ჩამთვალეს 19 წლის ასაკში) გოგო ალბათ უპატრონოა, თორე მარტო არ გამოუშვებდნენ,“ „დიდი ცხვირი აქვს, მაგრამ ღირს მაინც ტელეფონის ნომრის დათრევა“, „აბა პირველი ვინ დაითრევს ამის ნომერს“, „ნეტა სოფლელია?”.

თავიდან ვცდილობდი,  ყურადღება არ მიმექცია, თუმცა მათმა რაოდენობამ და აგდებულმა დამოკიდებულებამ დამთრგუნა. მერე უკვე პირისპირ კომუნიკაციაზე გადმოვიდნენ. მივხვდი, რომ რაც უფრო დავაიგნორებდი, მით უფრო გააგრძელებდნენ ჩემს დამცირებას. იმ წუთში, დედაჩემის სიტყვები გამახსენდა, რომ არავის არ უნდა დაანახო, რომ გეშინია, რომ ძლიერი უნდა იყო. ძალა მოვიკრიბე, მაგრამ ეს მარტივი არ იყო, როდესაც 5 ახალგაზრდა, კუნთმაგარი ბიჭი რაღაც უცნაური, ცხოველური მზერით გიყურებს და თან შენი დამცირება და წყობიდან გამოყვანა უნდა.

როგორც იქნა, გამბედაობა მოვიკრიბე და ხუთივეს, მონაცვლეობით, თვალებში ვუყურებდი 2 საათის განმავლობაში, გამომეტყველებით „მე თქვენი არ მეშინია“. ოთხმა მალევე შეწყვიტა ლაპარაკი და თვალს ვეღარ მისწორებდნენ (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე). ერთმა, ყველაზე თავხედმა, ისევ გააგრძელა ჩემი ბულინგი, რაზეც ირონიული ღიმილით და კომენტარებით ვპასუხობდი. როგორც იქნა, ავტობუსმა ქუთაისში ჩააღწია. ვეცადე, მშვიდად ჩავსულიყავი  და მეჩვენებინა, რომ არ მეშინოდა არც ერთის, რომ არ გავრბოდი. ყველაზე თავხედმა მომაძახა: „ჩვენ კიდევ შევხვდებით, ლამაზო“. მე ვუპასუხე, ეჭვიც არ შეგეპაროს, ოღონდ ისეთ დროს და ისეთ სიტუაციაში, სადაც ამდენ თავხედობას ვერ გაბედავთ-მეთქი.

ჩემი მხრიდან ეს ყველაფერი ბლეფი იყო, თავდაცვის სტრატეგია. სინამდვილეში, შიშისგან მუხლები მიკანკალებდა. სასწრაფოდ ტაქსიში ჩავჯექი და სახლისკენ გავექანე. მთელი გზა მელანდებოდა, რომ მანქანით მომდევდნენ. იმ ღამეს მარტო მომიწია სახლში დარჩენა, ვერაფრით დავიძინე. მეგობარს დავურეკე, რომ ჩემთან დარჩენილიყო. დაახლოებით ერთი კვირა მქონდა საშინელი შიშის შეგრძნება. შემდეგ გამიარა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ამ ამბავს ვიხსენებ, ისევ ისეთი საშინელი შეგრძნება მაქვს, როგორიც მქონდა იმ წუთებში. მსგავსი და უფრო მძაფრი/მძიმე ისტორიები ბევრი გოგოსგან მომისმენია.

საქართველოშიც და მსოფლიოშიც ჯერ კიდევ არის ის სტიგმა, რომ ქალი სუსტი არსებაა და მისი დაჩაგვრა ადვილია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზუსტად იმიტომ ჰქონდათ ჩემი დაჩაგვრის მცდელობა (და გარკვეულწილად დამჩაგრეს კიდეც,  ფსიქოლოგიურად), რომ ერთი შეხედვით სუსტი, “პატარა გოგო” ვიყავი. დარწმუნებული ვარ, ჩემ ადგილას ბიჭი რომ ყოფილიყო, ასე არ მოხდებოდა.

სამწუხაროდ, ბევრ გოგოს არ ზრდიან ძლიერ ადამიანად. ბევრ გოგოს არ შთააგონებენ, არ ზრდიან იმ შეხედულებებით, რომ თავისი თავის ბატონ-პატრონი თვითონ არის. პირიქით, სუსტ და სხვაზე დამოკიდებულ არსებებად ზრდიან, ზრდიან იმისთვის, რომ საბოლოოდ “პატრონს ჩაბარდეს”. ამ ყველაფრის გამო, ქალები უფრო მოწყვლადები არიან, ადვილად ეგუებიან ძალადობას, თავიანთი უფლებების შეზღუდვას, ადვილად ამბობენ უარს თავიანთ სურვილებსა და ოცნებებზე. სწორედ ასეთი აღზრდა  და გარემო არის  ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, გონიერი და შრომისმოყვარე ქალები, უმეტესწილად, ვერ აღწევენ იმდენ კარიერულ წარმატებას, რასაც იმავე მონაცემების მამაკაცი აღწევს.

მეგობრებო, 8 მარტი არ არის ყვავილების და სასიყვარულო წერილების დღე, არც ე.წ. „ქალური ბედნიერების“ დღე. 8 მარტი თანასწორობისათვის, ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების დღეა. იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის!