ბლოგები

ქალთა უფლებების აქტივისტების მარტოობა და სინანული

ავტორი: ნანა ფანცულაია

რატომ არ ვართ ქალები სოლიდარულები და რატომ ვტოვებთ გადამწყვეტ მომენტში მარტო მათ, ვინც ჩვენს სათქმელს ამბობს, ჩვენს გასაკეთებელს აკეთებს, ვინც პირველ დარტყმას თავის თავზე იღებს, ვინც უშიშარია და გვგონია, ყველაფერს გაუძლებს, ვინც ჩანს იმიტომ, რომ ჩვენ უჩინრად არ დავრჩეთ?
ერთი პასუხი არ არსებობს, მხოლოდ ის ვიცით, რომ მარტოობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ხვედრია, გაურღვეველი კედელია, ბარიერია, რომლის დაძლევა უკიდურეს კონცენტრაციას მოითხოვს და ხშირად ადამიანურ ძალას აღემატება, რადგან ისიც ვიცით, რომ სივრცე, რომელიც თავისუფალია, ძალიან ვიწროა და ბევრს ერთად ვერ იტევს, და ამ სივრცის გაფართოებას მარტორქის დიდი რქა სჭირდება, რომელიც არ გვაქვს…
სამაგიეროდ ქალებს გვაქვს სხვადასხვა გამოცდილება, სხვადასხვა ამბავი და ისტორია, სხვადასხვანაირად მძიმე და სევდიანი. ქალთა უფლებების აქტივისტების ამბავიც ცალკე ამბავია, მარტოობის ცალკე სევდიანი ამბავი. ისინი ჩაგვრის და დამცირების სიმძიმეს კიდევ უფრო მძაფრად გრძნობენ, რადგან ბევრი ქალის გამოცდილების გაზიარება და თანაგანცდა „ევალებათ“, რადგან მათ უფრო მეტს ვთხოვთ, ვიდრე საკუთარ თავს და მათგან მუდამ რეაქტიულობას, დღედაღამ ჩვენი უფლებების სადარაჯოზე დგომას მოვითხოვთ, და ამ როლიდან გამოსვლას მათ ვერასოდეს ვაპატიებთ. კი, თეორიულად ვიცით, რომ ისინი დაუფასებლები გვყავს, თეორიულად ვიცით, რომ მათი მადლიერები უნდა ვიყოთ, თეორიულად ვიცით, რომ მათ უნდა ვბაძავდეთ, მაგრამ ეს თეორიული ცოდნები არ კმარა იმისთვის, რომ თავს გამოვუტყდეთ, რამდენად უფრო კომფორტულია ჩვენთვის მათი „თეორიული მხარდაჭერა“, ვიდრე მათ გვერდზე რეალური დგომა და იმ საფრთხის, ცილისწამების და სიძულვილის გაზიარება, რაც მათკენაა მიმართული. და ხანდახან, ცინიკურად იმასაც კი ვფიქრობთ ხოლმე, რომ მათ აქტივიზმი საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად სჭირდებათ, თან რაც უფრო რადიკალურები არიან, მით მეტად… და ჩვენ კი, სანამ ფემინისტებზე მასშტაბური „ნადირობა“ არ გამოცხადდა, ასე ვისხდებით ჩვენს „ნიშებში“ მყუდროდ, საქმიანად და მრავალმნიშვნელოვნად.
და ბოლოს, ჩემი სინანულის მთავარი მიზეზი ყველაზე მეტად ისაა, რომ ქალთა უფლებების აქტივისტებისთვის პროფესიული, საგანმანათლებლო, თუ სხვა შესაძლებლობების შექმნის მაგივრად, მათ ხშირად იძულებულებს ვხდით, ან ემიგრაციაში წავიდნენ, ან თავიანთი ენერგია და უნარი სხვა, ნაკლებად სტრესულ საქმეს მოახმარონ, ანუ უნებლიეთ (არ მინდა ვიფიქრო, რომ შეგნებულად) მათ ვრიყავთ, მათ მარგინალიზებას ვუწყობთ ხელს.
ამაზე ბევრნი უნდა დავფიქრდეთ და ეს სინანული ბევრმა უნდა გავიზიაროთ.