ადრეული ქორწინება / ბლოგები / ოჯახში ძალადობა

ქალთა უფლებები და უსაფრთხოება

ესმა გუმბერიძის ბლოგი

შარშან ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ ერთ–ერთ კონფერენციაში ვმონაწილეობდი თსუ–ში. იქ დაისვა გენიტალური დასახიჩრების კრიმინალიზაციის საკითხი. მე აღვნიშნე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ახლაც შეიძლება, მოერგოს მსგავს ქმედებას. მცირეწლოვანი ბავშვისთვის მსგავსი მანიპულაციის ჩატარება იმ პირობებში, როცა მას არ შეუძლია, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ინფორმირებული თანხმობა განაცხადოს, არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რადგან ის იწვევს კონკრეტული ორგანოს ფუნქციისა და უნარის შეუქცევად მოშლას. იგივე ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად 16 წლამდე არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება, თუნდაც მისი თანხმობით, გამოცხადებულია დანაშაულად და შესაბამისად, დაწესებულია სასჯელი. რატომ არის, რომ ამდენი გათხოვება ხდება 16 წლამდე ასაკის გოგონების, რატომ არც ერთთან მიმართებაში არ დაისაჯნენ ამ საპატარძლოების სრულწლოვანი საქმროები, ანდაც ის ოჯახის წევრები და ნათესავები, რომლებიც ამ ქორწინებას ხელს უწყობდნენ? ან იგივე გენიტალური დასახიჩრების შემთხვევაში, მშობლებს რატომ  არ აგებინეს რამე ფორმით მაინც პასუხი? ისინი ხომ აუცილებლად ჩართულები იყვნენ ამ პროცესში?

აშშ–ში თურმე ასეთი შემთხვევა იყო: 2 არაბი მამაკაცი მეგობრობდა. ერთს ჰყავდა 2 შვილი გოგონა,15–16 წლისები. იმ მეორე კაცისადმი ნდობა ჰქონდა მამას, მოეწონა სასიძოდ და ბარემ ორივე და მას მიათხოვა. სოციალურმა სამსახურებმა რომ გაიგეს ეს ამბავი, სამართალდამცავებს გადასცეს საქმე გამოსაძიებლად. ჰოდა, სიძეც და სიმამრიც, სისხლის სამართლებრივად დაისაჯნენ, ამერიკული კანონმდებლობის თანახმად. რატომ არ შეიძლება, ჩვენც ავამუშავოთ ჩვენი კანონმდებლობა ამ გოგონების დასაცავად?

ამაზე მიპასუხეს, რომ ჩვენს კანონმდებლობაზე თვალის დახუჭვა ხდება იმ კონკრეტულ რეგიონებში არეულობისა და წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად, სადაც მსგავსი პრაქტიკებია გაბატონებული.

მეორე მხრივ, მსგავს ქმედებებზე რეაგირების არარსებობით ჩვენ ხელს ვუწყობთ იქ იმ ცნობიერების კონსერვაციას და ასევე რადიკალიზაციასაც კი, რამაც მომავალში შესაძლოა, ზოგადად ჩვენს სახელმწიფო წესრიგსა და წყობასაც შეუქმნას საფრთხე. ადამიანის უფლებების დაცვა ზოგჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვასაც ნიშნავს. მათთვის კი, ვისაც მიაჩნია, რომ იძულების წესით, თუნდაც ის კანონის საფუძველზე ხდებოდეს, შეუძლებელია ცნობიერების შეცვლა, ვიტყოდი, რომ მაგალითად, მანქანაში ღვედის გაკეთება სწორედ ჯარიმების შიშმა დაამკვიდრა. არავითარმა ცნობიერების კამპანიებმა არ უშველა, საერთო სურათი ვერ შეიცვალა, სანამ ღვედის არარსებობის გამო დაჯარიმება არ დაიწყეს.

რა არის გოგონას უფლებების დაცვის უფრო რეალისტური გზა: თუ მისი ოჯახი, მოერიდება რა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა (თუნდაც ჯარიმის, ან საპროცესო შეთანხმების) არ გაათხოვებს ამ გოგონას 16 წლამდე მაინც და ამით გოგონა ქმრის ძალადობისგან მაინც დაცული აღმოჩნდება ბავშვობაში მაინც, სანამ ცოტას წამოიზრდება და მოძლიერდება, თუ ის, რომ 14 წლის გოგონა, 40 წლის კაცზე გათხოვების შემდეგ, სამართალდამცავებს მიმართავს, თუ ქმარი მას ცემას დაუწყებს? პირველ შემთხვევაში ის, რომ სახელმწიფო დაუშლის გოგონას ოჯახს მის გათხოვებას, გოგონას ეს ვერ დაბრალდება. თუკი გათხოვილი გოგონა ცემისგან დასაცავად დარეკავს პოლიციაში, ეს ცალსახად მას დაბრალდება იმ თემში. შესაბამისად, ამის გაკეთება უფრო გაუჭირდება, მსგავსი ნაბიჯის გასაკეთებლად ის უნდა იყოს უფრო გაძლიერებული, უფრო ზრდასრულიც ასაკობრივად, როგორც მინიმუმ.