სტატიები

ქეთევან ხიდაშელი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ლაურეატია

გუშინ, 29 ნოემბერს, კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემიის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. „ქალთა ფონდი საქართველოში„ – ადგილობრივი ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელსაც წლების მანძილზე ამ კუთხით უამრავი უმნიშვნელოვანესი პროექტი განუხორციელებია, კვლავ თავისი პრინციპების ერთგულია; ამჯერად, მისი რჩეული არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები – რეგიონის განვითარებისათვის” ხელმძღვანელი ქეთევან ხიდაშელი გახდა.

2008 წელს, ქეთევან ხიდაშელმა სოფელ დვაბზუში შექმნა საინიციატივო ჯგუფი „დვაბზუს ქალთა ცენტრი“, 2010 წელს კი – ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“. წლების მანძილზე, ქეთევანი საზოგადოებაში მარგინალიზებული, ძალადობის მსხვერპლი და მოწყვლადი ქალების გაძლიერებისთვის იღვწის. გარდა ამისა, მისი ორგანიზაცია “ქალები – რეგიონის განვითარებისათვის”, ქალთა გაძლიერების კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მუშაობს რეგიონში მცხოვრებ ქალებთან და აქტიურადაა ჩართული ცნობიერების ამაღლების პროცესში.

კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემიის გადაცემის ცერემონიალი წელს მეხუთედ ჩატარდა. 2013 წელს პრემიის ლაურეატი ეკა აღდგომელაშვილი გახდა, 2014 წელს – მარინა თაბუკაშვილი, 2015 წელს – ლია უკლება, 2016-ში კი – ეკატერინა სხილაძე, რომელმაც გუშინ წლევანდელ გამარჯვებულს პრემია გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ფონდმა საქართველოში „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ 2013 წელს დააწესა, რომელიც ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გაიცემა. მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ცნობილი ქართველი ფემინისტი აქტივისტისა და პუბლიცისტის, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის კატო მიქელაძის სახელობის პრემია ყოველწლიურად საქართველოში მოღვაწე ერთ ქალს გადაეცემა, რომლის საქმიანობაც ქალთა უფლებების დაცვას უკავშირდება. პრემიის საპრიზო თანხა 1,500 ევროს შეადგენს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და ჰოლანდიური ფონდი Mama Cash.