თანასწორობის პოლიტიკა

“ყველანი ყალბები ხართ!” – FEMEN-ის ერთ-ერთი დამაარსებელი გარდაცვლილი იპოვეს

მოძრაობა FEMEN-ის ყოფილი თანადამაარსებელი ოკსანა შაჩკო 23 ივლისს თავის ბინაში, პარიზის გარეუბანში, გარდაცვლილი იპოვეს.

მოძრაობა FEMEN-მა სახელი ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში რადიკალური აქციებით გაითქვა, რომელიც ქალის დისკრიმინაციისა და სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

სიცოცხლის ბოლო წლები შაჩკომ საფრანგეთში გაატარა. ჯერჯერობით, სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. მისი წერილი, ერთადერთი ფრაზით: Вы все – фейк (ყველანი ყალბები ხართ!), მისი სიკვდილის შემდეგ იპოვეს.

შაჩკოს ორგანიზაცია FEMEN დატოვებული ჰქონდა. ოკსანა საფრანგეთში ხატვამ გაიტაცა, იგი ანტირელიგიურ “ხატებს” წერდა და გამოფენები ჰქონდა პარიზში, ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში. მისი “ხატები” წარმატებით იყიდებოდა. შარშან, მან საფრანგეთის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა, პირველი კურსიც დახურა. პარიზში პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა.

იმის გათვალისწინებით, რომ შაჩკოს ცხოვრების ბოლო პერიოდი დატვირთული იყო სხვადასხვა საქმიანობით (მუშაობდა მოდელად უკრაინელ დიზაინერებთან, მონაწილეობდა ჩვენებებში, რეკლამებში), – მისი თვითმკვლელობის ამბავი მისი ახლობლებისთვის ძნელი დასაჯერებელია.

https://www.instagram.com/p/BiXLR2Vh2Ts/?utm_source=ig_embed&utm_campaign=embed_loading_state_control

ოკსანა შაჩკო 1987 წელს დაიბადა, ხმელნიცკში. ალექსანდრა შევჩენკოსა და ანა გუზოლთან ერთად, მან მოძრაობა FEMEN 2008 წელს დააარსა. 2013 წელს, მან მონაწილეობა მიიღო აქციაში, რომელიც იტალიის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქზე გაიმართა: მაშინ, აქტივისტებმა სილვიო ბერლუსკონიზე თავდასხმა სცადეს.

2012 წლის მარტში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს საპოტესტო აქციის გამო, ოკსანა შაჩკო რუსეთიდან გაადეპორტეს.

2013 წელს, მოძრაობის მონაწილეებზე რამდენიმე თავდასხმის შემდეგ, ისინი საფრანგეთში წავიდნენ. შაჩკომ იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

2016 წლის მაისში, პარიზის გალერეა “მანსარში”, მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

2004 წელს, შვეიცარიელმა რეჟისორმა ალენ მარგომ გადაიღო დოკუმენტური ფილმი Je suis Femen (მე ფემენი ვარ), რომელიც ოკსანა შაჩკოს შესახებ მოგვითხრობს.