თანასწორობის პოლიტიკა / სტატიები

შორტები ბიკინის ნაცვლად: დაჯარიმებული ხელბურთელი ქალები

ამერიკელმა ვარსკვლავმა პინკმა განაცხადა, რომ მზადაა, ნორვეგიის პლაჟის ხელბურთელ გოგონათა გუნდის ნაცვლად თავად გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც მათ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გამოეწერათ, რომ თამაშზე თავიანთი კოლეგა კაცების მსგავსად შორტები ჩაიცვეს და არა – ბიკინები.

გასულ კვირას გუნდი 1500 ევროთი დააჯარიმეს პლაჟის ხელბურთში ევროპის ჩემპიონატზე “შეუსაბამო სამოსის” ტარებისთვის.

“მე ძალიან ვამაყობ ნორვეგიელი პლაჟის ხელბურთელი გოგონების გუნდით, რომელმაც ფორმასთან დაკავშირებული სექსისტური წესები გააპროტესტა. ყოჩაღ, გოგონებო, სიამოვნებით გადავიხდი ჯარიმას, ასე განაგრძეთ!”, – წერს თავის ტვიტერზე პინკი.

გუნდმა მომღერალს ინსტაგრამზე მადლობა გადაუხადა და თავისი ფოტო გამოაქცეყნა შორტებში.

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ გუნდი ბულგარეთში ფორმის გამო დააჯარიმა ესპანეთთან შეხვედრის დროს, რადგან მოთამაშეთა შორტები არ შეესაბამებოდა სპორტსმენების ფორმის შესახებ წესებს.

ნორვეგიის ხელბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ჯარიმას გადაიხდიდა, მაგრამ ქვეყნის კულტურისა და სპორტის მინისტრმა აბიდ რაჯამ ამ მოვლენას სრული აბსურდი უწოდა.

ყოფილი ჩემპიონი ჩოგბურთში ბილი ჯინ კინგი ერთ-ერთია, ვინც ყველაზე ადრე შეამჩნია, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში კაცების ნაკრებებისთვის დაშვებულია მხოლოდ შორტებით ასპარეზობა, მაშინ, როდესაც ქალები მოხდილ საცურაო ბიკინებში უნდა გამოვიდნენ.

“ქალი სპორტსმენების სექსუალიზაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს!”, – დაწერა მან ტვიტერზე გასულ კვირას.

ბატას უნივერსიტეტის ხელბურთის კლუბი ამ დაჯარიმებას სრულიად აღმაშფოთებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ბიკინისთან დაკავშირებულ წესებს ამ სფეროთი ქალთა დაინტერესების შეფერხება შეუძლია.

კლუბის თანაკაპიტანი ემა სტეგსი ამბობს, რომ მისთვის უკიდურესად მოუხერხებელი იქნებოდა, ბიკინის ჩაცმა რომ დაევალდებულებინათ.

ნორვეგიის ხელბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კარე გეიტ ლიომ ადრევე ახსნა, თუ რატომ თქვა უარი მისმა ქალთა ნაკრებმა ბიკინიში თამაშზე. იგი ამბობს, რომ პლაჟის გუნდელებს მოსახერხებელ სამოსში ასპარეზობა სურთ. იგი იმედოვნებს, რომ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია ამ საკითხს ორგანიზაციის ყრილობაზე გაიტანს ამა წლის ნოემბერში, და წესები 2022 წლის ზაფხულამდე, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, შეიცვლება.

bbc.com