"საფარის" აქტივობები / ოჯახში ძალადობა

შსს-მ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა

დღეს, 23 იანვარს, „რედისონ ბლუ ივერიაში“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლად შექმნილი დანაყოფის – ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. შს მინისტრის თქმით, ახალი დეპარტამენტი უკვე ეძებს ახალ თანამშრომლებს.

„ჩვენთვის დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ერთი თვის წინ, მთავრობის დამტკიცების დროს, დავდეთ პირობა პარლამენტში, რომ შსს-ს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ დაპირებას და ზუსტად ერთი თვის თავზე წარვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას“, – განაცხადა შს მინისტრმა და დასძინა, რომ დღევანდელ პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლას, შსს-ს რეფორმირებას ფასი არ ექნება.

„ეს არ გამოჩნდება უბრალოდ. იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ პირველი ნაბიჯი სისტემის რეფორმირების დაგვეწყო სწორედ ამ დეპარტამენტის შექმნით. დეპარტამენტს აქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები.

მოგეხსნებათ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული.

აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა და ამ ჭრილში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას იძენს სამართალდამცველების კომპეტენცია და გამოძიების ხარისხი.

ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შემქნილი ეს დეპარტამენტი, ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა და სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად იქმნება ეს დეპარტამენტი, რომლმაც უკვე გამოაცხადა თანამშრომლების მოძიების პროცესი, ეს არის ღია და მასში მონაწიელობის მიღება შეუძლია ყველას“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.

შარშან, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს, “ქალთა მოძრაობის” ინიციატივით, თბილისში, გაიმართა მსვლელობა, დევიზით “ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!”. აქციის მონაწილეებმა მსვლელობის სიმბოლოდ დროშად აღმართული კაბა აირჩიეს, რომელიც ფემიციდის მსხვერპლი ქალების ტრაგიკულ ხვედრს ასახავდა. აქციის მთავარი მოთხოვნაც შსს-ში სპეციალური დანაყოფის შექმნა იყო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას უზრუნველყოფდა. მას შემდეგ, შსს-ში საგანგებო ქვედანაყოფის შექმნის აუცილებლობის საკითხი როგორც ქალთა მოძრაობის, ასევე ქალთა საკითხებზე მომუშავე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის, დღის წესრიგში მუდმივად ფიგურირებს.