ბავშვზე ძალადობა / ქალზე ძალადობა

ჩრდილოეთ კავკასიაში გოგონებს გენიტალიების დამასახიჩრებელი ოპერაციები კვლავ მასობრივად უტარდებათ

პროექტმა „რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა“ მეორე ანგარიში გამოაქვეყნა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში გოგონებისთვის სასქესო ორგანოებზე დამასახიჩრებელი ოპერაციების გაკეთების პრაქტიკების შესახებ. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა ადგილობრივი კაცები, რომელთა ნათესავ ქალებსაც ჩაუტარდათ ან არ ჩატარებიათ დასახელებული ოპერაცია.

დადგინდა, რომ გენიტალიების დამასახიჩრებელი ოპერაციების მსხვერპლი ყოველწლიურად დაახლოებით 1240 გოგონა ხდება, ძირითადად დაღესტნიდან. ყოველდღიურად, ამ ოპერაციას მინიმუმ სამ გოგონას უკეთებენ.

ამგვარი ოპერაციის ჩატარების აუცილებლობაზე აზრთა სხვადასხვაობაა თავად იმამებს შორისაც: „ზოგი იმამი ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკის გაგრძელება აუცილებელია, სხვები კი მას არასაჭიროდ მიიჩნევენ და მასზე უარს აცხადებენ. ისინი ოპერაციებში ვერანაირ აზრს ვერ ხედავენ და გარეგნობისა და სხეულის შეცვლის რელიგიურ აკრძალვაზე დაყრდნობით, მას ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ანგარიშის მთავარი მიზანია ოფიციალური ორგანოებისა და პირების ყურადღების მიპყრობა რეგიონში გავრცელებულ დამასახიჩრებელ ოპერაციებზე, ამ პრაქტიკის ამოძირკვის პროცესების მაქსიმალური ხელშეწყობა და გოგონების დაცვა ნებისმიერი მსგავსი რისკისგან, რომ მომავალში ამ მავნე პრაქტიკის მსხვერპლნი არ გახდნენ“, – აცხადებს „სამართლებრივი ინიციატივის“ იურისტი იულია ანტონოვა (Юлия Антонова).

srji.org