თანასწორობის პოლიტიკა

ამერიკელმა მსახიობებმა ტრამპის შეხედულებებს ფოტოსესიით უპასუხეს

“ახალი წლის მოსვლასთან ერთად, ჩვენ არ გვასვენებს ფიქრები ორ გლობალურ მოვლენაზე: ამ თვის ბოლოს ჩვენი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება, ხოლო მომდევნო თვეში კი ოსკარის მოსაპოვებლად რამდენიმე ყველაზე ნიჭიერი მსახიობი იბრძოლებს“, – მკითხველს ატყობინებს ამერიკული გეი ჟურნალი OUT.

მართლაც, სავარაუდოდ, ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალზე მერილ სტრიპის (Meryl Streep) საჯარო პერფორმანსი ტრამპის კრიტიკის ბოლო საფეხური არ იქნება; თანამედროვეობის ყველაზე ნიჭიერი მსახიობები ხომ ნამდვილად არ განიცდიან ახალარჩეული პრეზიდენტის მიმართ აღტაცებას, და სავარაუდოდ თავიანთ პოზიციას სცენიდანაც გააჟღერებენ.

ამ მოვლენების პარალელურად, პოპულარული გლამურული ჟურნალის W Magazine გასული წლის უკანასკნელი ნომერი ამ რთულ რეალობას სარკესავით აირეკლავს. ფოტოსესიაში Best Performances, ჟურნალმა საკუთარი ფურცლები ფოტოგრაფი კრეიგ მაკდინის (Craig McDean) მიერ აღბეჭდილ მსახიობებს დაუთმო.

ფოტოსესიის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ კანის ფერის, ასაკისა და გენდერული მიკუთვნებულობის მიუხედავად, მისი პერსონაჟები შეყვარებული წყვილებივით გამოიყურებიან.

ერთ ფოტოზე, გეი დრამა „მთვარის შუქის“ (Moonlight) ვარსკვლავი, წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი, შავკანიანი მაჰერშალა ალი (Mahershala Ali), ნიკოლ კიდმანს (Nicole Kidman) ეხვევა, მეორე ფოტოზე ვენეციის კინოფესტივალის ლაურეატი ადამ დრაივერი (Adam Driver) გულში ვიგო მორტენსენს (Viggo Mortensen) იხუტებს. ორი მსახიობი ქალი, ნატალი პორტმანი (Natalie Portman) და რუთ ნეგა (Ruth Negga) – ებრაელი და ეთიოპიელი, სადაცაა ერთურთს აკოცებენ. მათ გარდა, ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღეს: ემა სთოუნმა (Emma Stone), კეისი აფლეკმა (Casey Affleck), ემი ადამსმა (Amy Adams), მეთიუ მაკკონაჰიმ (Matthew McConaughey), მიშელ ვილიამსმა (Michelle Williams), ჯოელ ეჯერტონმა (Joel Edgerton), კრის პაინმა (Chris Pine), ტარაჯი ჰენსონმა (Taraji P. Henson), უორენ ბიტიმ (Warren Beatty), ფელისიტი ჯონსმა (Felicity Jones), მარიონ კოტიიარმა (Marion Cotillard), ჯეფ ბრიჯესმა (Jeff Bridges), დევ პატელმა (Dev Patel), ჰეილი სტენფილდმა (Hailee Steinfeld), ანია ტეილორ-ჯოიმ (Anya Taylor-Joy), მაიკლ შენონმა (Michael Shannon), ენდრიუ გარფილდმა (Andrew Garfield), გრეტა გერვიგმა (Greta Gerwig), ნაომი ჰარისმა (Naomie Harris), ლუკას ჰეჯესმა (Lucas Hedges), დაკოტა ფანინგმა (Dakota Fanning), ალდენ ერენრაიხმა (Alden Ehrenreich), ანეტ ბენინგმა (Annette Bening).

„რიგი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გამო, ქვეყანა ორადაა გახლეჩილი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ნებისმიერი საინფორმაციო პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მუდმივად განვაცხადებთ: ყველაზე მძლავრი პროტესტი სიყვარულია!“, – ვკითხულობთ OUT-ის კომენტარში ფოტოსესიის შესახებ.