ოჯახში ძალადობა / რა უნდა იცოდე ძალადობაზე

წინასწარგანწყობები და რეალობა: მითები ოჯახში ძალადობაზე

Aggressive man attacking woman --- Image by © 3photo/Corbis

ჩვენს საზოგადოებაში, ოჯახში ძალადობის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება და გაგებები არსებობს. გავრცელებული მოსაზრებით, როდესაც ქუჩაში ორი ადამიანი ჩხუბობს, ეს ხულიგნობაა, სისხლის სამართლის დანაშაული, ხოლო თუ იგივე ოჯახში ხდება, – ეს უკვე ოჯახის საქმეა. არსებობს უამრავი ხალხური ანდაზა და გამოთქმა, რომელიც ამ მოვლენას ამართლებს და თავისებურ ახსნას უძებნის: „ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო“, „შვილი მტრად გამოზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო“, „სცემს – ესე იგი უყვარს“, „შიში შეიქმს სიყვარულსა“ (რუსთაველი) და ა.შ. ოჯახში ძალადობისგან დაზარალებულს საზოგადოებაში წინასწარგანწყობებით ეკიდებიან, მას ძალადობის პროვოკაციაში ადანაშაულებენ და ამ თემაზე ხმის ამოღების გამო კიცხავენ: („შენ თვითონ ხარ დამნაშავე და შენ თვითონ უშველე შენს თავს!“).

ამ მიდგომით, ოჯახში ძალადობა დანაშაული არაა. შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებს ამ საქმეში ჩასარევად არაფერი ესაქმებათ. სინამდვილეში, ამგვარად მოაზროვნე ადამიანები რეალობას ამ პრობლემის ირგვლივ შექმნილი მითების პრიზმიდან ხედავენ. წინასწარგანწყობა და მითი უამრავია, ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე შევჩერდებით.

მითები ოჯახში ძალადობაზე

მითი პირველი: თანამედროვე სამყაროში ოჯახში ძალადობა არ არსებობს.

ფაქტი: ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ფემიციდის შემთხვევების რიცხვმა ფატალური სახე მიიღო. სახალხო დამცველის ქალთა უფლებრივი მდგომარეობისადმი მიძღვნილ 2015 წლის ანგარიშში ნათქვამია: „ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობათა რაოდენობრივი მაჩვენებლების შეჯამებით გამოიკვეთა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე“ („ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2015). ჩვენ გვერდით, ქალებს ახლაც კლავენ, ასახიჩრებენ, აშანტაჟებენ, ემუქრებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები არიან. თანამედროვე სამყაროში, ოჯახში ძალადობის თემა ერთ-ერთი ყველაზე დახურული პრობლემაა: სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები აღიარებენ, რომ მას წამყვანი პოზიცია უკავია იმ დანაშაულთა შორის, რომლის შესახებაც ინფორმაცია სამართალდამცავებამდე პრაქტიკულად არ მიდის. გარდა ამისა, ცალკე პრობლემაა საქართველოში სამართალდამცავთა არარელევანტური და პასიური ქმედება ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისას.

მითი მეორე: ქალი თავად „იწვევს“ ძალადობას და იმსახურებს მას.

ფაქტი: სამწუხაროდ, ეს მოსაზრება ჩვენში ძალზე გავრცელებულია და პატრიარქალური ჩაგვრის ილუსტრაციას წარმოადგენს. ბევრი სრულიად ცივილიზებული ადამიანი რატომღაც ამყარებს სტერეოტიპს, რომ ქალი კაცის საკუთრებაა, და მას „კეთილი ბატონი“ საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა მოექცეს. ჩვენ უბრალოდ გვავიწყდება ის გარემოება, რომ თანამედროვე სამართლებრივი და მორალური ნორმებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის დამცირება და ფიზიკური დაკნინება. ამ შემთხვევაში, კულტურული სტერეოტიპები მოძალადის მორალურ „გამართლებას“ ეწევა.

ეს ფართოდ გავრცელებული მითი იმაზე მეტყველებს, რომ ქალზე ძალადობის პრობლემა სოციალური წარმომავლობისაა: იგი ფესვგადგმულია ადამიანებისთვის ბავშვობიდანვე თავსმოხვეულ გენდერულ სტერეოტიპებში. „ძალადობის პროვოცირების გამოწვევა“ იმას ნიშნავს, რომ ქალი რომ სხვაგვარად მოქცეულიყო, ანუ სრულიად დამორჩილებოდა პარტნიორის ახირებებს და ყველა მისი სურვილი უდრტვინველად შეესრულებინა, მისი დასჯა „საჭირო“ აღარ იქნებოდა. ამ მოსაზრების თანახმად, საკმარისია, ქალმა „ავი ზნე“ შეიცვალოს, და ოჯახში ძალადობის პრობლემა აღარ იარსებებს. კვლავ ისე გამოდის, რომ ძალადობაზე პასუხისმგებლობას საზოგადოება მსხვერპლს ჰკიდებს.

სინამდვილეში, ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა: მოძალადე ყოველთვის მოძებნის ჩხუბისა და უკმაყოფილების საბაბს. შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც რეაქციის ძალადობრივ ფორმას ირჩევს. ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლებში საუბარია იმის შესახებ, რომ დასჯას, წამებასა და დამცირებას არავინ იმსახურებს.

სამწუხაროდ, მითი მსხვერპლის „დამნაშავეობის“ შესახებ ძალზე გავრცელებულია და ღრმა ფესვებიც გააჩნია. იგი ეფუძნება იმ წარმოდგენას, რომლის თანახმადაც, კაცი ოჯახის უფროსია და კანონი მის მხარესაა, ამიტომაც, მას ქალის „დასჯა“ შეუძლია. თუ ადამიანი ამ მითს იზიარებს, ე. ი. იგი იზიარებს იმ მოსაზრებასაც, რომ გარკვეულ მომენტებში კაცს უფლება აქვს, ძალადობას მიმართოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი მას „პროვოკაციაზე იწვევს“. ეს მითი რამდენიმე წინასწარგანწყობას ეფუძნება:

  • ძალადობა – რაღაცის მიმართ რეაქციაა;
  • ურთიერთობების სახეს სწორედ კაცი აწესებს;
  • თუ რამე ისე არ ხდება, როგორც კაცი გადაწყვეტს, მას ძალადობის უფლება აქვს.

ასე რომ, ოჯახში ძალადობის შემთხვევების კომენტირებისას სიტყვა „პროვოკაციის“ ნებისმიერ კონტექსტში გამოყენება იმას ნიშნავს, რომ დამნაშავეა ქალი, კაცს კი ყოველგვარი პასუხისმგებლობა ეხსნება, მაშინ, როდესაც საქმე სხვა დანაშაულებს ეხება, თავში არავის მოუვა აზრად მსხვერპლის დადანაშაულება.

მითი მესამე: ქალები მაზოხისტები არიან და ძალადობისგან სიამოვნებას იღებენ.

ფაქტი: შემთხვევები, როდესაც ქალებს ძალადობა სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებთ, არსებობს. მაგრამ ეს მათი ნებაყოფლობითი საქმეა და მკვეთრად განსაზღვრულ დროით ჩარჩოს მოიცავს (ბდსმ სესია). მასში მონაწილეობა თანაბრად უნდა სურდეს ორივე პარტნიორს.

ფაქტი: ძირითადად მიიჩნევა, რომ „იცემებიან მხოლოდ ცემის ღირსი ქალები“, და ისინი ამიტომაც ვერ იღებენ ხმას და ითმენენ ამგვარ ცხოვრებას. ეს მითი გულისხმობს, რომ ქალი სიამოვნებას იღებს საყვარელი კაცის მხრიდან აგრესიისა და ცემის შემთხვევებისგან, და მას რომ უნდოდეს, მოძალადე ქმრისგან კარგა ხნის წასული იქნებოდა. ადამიანები სვამენ კითხვას: „რატომ არ ტოვებს ქალი მოძალადე ქმარს?“. რატომღაც, მოძალადეს არავინ ეკითხება, რატომ სცემს მსხვერპლს?

მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ მიდის ქალი მოძალადისგან, უამრავი შეიძლება იყოს: უცხოებისთვის საკუთარი ისტორიის მოყოლისა რცხვენია, ეშინია, რომ მოძალადე ცემას მოუმატებს, არ გააჩნია წასასვლელი, დამოკიდებულია ეკონომიკურად, ფინანსურად მეგობრების დახმარების იმედი არ აქვს, ემოციურად მიჯაჭვულია პარტნიორზე, ბავშვების წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს და ა.შ. ყველაზე ხშირად, ბევრი მიზეზის ერთობლიობას ვხვდებით, მაგრამ მაზოხიზმი ამ მიზეზებში ნამდვილად არ შედის. ქალის ცხოვრებაში ყველაზე სახიფათო პერიოდი მას შემდეგ დგება, რაც იგი თავისი მწვალებლის დატოვებას გადაწყვეტს. ამ სიტუაციაში, აგრესორი უკიდურესად განრისხებულია, რადგან თავისი „საკუთრების“ დაკარგვისა ეშინია.

ერთი სიტყვით, ქალზე ძალადობად მიიჩნევა ყველა შემთხვევა, რომელიც მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ მის მიმართ ხორციელდება და რომლის დროსაც იგი არანაირ სიამოვნებას არ განიცდის.

მითი მეოთხე: ქალს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოძალადისგან თავის დაღწევა.

ფაქტი: საქართველოში ამჟამად ქალს ყოველთვის როდი შეუძლია, მიატოვოს ქმარი, რომელიც სცემს. ყველაზე ხშირად იგი უბრალოდ ვერავის მიმართავს. ჩვენს საზოგადოებაში ქალი სოციალურად და ეკონომიკურად ძალზე ძლიერადაა მიჯაჭვული თავის პარტნიორზე.

მითი მეხუთე: ძალადობა მხოლოდ შეუმდგარ და პრობლემურ ოჯახებში ხდება.

ფაქტი: ოჯახს, სადაც ძალადობა რეგულარულ პრაქტიკადაა ქცეული, ვერანაირად ვერ უწოდებ წარმატებულს. მაგრამ, სოციალური თვალსაზრისით იგი შესაძლოა სრულიად ნორმალური იყოს: როგორც წესი, ძალადობის მსხვერპლნი ჩინებულად იაზრებენ სიტუაციას და სრულიად ადეკვატურნი არიან გარესამყაროსთან ურთიერთობისას.

ასევე, აქ დიდ როლს არც მატერიალური ფაქტორი თამაშობს: ოჯახში ძალადობის ტენდენცია თანაბრად გვხვდება როგორც ეკონომიკურად შეჭირვებულ, ასევე მატერიალურად ყველანაირად უზრუნველყოფილ ოჯახებში. ამიტომაც, სოციალური პრობლემის მოგვარება ოჯახში ძალადობის პრობლემის გადაწყვეტას თითქმის ვერასოდეს აგვარებს.

მითი მეექვსე: ოჯახში ძალადობა იშვიათი მოვლენაა.

ფაქტი: 2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და სახელმწიფო ცხელი ხაზის მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ სამ თავშესაფარში არსებული მდგომარეობის შეფასებას და სერვისით მოსარგებლე პირების საჭიროებების გამოვლენას. ანგარიშის თანახმად, 2013 წელთან შედარებით 2014 წელს 62%–ით მეტი ქალი იქნა მოკლული, მათ შორის 57%–ით მეტი მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევა მოხდა, ხოლო ოჯახში ჩადენილი დანაშაული ქალის მიმართ (მკვლელობა) 53%–ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.

2014 წლის დეკემბრის ბოლოს, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2014 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მკვლელობის შემთხვევებს შორის მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების პროცენტული წილი. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ოჯახური დანაშაულის შემთხვევებს, კერძოდ მკვლელობათა და მკვლელობის მცდელობათა შორის მოძალადე, ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა, წარმოადგენდა მამაკაცი.

მითი მეშვიდე: ოჯახში ძალადობა დანაშაული კი არა, უბრალოდ სკანდალი, ოჯახის საქმეა, რომელშიც არ უნდა ჩავერიოთ.

ფაქტი: ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ბევრ ქვეყანაში, ქალთა უფლებების იურისტები და ადვოკატები აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობას ყველა სახის დანაშაულებს შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. სასჯელი არსებობს დანაშაულების ცალკეულ სახეებზე: სხეულის დაზიანებაზე, დაჟეჟილობაზე, გაუპატიურებაზე და სხვ.

მითი მერვე: ოჯახში ძალადობის მიზეზი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაა.

ფაქტი: ალკოჰოლის გამოყენება საკუთარი ქცევის გაკონტროლების უნარს აქვეითებს, მაგრამ არანაირად არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოძალადე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაც კი, გაუცნობიერებლად მოქმედებს. იგი ნებისმიერ მდგომარეობაში ძალადობის ადგილს და დროს ისე ირჩევს, რომ მისი ქმედება ვერავინ დაინახოს. გარდა ამისა, მოძალადეთა შორის უამრავი კაცია, ვინც საერთოდ არ ეკარება ალკოჰოლს.

მითი მეცხრე: ოჯახში ძალადობა მხოლოდ სოციალურად ხელმოკლე ოჯახებში ხდება.

ფაქტი: ოჯახში ძალადობას სოციალური საზღვრები არ გააჩნია. იგი ყველა სოციალურ ჯგუფში ხდება, განურჩევლად განათლებისა და შემოსავლის ოდენობისა. მოძალადე შეიძლება იყოს მეცნიერიც, ბიზნესმენიც, მდიდარიც და ღარიბიც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მეტი განათლება აქვს მოძალადეს, მით უფრო „მრავალფეროვანია“ მისი ძალადობის სპექტრი.

მითი მეათე: ოჯახის წევრებზე მოძალადე ადამიანები ფსიქიკურად არაჯანსაღნი არიან და ერთნაირად აგრესიულად იქცევიან ყველას წინაშე.

ფაქტი: როგორც წესი, მოძალადეები „ნორმალურად“ ცხოვრობენ, იმ მომენტებს თუ არ ჩავთვლით, როდესაც ისინი ვერ აკონტროლებენ თავიანთი აგრესიული ქმედებების აფეთქებებს. მათი სოციალური სტატუსი შესაძლოა საკმაოდ მაღალი იყოს, მათ შეუძლიათ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობა, აქტიურ სოციალურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობა, წარმატების მიღწევა საკუთარ საქმიანობაში. მათ საკუთარი ქცევის გაკონტროლება კარგად შეუძლიათ და იციან, სად და ვის მიმართ შეიძლება აგრესიული ემოციების გადმონთხევა. ფსიქოპატისგან განსხვავებით, მათ დანაშაულის, სირცხვილისა და სინანულის გრძნობის განცდა შეუძლიათ.

მითი მეთერთმეტე: მოძალადე ვერ იქნება მოყვარული ქმარი ან პარტნიორი.

ფაქტი: მოძალადე „სიყვარულს“ იარაღად იყენებს, რომ ქალი საკუთარი ძალადობრივი ქმედებების ჩარჩოებში შეინარჩუნოს. ეს მტკიცდება ძალადობების ციკლებითაც: ძალადობის ციკლის მესამე სტადიაზე, მათ შეუძლიათ მოყვარული, ყურადღებიანი, კეთილი და დამჯერე როლის თამაშიც. მათ ამის გაკეთება გულწრფელად შეუძლიათ და თვითონაც შესაძლოა სჯეროდეთ, რომ ამგვარი რამ (მათი ძალადობა) აღარასოდეს განმეორდება. მაგრამ, სიტყვა „სიყვარული“ ყველა ადამიანს თავისებურად ესმის. მოძალადე ამ ცნებაში სხვა ადამიანზე ძალაუფლებისა და კონტროლის განხორციელებას გულისხმობს, და ამას მსხვერპლზე ზრუნვით ხსნის. მოძალადეს ცოლი/პარტნიორი უყვარს, როგორც ნივთი, თავისი საკუთრება.

მითი მეთორმეტე: ერთხელ მოძალადე სამუდამოდ იძალადებს.

ფაქტი: ფსიქოლოგიურად შეძენილი ძალადობრივი ქმედების თეორიის თანახმად, მოძალადისთვის არააგრესიული ქცევის შეთვისება შესაძლებელია. ბევრ ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს ოჯახის წევრებზე მოძალადეთათვის შემუშავებული სპეციალური საგანმანათლებლო სისტემები. ამგვარ ფსიქოთერაპიულ ჯგუფთა მიზანი მოძალადისთვის საკუთარი აგრესიული ქცევის რეალური მიზეზების გაცნობიერება, საკუთარი გრძნობების აგრესიის გარეშე გაანალიზება და გამოხატვაა. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ამგვარი ჯგუფებიდან გასული ადამიანების 50% ოჯახში ძალადობას წყვეტს, ხოლო დანარჩენი ადამიანების 25% ამ ჯგუფების მეორეჯერ გავლის შემდეგ წყვეტს აგრესიულ ქმედებებს. ანუ, მოძალადეთა 75% ოჯახში აგრესიულ ქცევას ივიწყებს.

მითი მეცამეტე: ერთხელ მსხვერპლად აღმოჩენილი სამუდამოდ მსხვერპლად რჩება.

ფაქტი: თუ ძალადობის ციკლი შეჩერებულია და ქალი საშიშროებისა და ძალადობისთვის მიუწვდომელ სიტუაციაში იმყოფება, სპეციალისტებთან კონსულტირების შედეგად, მას ცხოვრების ნორმალურ რითმში დაბრუნება შეუძლია. ამგვარი შემთხვევების შემდეგ, ბევრი ქალი ხელმეორედ თხოვდება და ძალადობის გარეშე არსებულ გარემოში ცხოვრობს, სიყვარულისა და მხარდაჭერის ატმოსფეროში. ეს მითი ირიბად ამყარებს მითს, რომლის თანახმადაც ძალადობრივ გარემოზე სრული პასუხისმგებლობა მსხვერპლს ეკისრება.

მითი მეთოთხმეტე: როდესაც დავქორწინდებით, კაცი ძალადობას შეწყვეტს.

ფაქტი: ქალებს ჰგონიათ, რომ დაქორწინების შემდეგ კაცი მათ გაკონტროლებას შეწყვეტს. მათი ვარაუდით, ცოლ-ქმრობის დროს კაცი დამშვიდდება და დაიჯერებს, რომ ცოლს უყვარს – ქორწინება ხომ სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ ძალაუფლება საკმარისი არასოდესაა, და ძალადობის ციკლი დაუსრულებლად გრძელდება.

მითი მეთხუთმეტე: ბავშვებს მამა სჭირდებათ, მაშინაც კი, როდესაც იგი მოძალადეა.

ფაქტი: რასაკვირველია, იდეალურ შემთხვევაში ბავშვებს მამაც სჭირდებათ და დედაც, მაგრამ ოჯახში ძალადობის პირობებში მცხოვრებ ბავშვებს მომატებული შფოთიანობა, გადაღლილობა, ფსიქოსომატური აშლილობები, ღამის კოშმარები, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, ფსიქოლოგიური პრობლემები, აგრესიული ქცევისკენ მიდრეკილება აღენიშნებათ. მშობლებს შორის ძალადობის მოწმე ბავშვებს ხშირად იგივე პრობლემები აწუხებთ – ისინიც ძალადობას ექვემდებარებიან. ამგვარი ბავშვები დედას თვითონ ეხვეწებიან, კავშირი გაწყვიტოს მამასთან, ბებია-ბაბუასთან ან ალტერნატიულ თავშესაფარში ცხოვრებას ამჯობინებენ. ზოგიერთი მათგანი იძულებულია, სახლიდან ქუჩაში გავიდეს, რათა ოჯახში სასტიკ მოპყრობას გაექცეს. ფსიქოლოგების აზრით, ოჯახში ძალადობის პირობებში გაზრდილი ბავშვები ურთიერთობათა ამგვარ მოდელს ქცევის ნორმად აღიქვამენ და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს საკუთარ ოჯახში იმეორებენ. ისინი თავად ხდებიან ან ტირანები, ან ძალადობის მსხვერპლნი. ბიჭების უმეტესობა აგრესორის როლს ირჩევს, გოგონები კი სასტიკ და აგრესიულ კაცებს მიჰყვებიან ცოლად, და ამ ახალ ოჯახებში ძალადობა უფრო სასტიკ და საშიშ ფორმებს იღებს.

მითი მეთექვსმეტე: ოჯახში ძალადობა ახალი მოვლენაა, ეკონომიკური არასტაბილურობისა და სტრესების შედეგი.

ფაქტი: საკუთარი ცოლის ცემის ჩვეულება ისეთივე ძველია, როგორც თავად ქორწინება. ყველაზე ძველ დროში, ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად, ცოლზე ფიზიკურ ძალადობას კანონი ყველანაირად აქეზებდა და ამართლებდა.

მითი მეჩვიდმეტე: ქალსა და კაცს შორის უთანხმოება მუდამ არსებობდა. „საყვარელი ქალი უბრალოდ ქვითინებს, და ამით თავს იწყნარებს“, ამას სერიოზული შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს.

ფაქტი: კამათი და კონფლიქტები ოჯახურ ურთიერთობებში შესაძლოა მართლაც არსებობდეს. კონფლიქტებსა და ძალადობას შორის განსხვავება ისაა, რომ კონფლიქტში არსებობს რეალური მიზეზი, ძალადობის დროს კი – არა. მოძალადე თავის ქმედებას თავის მიერ მოგონილი მიზეზებით ხსნის, თუმცა სინამდვილეში იგი სხვა ადამიანზე საკუთარი ძალაუფლების გავრცელების მიზანს ეყრდნობა. ძალადობის მახასიათებელი ნიშანი მისი ციკლურობა, მომხდარის ინტენსივობა და შედეგების სერიოზულობაა. ძალადობა არის ძალაუფლებისა და კონტროლის საგულდაგულოდ აგებული სისტემა, რომელიც სხვა ადამიანის პიროვნების დათრგუნვაზეა აგებული. ოჯახში ძალადობას დაქვემდებარებული ქალები მუდმივ შიშსა და სტრესში ცხოვრობენ, რაც თვითშეფასების უკიდურეს დაქვეითებასა და სხვადასხვა სახის დაუძლურებაში (თავის ტკივილები, უძილობა, ხერხემლის ტკივილი და ა.შ.) ვლინდება.

მითი მეთვრამეტე: ქალიც ისეთივე მოძალადეა, როგორიც კაცი.

ფაქტი: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები გვამცნობს, რომ კაცები გაცილებით ხშირად არიან მოძალადენი. აშშ-ისა და კანადის სასამართლოს და პოლიციის ანგარიშებზე დაფუძნებული სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევების 90-95%-ში დაზარალებული ქალია. საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული უკანასკნელი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ოჯახური დანაშაულის შემთხვევებს, კერძოდ მკვლელობათა და მკვლელობის მცდელობათა შორის მოძალადეს, ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა, წარმოადგენდა კაცი.

მითი მეცხრამეტე: სილის გაწვნა არასოდესაა სერიოზული მიზეზი.

ფაქტი: ძალადობა შესაძლოა უბრალოდ კრიტიკიდან დაიწყოს, შემდეგ გადავიდეს დამცირებაზე, იზოლაციაზე, შემდეგ სილის გაწვნაზე, და ზოგჯერ მკვლელობაზეც კი. ხშირ შემთხვევაში, სილის გაწვნა სერიოზულ ძალადობად არ აღიქმება, თუმცა სინამდვილეში ხელისგულით სახეში გარტყმა დამცირების აქტია. „ერთი შემოულაწუნა/შემომილაწუნა და რა მოხდა“ ფრაზები აქ სრულიად უადგილოა.

მითი მეოცე: ძალადობაში მცხოვრებ ქალს ნებისმიერ დროს შეუძლია მოძალადის მიტოვება.

ფაქტი: იმ საზოგადოებაში, სადაც ქალისთვის სოციალურ-კულტურული თვალსაზრისით გაწერილია, რომ სიყვარული და ქორწინება მისი საუკეთესო თვითრეალიზაციაა, ხშირად მიიჩნევა, რომ მას მოძალადისგან წამოსვლის უფლება აქვს, თუ მის ოჯახში ძალადობა სერიოზულ სახეს იღებს. სინამდვილეში, რეალურად ქალს ამ გზაზე უამრავი წინაღობა ხვდება. დღემდე, ჩვენი საზოგადოება ქალს ავალდებულებს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ოჯახი, „ოჯახური კერა“. ამის სხვა მიზეზებიც არსებობს: მომხდარის შესახებ უცხო ადამიანებთან საუბრისა რცხვენიათ, არ გააჩნიათ საცხოვრებელი, ეშინიათ, რომ მოძალადე კიდევ უფრო გამძვინვარდება და უფრო მეტჯერ სცემს, ეკონომიკური დამოკიდებულება, იზოლაცია, პარტნიორზე ემოციური მიჯაჭვულობა, ბავშვებზე პასუხისმგებლობა, მათი დაკარგვის შიში, მოძალადის მხრიდან შურისძიების (მათ შორის მკვლელობის) შიში.

მითი ოცდამეერთე: ქორწინებაში არ არსებობს სექსუალური ძალადობა.

ფაქტი: ეს რწმენა გამყარებულია ე.წ. „ცოლ-ქმრული მოვალეობის“ აღსრულების ვალდებულებით: „როცა ცოლად მივყვებოდი, ამის შესახებ ვიცოდი“. ნაწილობრივ, მოძალადე სექსუალურ სიახლოვეზე უარს თავისი ძალაუფლებისა და კონტროლის შერყევად აღიქვამს, რის შემდეგაც სასჯელსაც არ აყოვნებს: ძალის, მუქარებისა ან შანტაჟის მეშვეობით (გაუპატიურება), ქალს აიძულებს მისთვის მიუღებელი ფორმით სექსუალურ კავშირს. შესაძლოა, ეს ქმედება ქალის სექსუალურად დამცირების თანხლებით მიმდინარეობდეს. მოძალადე ამას იმით ამართლებს, რომ „ქალს მოსწონს, იყოს დამცირებული და დაპყრობილი“, და რომ ეს სექსუალური ურთიერთობის ნაირსახეობაა.

მითი ოცდამეორე: ბევრი მოძალადე კაცი იმიგრანტია.

ფაქტი: ძალზე გავრცელებულია შეხედულება, რომ მოძალადე კაცი სხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული. არ არსებობს კვლევა, რომელიც ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამ წარმოდგენას ყურადღება გადააქვს დასავლურ კულტურაში ქალის დამცირების კულტურულ ტრადიციაზე, რომელიც ასახულია პორნოგრაფიაში, კაცების ჟურნალებში, ნაირგვარ რეკლამებში. კულტურა ყოველთვის როდი განაპირობებს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას. მაგრამ ის, რომ იმიგრანტი ქალები ბევრ ასპექტში მეტად ექვემდებარებიან ჩაგვრას, ევროპულ თავშესაფრებში საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. იმიგრანტი ქალების მხარდაჭერის სოციალურ სამსახურებსა და ქსელს გაცილებით ნაკლები რესურსები გააჩნია, ვიდრე ამ მიმართულების სხვა ორგანიზაციებს.

მითი ოცდამესამე: ზოგიერთ ქალს მოძალადე კაცები იზიდავს.

ფაქტი: კვლევები ამ მცდარ წარმოდგენას არ ადასტურებენ. მათი მიხედვით, მოძალადე კაცები ყველა სხვა პარტნიორ ქალთან ერთი და იგივენაირად იქცევიან. ამგვარად, პრობლემა იმაში კი არაა, რომ ქალს „ასეთი“ კაცები იზიდავს, არამედ იმაში, რომ კაცს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. ინცესტის, გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში მსხვერპლის დადანაშაულება ნამდვილი დამნაშავისგან პასუხისმგებლობის მოხსნის და მსხვერპლზე გადატანის გაუმართლებელი მცდელობაა.

მითი ოცდამეოთხე: კაცები სიყვარულს ვერ გამოხატავენ, და ამის გამო ქალები მათზე ძლიერნი არიან.

ფაქტი: ეს მოსაზრება ძალზე გავრცელებულია ჩვენს ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებში, თუმცა არ არსებობს არც ერთი კვლევა, რომელიც ამას დაადასტურებდა. ემოციური სისუსტის ფაქტის განხილვა ძალადობის ახსნის არგუმენტად მოძალადის გამართლების მცდელობაა. ამგვარი სიტუაცია მაშინ ჩნდება, როდესაც ქალი კაცის ძალაუფლებას ეწინააღმდეგება და დამორჩილებაზე უარს აცხადებს. მოძალადე კაცები სინამდვილეში თავის ძალაუფლებას ჩინებულად იყენებენ, და ამგვარ შემთხვევებში მათ სისუსტეებზე საუბარი სრულიად უადგილოა.

მითი ოცდამეხუთე: ქალს ქმრის მიტოვება უნდა და საბაბს იგონებს.

ფაქტი: ყველა ურთიერთობა სიყვარულით იწყება. ქალების უმრავლესობისთვის ფიზიკური ძალადობის პირველი ფაქტი სრული მოულოდნელობაა. ძალადობა ურთიერთობების დასაწყისში კი არ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც დაშორება ადვილია, არამედ გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ურთიერთობები სტაბილური ხდება და კაცი ქალზე გარკვეული გავლენის მოპოვებას ახერხებს. მჭიდრო კავშირი არსებობს ქალზე კონტროლის დამყარებასა და ფიზიკურ ძალადობას შორის. კაცი, რომელიც კონტროლს ამყარებს ქალზე, ქალის ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტებსაც ებრძვის. იგი დესპოტურად მოითხოვს, ქალმა ანგარიშები ჩააბაროს, სად იყო და ვისთან ერთად. კაცი აკრიტიკებს და ლანძღავს ყველაფერს, რასაც ქალი აკეთებს. ეს კრიტიკა მის გარეგნობასაც კი შეეხება. ძალადობა გადაიტანო იმ კაცისგან, რომელიც გიყვარს, ძალზე ტრავმული გამოცდილებაა. ეს არის კაცი, რომელიც მარტო კი არ სცემს ქალს, არამედ ეფერება კიდეც, და ამშვიდებს მაშინ, როდესაც ცუდადაა. ზრუნვასა და ძალადობას შორის არსებული კონტრასტი კაცის მიტოვების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. მეორე მიზეზი, რის გამოც ქალი მოძალადესთან რჩება – ეს საფრთხეა. ქალს უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მისცემს – ძალადობის ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა სწორედ ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილებას მოჰყვება; მოძალადე ხომ თავისი ძალაუფლების შერყევას ასე ადვილად არ შეეგუება.

მითი ოცდამეექვსე: მოძალადეს საკუთარი რისხვის გაკონტროლება არ შეუძლია, მრისხანებისგან იგი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს.

ფაქტი: მრისხანების მდგომარეობაში მყოფი მოძალადეები იშვიათად არიან სპონტანურნი. პირიქით, ისინი შეგნებულად ირჩევენ სიტუაციას, რომელშიც ძალადობის განხორციელება ადვილია: როდესაც ირგვლივ არ არიან მოწმეები (ერთადერთი მოწმეები შესაძლოა შვილები იყვნენ). იგი აკონტროლებს სწორედ მსხვერპლს, და არა მეგობრებს, უფროსს სამსახურში, კოლეგებს. ამგვარად, მას შესანიშნავად შეუძლია თავის გაკონტროლება ძალადობის პროცესშიც. ეს კონტროლი რომ არა, ძალადობისგან დაღუპული ქალების რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა, ვიდრე არის. მოძალადის მიზანია პარტნიორის გაკონტროლება, და ამიტომაც არ კლავს მას.

მითი ოცდამეშვიდე: ძალადობას დაქვემდებარებული ქალები ხშირად არიან ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულნი.

ფაქტი: ასეთი ქალების რიცხვი სრულიად უმნიშვნელოა, მაგრამ ძალადობას დაქვემდებარებული ქალები ნებისმიერ სოციალურ და ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. ალკოჰოლ ნარკოდამოკიდებული ქალები შესაძლოა ხშირად ექვემდებარებიან ძალადობას, მაგრამ ეს ძალადობისგან დაზარალებული ქალების სრულიად მცირე პროცენტია.

მითი ოცდამერვე: ურთიერთობებში ქალსაც შეუძლია ძალადობა, ანუ წყვილი ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს და ეს მოსწონს.

ფაქტი: ქალი პარტნიორის მიმართ არასოდეს ძალადობს, ეს თითქმის ყოველთვის თავდაცვის ან სასოწარკვეთილების მიზნით ხდება. კაცის მხრიდან ქალზე ძალადობას გაცილებით მნიშვნელოვანი ფიზიკური დაზიანებები ახლავს თან, ვიდრე ქალის მხრიდან კაცზე ძალადობას. ძალადობის შემთხვევების შემდეგ, ქალების მიმართვიანობა სამედიცინო დახმარების გაწევის მოთხოვნით გაცილებით ხშირია, ვიდრე პირიქით. გამოძიების შედეგები გვიჩვენებს, რომ ძალადობის სიტუაციებში ქალი ყოველთვის შიშს განიცდის კაცის კონტროლისგან, და იგი ყოველთვის იღებს მძიმე ფიზიკურ დაზიანებებს, დამოუკიდებლად იმისა, პასუხობს თუ არა კაცის ფიზიკურ ძალადობას და ცდილობს თუ არა მისგან რაიმე ფორმით დაცვას.

მითი ოცდამეცხრე: ადრე თუ გვიან, ძალადობა შეწყდება და მოძალადე შეიცვლება.

ფაქტი: ამ გულუბრყვილო რწმენას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. კაცის ნათესავები, მეზობლები, ნაცნობ-მეგობრები მოძალადეს ამართლებენ და ამტკიცებენ, რომ ქალს აქვს გარკვეული სახის პრობლემები და ამიტომაც იგია დამნაშავე იმაში, რომ პერმანენტულად სცემენ. ხშირად, ვრცელდება მოსაზრება, რომ ორივე პარტნიორს თანაბარი ძალისხმევა მოეთხოვება ურთიერთობების შესანარჩუნებლად და დასალაგებლად. მაგრამ, ქალი ვერანაირად ვერ აგებს პასუხს კაცის მიერ ჩადენილ ძალადობაზე. პრობლემა სწორედ კაცის მოქმედებაა და იგი უნდა შეიცვალოს. ბევრი ქალი ასეთ კაცთან დათმენით ცხოვრობს და სწამს, რომ დადგება ის ნანინანატრი დრო, როდესაც მისი ქმარი მასზე ძალადობას შეწყვეტს. სინამდვილეში, ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა მხოლოდ ძალადობისა და ზეწოლის ფორმები შეიცვალოს (მაგ. ფიზიკურიდან ფსიქლოგიურ ტერორზე გადავიდეს) და მეტი არაფერი – მოძალადე კაცი „თავისით“, როგორც წესი, არასოდეს „სწორდება“.

მითი ოცდამეათე: მოძალადეები სხვა კაცებისგან აგრესიული და ნერვული ქცევით გამოირჩევიან.

ფაქტი: კვლევები გვიჩვენებს, რომ მოძალადე კაცები ჩვეულებრივ გარემოში ფაქტობრივად არ განსხვავდებიან არამოძალადე კაცებისგან.

მითი ოცდამეთერთმეტე: საქართველოში ქალზე ძალადობის პრობლემა ხელოვნური აგორებულია და მას რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

ფაქტი: ის, რომ ქართველ კაცებს ქალის და დედის სადღეგრძელოების შესმა განსაკუთრებით უყვართ, აბსოლუტურად არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ქალზე ძალადობის სოციალურ-კულტურული დიდი გამოცდილება არსებობს. საკუთარი დომინაციით გულმოცემული მოძალადე ქმრების მიერ ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ოფიციალური სტატისტიკა სრულიად საგანგაშოა, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებლის გამო, იგი ოდნავ მოახლოებითაც კი ვერ ასახავს ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ სიტუაციას.

მითი ოცდამეთორმეტე: საქართველოში არ არსებობს გენდერული უთანასწორობა.

ფაქტი: სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის შესანიშნავ ილუსტრაციად ქართული რეკლამები გამოგვადგება. ქალის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება თითქმის ყველა რეკლამაში დომინირებს. კაცი კომპიუტერებს, ავტომობილებს, ლუდს, აზარტულ თამაშებს და ზოგადად ქალს მოიხმარს, ქალებისთვის კი სარეკლამო სივრცე მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკას იმეტებს. რეკლამებში ქალების ეს ჰიპერტროფირებული სწრაფვა საოჯახო საქმეების მიმართ, სისუფთავის დაცვის მანიაკალური მოთხოვნილება, თავგანწირული ბრძოლა მიკრობებთან, შეჯიბრი გემრიელი კერძების მომზადებაში, მიმართულია მაყურებლის ტვინში ქალი-დიასახლისის სახე-ხატის შექმნისკენ. ტელევიზიით ჩვენ სილამაზის კონკურსებს ვადევნებთ თვალყურს, სადაც ქალი, ცხენის მაგვარად, ფიზიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით ფასდება, მედია პლანეტის ულამაზესი ქალების ფოტოებს გვთავაზობს (ხშირ შემთხვევაში შიშველი სახით). ოდესმე კაცების სილამაზის კონკურსი გვინახავს? არა! სამაგიეროდ, კაცები ერთურთს სხვა კატეგორიებში ეჯიბრებიან: ფული, ძალაუფლება, სპორტი, ლამაზი ქალების ფლობა, მდიდრული ავტომობილები და სხვ. საზოგადოებაში მყარადაა ფესვგადგმული სტერეოტიპი: კაცის ხელშია ძალა და ძალაუფლება, ხოლო ქალს გავლენის ერთადერთი წყარო აქვს – მისი ფიზიკური სილამაზე. წარმოვიდგინოთ: ქალებით გადაჭედილი დარბაზი. სცენაზე გამოდის კაცი და მაყურებლებს ესალმება: „გამარჯობა! დღეს ყველანი როგორი მშვენიერები, მორთულები და ღიმილიანები ხართ!“. ახლა კი წარმოვიდგინოთ იგივე სიტუაცია, მხოლოდ დარბაზში კაცებით და სცენაზე ქალით. მან რომ იგივე ტექსტით მიმართოს კაცების აუდიტორიას? სამწუხაროდ, ამგვარი ტექსტები მხოლოდ ქალების მიმართ არის მიღებული. ხშირად კაცები თავადაც ვერ აცნობიერებენ, როგორი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სოციალურ-კულტურული მიდგომებია დამკვიდრებული თანამედროვე ყოფაში ქალის მიმართ. ჩვენს საზოგადოებაში ქალის სტატუსი კაცისაზე გაცილებით დაბალია. სადაც ფინანსებია, კაცებიც იქ არიან, სადაც მცირე ხელფასი და „არაპრესტიჟული“ სამუშაოა, ქალების ადგილი იქ არის გამწესებული. საზოგადოებრივ ასპარეზზე ქალის ადგილი არაა. ე.ი. მისი ადგილი ოჯახშია, სამზარეულოში, დამლაგებლისა და მზარეულის რანგში. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ქვეყნიდან წასული ქალები თავიანთი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური საყრდენნი არიან, მათ სოციალურ როლსა და მნიშვნელოვნებას არავინ აღიარებს.

მითი ოცდამეცამეტე: პორნოგრაფია და ქალთა მიმართ ძალადობა სხვადასხვა პრობლემებია.

ფაქტი: პორნოგრაფიული პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები კაცები არიან. პორნოგრაფია ქალებსა და გოგონებზე განხორციელებული ძალადობაა ეროტიკისა და სექსუალობის საფარველქვეშ. ქალთა თავშესაფრების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოძალადე კაცები ხშირად პორნოგრაფიულ მასალებს ქალზე ძალადობის „შთაგონების წყაროდ“ იყენებენ. პორნოგრაფია ქალებს აზიანებს როგორც პირდაპირ (ისინი გამოიყენებიან როგორც პორნოგრაფიული პროდუქციის საწარმოებელი ნივთები), ასევე ირიბად (პორნოგრაფიის გამოყენების შედეგები).

მითი ოცდამეთოთხმეტე: ქალზე ძალადობა არა სოციალური, არამედ ოჯახური პრობლემაა.

ფაქტი: ქალებსა და ბავშვებზე ძალადობა, განსაკუთრებით ფიზიკური, საზოგადოებას მნიშვნელოვან ზარალს აყენებს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად შვეიცარიასა და ნიდერლანდებში, საზოგადოებისთვის ოჯახში ძალადობის პრობლემის მიერ მიყენებული ზარალი აღნუსხეს: სტაციონარში მკურნალობა, სასამართლო პროცესები, ადვოკატთა ხარჯი, ციხე და ა.შ. გაცილებით რთულია ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობის ზიანის გაზომვა.

მითი ოცდამეთხუთმეტე: მიუხედავად იმისა, რომ კაცი უმოწყალოდ სცემს საკუთარ ცოლს, იგი შესანიშნავი მამაა.

ფაქტი: საერთაშორისო კვლევების თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების შვილების 90% ძალადობის მოწმეა. მათ შორის, 40%-დან 70%-მდე ბავშვი საკუთარ თავზე განიცდის ძალადობას, ხოლო ამ ბავშვთა 30% სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

მითი ოცდამეთექვსმეტე: ოჯახში ძალადობა არასერიოზული პრობლემაა; ყველა ოჯახში ხდება კამათი და დაპირისპირება.

ფაქტი: ძალადობა და კამათი აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. სრულიად ნორმალურია, როდესაც ადამიანები კამათობენ და თავიანთი აზრის დაცვას ცდილობენ. მაგრამ ძალადობა არ არის უთანხმოება, ეს არის ფიზიკური, ემოციური, სექსუალური მუქარის გამოყენება ქალის აზრებისა და ემოციების გაკონტროლების მიზნით. როდესაც ურთიერთობებში ძალადობა არსებობს, მასში ადგილი არ აქვს თანასწორ დისკუსიას: ქალს ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის. კაცები ხშირად იყენებენ ტერმინ „კამათს“ ისეთ სიტუაციებში, როდესაც ისინი ქალს საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევენ.