ლგბტქი / ფოტოგალერეა

წლევანდელი 8 მარტი – ტრანსგენდერი ქალების უფლებებისთვის

“ქალთა მოძრაობის” წლევანდელი 8 მარტის აქციის ადრესატი იუსტიციის სამინისტროა, რომლისგანაც აქციის მონაწილეებმა ტრანსგენდერი ქალების პირადობის დამადასტურებელ საბუთებში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურის გამარტივება მოითხოვეს. აქცია 15:00-ზე იწყებოდა, მისი კონტრაქცია კი, ე. წ. “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ” 14:00-ზე ჯერ კიდევ გუშინ დააანონსა. კონტრაქციის მონაწილეების ლოზუნგების თანახმად, ისინი იუსტიციის სახლთან კვლავინდებურად “ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ” ილაშქრებდნენ და ცდილობდნენ, გადაეფარათ და ჩაეშალათ “ქალთა მოძრაობის” აქცია.

ადგილზე უამრავი პოლიციელი იყო მობილიზებული, “ქალთა მოძრაობის” აქციაც დაუბრკოლებლად დაიწყო 15:00-ზე. თუმცა, მცირე ინციდენტის გამო, ბაია პატარაიას მცირე ხნით სიტყვის შეწყვეტამ მოუწია: კონტრაქციიდან ნასროლი კვერცხი აქციის მონაწილეების ფერხთით დაიმსხვრა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კვერცხის მსროლელი პოლიციამ მაშინვე დააკავა.